შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2018 10:26
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „სუპერ ტვ“-იმ (ს/კ 400015201) და შპს „ტვ სარფმა“ (ს/კ 445459423) (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2294-18, 08.05.2017 და №შ-6/2529-18, 23.05.2018) შპს „სუპერ ტვ“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შპს „ტვ სარფზე“ გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შემდეგი პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;
ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;
გ) გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;
ე) შპს „სუპერ ტვ“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 5 აპრილის N213/11 გადაწყვეტილებით, მიეცა თანხმობა შპს “სუპერ ტვ“-ის და შპს “ტვ სარფს“, შპს “სუპერ ტვ“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივების (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია, ტრანზიტული მაუწყებლობისათვის საჭირო აპარატურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სააბონენტო ქსელი და ა.შ) ერთად/მთლიანად შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:
ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „სუპერ ტვ“-ის კომისიის წინაშე არ ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხებოდა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად შპს „ტვ სარფი“ იღებს ვალდებულებას მომსახურება გაუწიოს შპს „სუპერ ტვ“-ის სააბონენტო ბაზას ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშკრულების მოქმედების პერიოდში და იმ სერვისების ფარგლებში, რასაც შპს „სუპერ ტვ“ სთავაზობდა თავის კუთვნილ აბონენტებს.
2018 წლის 31 მაისის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი ლიკა გახარია. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის 93/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „სუპერ ტვ“-ის აღნიშნული ჯარიმა გადახდილი არ ჰქონდა.
შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ კომისიის სხდომაზე წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2649-18), რომლითაც კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდიდა 2018 წლის 22 თებერვლის 93/18 გადაწყვეტილებით დაკისრებულ ჯარიმას - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. სხდომაზე ლიკა გახარიამ დაადასტურა, რომ ზეპირი მოსმენის სხდომამდე შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 31 მაისის №324/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 28 ივნისს 15:00 საათზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს დაევალა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
კომისიის 2018 წლის 28 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი ლიკა გახარია და შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი დავით ძაგანია. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/2822-18, 12.06.2018). დასკვნის თანახმად: შპს „ტვ სარფს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია არ გააჩნია. ვინაიდან შპს „სუპერ ტვ“ და შპს „ტვ სარფი“ არც ერთ სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად არ ფლობენ რადიოსიხშირულ რესურსს, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კონკრეტული დიაპაზონების ჭრილში სიხშირეების განაწილების მაჩვენებლები უცვლელი დარჩება. შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე, შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“-იმ 2018 წლის 22 ივნისს კომისიაში წარმოადგინა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2985-18, 22.06.2018). ვინაიდან სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების დამაბრკოლებელი გარემოება კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად დაასახელა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2018 წლის 5 ივლისი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ის დაევალა 2018 წლის 5 ივლისამდე წარმოედგინა აბონენტების გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის და საოპერაციო აქტივების (მატერიალური აქტივები/ძირითადი საშუალებები) გადაცემასთან დაკავშირებით გამოწერილი ინვოისები/ანგარიშ-ფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტები. აქტივების გადაცემის ტრანზაქცია დოკუმენტურად შემოწმებული და დადასტურებული უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. აღნიშნული აუდიტორული კომპანია რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრის „სდპ“ (საზოგადოებრივი დაინტერესების პირები) აუდიტის უფლებამოსილების მქონე პირთა რეესტრში (www.saras.gov.ge).
კომისიის 2018 წლის 5 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი ლიკა გახარია და შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი დავით ძაგანია. სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“-იმ წარმოადგინა ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია. (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3209-18, 05.07.2018 და №შ-6/3202-18, 05.07.2018). წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაცია დადასტურებულია აუდიტორული კომპანია შპს „ფი ქეი ეფ ჯორჯიას“ მიერ. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2018 წლის 5 ივლისის მდგომარეობით შპს „სუპერ ტვ“-ის კომისიის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება.
სხდომაზე კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შპს „ტვ სარფზე“ გადაპირებისას ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს „ტვ სარფი“ (ს/კ 445459423) და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;
ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;
გ) გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;
ე) შპს „ტვ სარფი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა)
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის და შპს „ტვ სარფისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს „სუპერ ტვ“-სთვის და შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს.
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |