სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 847

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2020 13:08

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2020

სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-2186, 29/10/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და      „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის   N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-2186, 29/10/2020) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე. ხოლო იმავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების  მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.“

„გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს, შპს“ რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.

2020 წლის 16 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი Nშ-20-6/3695. რომლის თანახმად, გამოყოფილი არხებით მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) და „Backhaul”  გადაცემის  ქსელთან  დაშვების  საბითუმო  ბაზრის  შესაბამის  სეგმენტზე სს „საქართველოს რკინიგზა“ არ ეწევა რაიმე კომერციულ საქმიანობას და ორიენტირებულია მხოლოდ შიდა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ასევე წერილის თანახმად, კომპანიას რკინიგზის თავისუფალი რესურსები და შესაბამისად ტექნიკური შესაძლებლობები მომსახურების ამ სეგმენტზე მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიებს არ გააჩნია. კომპანია ითხოვდა შეთანხმებას, რათა 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდარიყო ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების  სახით.  წერილის  თანახმად,  ამ  ინფორმაციის  კომისიაში  წარმოდგენას  სს „საქართველოს რკინიგზა“ კომისიაში შეძლებდა 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის, რომელსაც დართული ექნებოდა აღწერილობითი სახით, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ ნამდვილად არ ეწევა კომერციულ საქმიანობას გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და არ გააჩნია აღნიშნული სეგმენტიდან მიღებული კომერციული შემოსავალი. ამასთანავე აუდირებულ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტიდან მიღებული პირობითი შიდა შემოსავალი და შესაბამისი დანახარჯები, ასევე დატვირთული კაპიტალი გამოყოფილი იქნებოდა ცალკე ცხრილებში.

კომისიამ  დააკმაყოფილა  სს  „საქართველოს  რკინიგზის“  წერილობითი  (Nშ-20-6/3695, 16.07.2020)  მოთხოვნა  და  2020  წლის  30  ივლისს  მიიღო  Nგ-20-22/603  გადაწყვეტილება „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“. ამ გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ 2019 წლის განცალკევებული  აღრიცხვის  ანგარიშის  შესაბამისი  ინფორმაციის  კომისიაში წარმოდგენის ვადა ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ  ანგარიშგებაში  დამატებით  ცხრილების  სახით განისაზღვრა  2020 წლის 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან, კომპანიას აღნიშნულ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია ანგარიშგება, კომისიამ 2020 წლის 7 ოქტომბერს მიმართა წერილით Nგ-20-08/3235, რითიც მოთხოვნილ იქნა ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა კომპანიას უზრუნველეყო 2020 წლის 15 ოქტომბრამდე.

2020 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა წერილი N შ-20-6/5371, სადაც აღნიშნულია, რომ  „სს “საქართველოს რკინიგზის“ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტომ მოამზადა სპეციალური დანიშნულების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში (2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) და გადასცა სს "საქართველოს    რკინიგზის"    კონტრაქტორ სააუდიტო კომპანია  „აუდიტ  ცენტრს" დასამოწმებლად.    კომპანიის    აუდიტორებმა    შეისწავლეს  რა შესაბამისი ანგარიში, განაცხადეს, რომ ვინაიდან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო არ არის ცალკე, საქართველოს რკინიგზიდან იურიდიულად განცალკავებული საწარმო, ამ ანგარიშის დამოწმება მათ არ შეუძლიად, ვინაიდან ამ კატეგორიის საწარმოეების ანგარიშების დამოწმება მათი ლიცენზიით მათ არ შეუძლიად. შესაბამისად ბოლო ეტაპზე აკომპანია აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რომ აქვთ ანგარიში, მაგრამ არ ჰყავთ დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. ამჟამად სს "საქართველოს რკინიგზა" აწარმოებს მოლაპარაკებას  სხვა   აუდიტორულ   კომპანიებთან   რომლებსაც   ხელეწაფება  ასეთი ანგარიშების დამოწმება ხელშეკრულების დადების მიზნით, რაც შესრულდება უახლოეს დღეებში. შესაბამისად,   კომპანა   ითხოვს   აღნიშნულის   გათვალისიწნებას.   წერილს დანართის სახით მოყვა აუდიტორის მიერ დაუმოწმებელი ანგარიშგება.

დამატებით,  2020  წლის  23  ოქტომბერს  და  28  ოქტომბერს,  კომისიაში  შემოვიდა  სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი Nშ-20-6/5462 და Nშ-20-6/5528, სადაც კომპანია ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად დამატებით განმარტავს, რომ აქვთ მომზადებული არააუდირებული ანგარიში (რომელიც წარმოდგენილია კომისიაში) და არ ყავთ ამ ანგარიშის დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. „საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 დეკემბრის #659 დადგენილებით დამტკიცებული სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესაბამისად, დასაშვებია კავშირგაბმულობის სეგმენტში 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით, რის გამოც კომპანიამ მიმართა რიგ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ პირველი კატეგორიის საწარმოთა აუდიტორული მომსახურების ლიცენზიები, რომელთა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა ამ საქმიანობის შესრულებაზე და რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც დასრულდება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, კომპანია ითხოვს ყოველივე ამის და კორონავირუსის გამო გართულებული კომუნიკაციის გათვალისწინებით, აუდიტორული ანგარიშგების წარმოდგენის ვადის  2020 წლის 5 ნოემბრამდე გადაწევას.

სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 12 ნოემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-20-03/3584; 09/11/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით სს „საქართველოს რკინიგზას“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის    სხდომაზე    სს    „საქართველოს    რკინიგზის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. კომისიის შეტყობინება (Nგ-20-03/3584; 09/11/2020) სს „საქართველოს რკინიგზას“    გაეგზავნა,  კომისიისთვის ცნობილ და    მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინების  მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.    კომისიის  აპარატის  სატელეკომუნიკაციო  ბაზრის  რეგულირების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2186, 29/10/2020) თანდართული დოკუმენტაციით.

2. სს „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან   და   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. კომისიის  შეტყობინება (Nგ-20-03/3584;  09/11/2020)  გაგზავნილი  სს  „საქართველოს რკინიგზისთვის“ 2020 წლის 12 ნოებრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე (ვებგვერდე გამოქვეყნების   მბული:https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-ss-saqartvelos-rkinigzas.page).

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს  „საქართველოს  რკინიგზა“  2010  წლის  15  თებერვლიდან  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.  „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით) თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს, შპს“ რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.

მტკიცებულება: „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება   (გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით);

3.   სს  „საქართველოს  რკინიგზის“  კომისიაში  წარმოდგენილი  წერილის  (Nშ-20-6/3695, 16.07.2020) თანახმად, ვინაიდან გამოყოფილი არხებით მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ ეწევა რაიმე კომერციულ საქმიანობას და ორიენტირებულია მხოლოდ შიდა  სატელეკომუნიკაციო  მომსახურებაზე,  ასევე  რკინიგზის  თავისუფალი რესურსები და შესაბამისად ტექნიკური შესაძლებლობები მომსახურების ამ სეგმენტზე მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიებს არ გააჩნია, კომპანიამ ითხოვა შეთანხმება, 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მომხდარიყო ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით. ამ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენისათვის სს „საქართველოს რკინიგზა“ გეგმავდა 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის. კომპანია წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დართული იქნებოდა აღწერილობითი სახით, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ ნამდვილად არ ეწევა კომერციულ საქმიანობას გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და არ გააჩნია აღნიშნული სეგმენტიდან მიღებული კომერციული შემოსავალი. ამასთანავე აუდირებულ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტიდან მიღებული პირობითი შიდა შემოსავალი და შესაბამისი დანახარჯები, ასევე დატვირთული კაპიტალი გამოყოფილი იქნებოდა ცალკე ცხრილებში.

მტკიცებულება: სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3695, 16.07.2020).

4.   კომისიის     2006     წლის     20     აპრილის     №5     დადგენილებით     დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე. ხოლო იმავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების    მიხედვით,    განცალკევებული  აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების   შემთხვევაში,   კომისია უფლებამოსოლია  განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.“

მტკიცებულება:  კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები”

5.   კომისიამ     დააკმაყოფილა სს „საქართველოს   რკინიგზის“ მოთხოვნა და „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 30 ივლისს Nგ-20-22/603 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“    2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით განისაზღვრა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე;

მტკიცებულება:   კომისიის   2020   წლის   30   ივლისის   Nგ-20-22/603   გადაწყვეტილება „განცალკევებული  აღრიცხვის  ანგარიშის  წარმოდგენისათვის  განსხვავებული  ვადების დადგენის თაობაზე“

6. სს „საქართველოს რკინიგზას“ 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია ანგარიშგება. შესაბამისად,  კომისიამ 2020 წლის 7 ოქტომბერის Nგ-20-08/3235 წერილით მიმართა კომანიას და ითხოვა ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე.

მტკიცებულება:  კომისიის წერილი (Nგ-20-08/3235, 07.10.2020) და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. 2020 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა წერილი N შ-20-6/5371, სადაც აღნიშნულია, რომ „სს “საქართველოს  რკინიგზის“ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების  სააგენტომ  მოამზადა სპეციალური დანიშნულების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში (2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) და გადასცა სს "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორ სააუდიტო კომპანია "აუდიტ ცენტრს" დასამოწმებლად. კომპანიის აუდიტორებმა შეისწავლეს რა შესაბამისი ანგარიში,  განაცხადეს, რომ ვინაიდან  საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო არ არის ცალკე, საქართველოს რკინიგზიდან იურიდიულად განცალკავებული საწარმო, ამ ანგარიშის დამოწმება მათ არ შეუძლიად, ვინაიდან ამ კატეგორიის საწარმოეების ანგარიშების დამოწმება მათი ლიცენზიით მათ არ შეუძლიათ. განმარტების თანახმად, კომპანია ბოლო ეტაპზე აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რომ აქვთ ანგარიში, მაგრამ არ ჰყავთ დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად სს "საქართველოს რკინიგზა" აწარმოებს მოლაპარაკებას სხვა აუდიტორულ კომპანიებთან რომლებსაც ხელეწაფება ასეთი ანგარიშების დამოწმება ხელშეკრულების დადების მიზნით, რაც შესრულდება უახლოეს დღეებში. შესაბამისად, კომპანია ითხოვდა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას. წერილს დანართის სახით მოყვა აუდიტორის მიერ დაუმოწმებელი ანგარიშგება.

ასევე,  2020  წლის  23  ოქტომბერს  და  28  ოქტომბერს,  კომისიაში  შემოვიდა  სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5462 და Nშ-20-6/5528), სადაც კომპანია ზემოაღნიშნულ გარემოებებებთან ერთად დამატებით განმარტავს, რომ აქვთ მომზადებული არააუდირებული ანგარიში (რომელიც წარმოდგენილია კომისიაში) და არ ჰყავთ ამ ანგარიშის დამმოწმებელი აუდიტორული კომპანია. „საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 დეკემბრის #659 დადგენილებით დამტკიცებული სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესაბამისად, დასაშვებია კავშირგაბმულობის სეგმენტში 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით, რის გამოც კომპანიამ მიმართა რიგ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ პირველი კატეგორიის საწარმოთა აუდიტორული მომსახურების ლიცენზიები, რომელთა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა ამ საქმიანობის შესრულებაზე და რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც დასრულდება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, კომპანიამ კვლავ ითხოვა ყოველივე ამის  და  კორონავირუსის  გამო  გართულებული  კომუნიკაციის  გათვალისწინებით აუდიტორული ანგარიშგების წარმოდგენის ვადის 2020 წლის 5 ნოემბრამდე გადაწევა.

მტკიცებულება: სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/5371, 16.10.2020; Nშ-20-6/5462, 23.10.2020 და Nშ-20-6/5528, 28.10.2020).

8. 2020 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილბის მიღების მომენტისათვის სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში   ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2186, 29/10/2020).

9. სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45- ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა;

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის  ზ) ქვეპუნქტის    თანახმად,    კომისია    უფლებამოსილია    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.   ამავე   კანონის   44-ე   მუხლის პირველი   პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის  დადგენილებებითა    და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის  შესაბამისად,     უნდა     მოამზადოს     და     კომისიაში     წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში; ამავე დადგენილების მე-14 მუხლლის მე-9 პუქნტის თანახმად, მნიშვნელოვანი  საბაზრო   ძალაუფლების   მქონე  ავტორიზებული  პირის   მიერ,   ამ დადგენილების  მიხედვით,    განცალკევებული    აღრიცხვის  ანგარიშის   პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული     უფლებამოსილება     -     გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2019 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის  N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზას“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2019    წლის    განცალკევებული    აუდირებული    აღრიცხვის    ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 დეკემბრამდე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1.   სს „საქართველოს რკინიგზას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და  „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის    განსხვავებული    ვადების    დადგენის თაობაზე„ კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.   დაევალოს სს „საქართველოს რკინიგზას“ 2019 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის შეთანხმებული ფორმატით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 15 დეკემბრამდე;

3. დაევალოს კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული გადაწყვეტილების სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება;

4.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (თ.   გოშუა)   სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის  შესაბამის  უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს     კომისიის     აპარატის     სატელეკომუნიკაციო     ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები