შპს "ვიონი საქართველოს" ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიების წილის შეძენის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-11 / 492

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2022 15:23

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2022

შპს "ვიონი საქართველოს" ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიების წილის შეძენის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 1 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ (ს/კ 204450584) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3988, 01.11.2022) კომპანიის წილის გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით, კერძოდ, შპს „ვიონი  საქართველოს“  პარტნიორების  წილის 71%-ის მფლობელი  კომპანიის „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ისა (679880, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) და წილის 29%-ის მფლობელი კომპანიის „ინვესტიკო ალიანსე“-ს (1550759, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) 100-100%-იანი წილების შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“-ს (ს/კ 405410372) მიერ ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიასგან შეძენაზე (შემდგომში „ტრანზაქცია“) წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

2022 წლის 1 ნოემბერს N588/22 განცხადებასთან (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3988, 01.11.2022) ერთად განსახილველი დოკუმენტების სახით შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ  კომისიაში  წარმოდგენილი  იყო  კომპანიის    არარეზიდენტი  პარტნიორების  შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” და    შპს „ინვესტიკო ალიანსეს“ სარეგისტრაციო დოკუმენტები და მათი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები ქართულ ენაზე, ტრანზაქციაში მონაწილე წილის შეძენის მსურველი კომპანიის შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“-ს და მისი პარტნიორი იურიდიული პირების ამონაწერები და მათი პარტნიორთა კრების ოქმი, ასევე წარმოდგენილი იყო შპს „ვიონი საქართველოს“ ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას განზრახვის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-22-6/3989,  01.11.2022) შპს  „ვოთერთრაილ  ინდასტრიზის”  და შპს „ინვესტიკო ალიანსე“-ს კაპიტალში 100% წილის გასხვისების თაობაზე და შესაბამისი მინდობილობები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ავტორიზებული პირების ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირების) გამოვლენა და შესწავლა. კერძოდ, არიან თუ არა პირები ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები); ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს თუ არა მეორე პირის საწარმოში; ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მეორე პირი; პირები არიან თუ არა ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ თუ არა მესამე პირს და ა.შ. რაც შეუძლებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

შესაბამისად, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას  უნდა  ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე,   წინააღმდეგ შემთხვევაში, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის  25-ე მუხლის ობიექტური მიზანი - ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით - ვერ იქნება მიღწეული.

შპს „ვიონი საქართველო“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.M.1  ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

GSM LTE

B.F.1    ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

სხვა

B.F.3    მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.M.1   მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.M.2   მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

შპს  „ვიონი  საქართველო“  ფლობს  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის №F5, №F30, №F39, №F59, №F97, №F101 და №F102 ლიცენზიებს.

კომისიის მიერ შპს “ვიონი საქართველო“-ზე გაცემულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის  (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22071331, 08/06/2022 19:01:04), კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებისა და შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი მისი წილის მფლობელების ამონაწერების (მათი ნოტარიულად დამოწმებული თარგმნილი ასლების) თანახმად:

შპს „ვიონი საქართველოს“ პარტნიორები არიან:

-  კომპანიის  წილის  71%-ის  მფლობელი  შპს  „ვოთერთრაილ  ინდასტრიზ“  (ს/კ 679880, ბრიტანეთის ვირჯინიის  კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია);

-  კომპანიის წილის 29%-ის მფლობელი შპს „ინვესტიკო ალიანსე“ (ს/კ 1550759, ბრიტანეთის ვირჯინიის     კუნძულების     კანონმდებლობის     შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია);

კომპანიის გენერალური დირექტორია ლაშა ტაბიძე (პ/ნ 60002012446).

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

-   თამარ გახარია (პ/ნ 01009010759, საქართველო)

-   კობა  ღურწკაია  (პ/ნ  19001001822,  ორმაგი  მოქალაქე:  საქართველო,  რუსეთის ფედერაცია)

-   თემური კობახიძე (პ/ნ 01011055455, საქართველო)

შპს „ვიონი საქართველო“ და მისი წარმომადგენელი გენერალური დირექტორი ლაშა ტაბიძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ისა (ს/კ 679880) და შპს „ინვესტიკო ალიანსე“-ს (ს/კ 1550759)  100%-იანი  წილის  მფლობელი  არის  ფიზიკური  პირი  ხვიჩა  მაქაცარია  (პ/ნ 62005003653).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ვიონი საქართველოს“ საბოლოო ბენეფიციარი ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია არაპირდაპირ ფლობს 100% წილს შპს „ვიონი საქართველოში“.

შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ და შპს „ინვესტიკო ალიანსე“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

რაც შეეხება ხვიჩა მაქაცარიას ურთიერთდამოკიდებულებას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ    სხვა    პირებთან,    უნდა    აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილებით, შპს  ,,კავკასუს  ონლაინი“  ცნობილ  იქნა სამართალდამრღვევად და დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის  უზრუნველყოფა. მოგვიანებით, შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელ კომპანიაში „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51% წილი, კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს სასარგებლოდ გასხვისების შემდეგ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21- 18/291 გადაწყვეტილებით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 20 აგვისტომდე. აღნიშნული დარღვევები დღემდე არ არის აღმოფხვრილი და შპს „კავკასუს ონლაინში“ კომისიის 2020 წლის 1 ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით დანიშნულია სპეციალური მმართველი და შესაბამისად, ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია (პ/ნ 62005003653) არ ახორციელებს შპს „კავკასუს ონლაინის“ ფაქტიურ კონტროლს.

შპს „ვიონი საქართველოს“ სადამფუძნებლო სტრუქტურა (არსებული)

შპს „ვიონი საქართველო“ ახორციელებს მობილური ქსელით მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ის ბაზარზე მოქმედი მობილური ქსელის სამ ოპერატორს შორის მესამე ადგილზეა როგორც შემოსავლების, ისე აბონენტების რაოდენობის კუთხით. მობილური ქსელით საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 183,443,572.00 ლარი დღგ-ს გარეშე (ცხრილი N1), რაც საქართველოში მობილური ქსელით მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 17.26 %-ია.

ცხრილი N1

 

 

კომპანია

2021 იანვარი - 2022 სექტემბერი

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

ბაზრის წილი

მაგთიკომი

509,453,616

47.92%

სილქნეტი

370,162,476

34.82%

ვიონი საქართველო

183,443,572

17.26%

სულ

1,063,059,664

100%

 

შპს „ვიონი საქართველოს“ მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობამ 2022  წლის  III  კვარტლის  ბოლოს  შეადგინა  1,447,804  აბონენტი  (ცხრილი  N2),  რაც საქართველოს მობილური ქსელის აბონენტების 24.38%-ს შეადგენს.

ცხრილი N2

 

კომპანია

III კვ. 2022

აბონენტების რაოდენობა

ბაზრის წილი

მაგთიკომი

2,507,334

42.22%

სილქნეტი

1,983,279

33.40%

ვიონი საქართველო

1,447,804

24.38%

სულ

5,938,417

100%

 

შპს   „ვიონი   საქართველო“   ახორციელებს   მობილური   ქსელით   მომსახურებას როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 87% შეადგენს რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრის იმ შესაბამისი სეგმენტებიდან მიღებულ შემოსავლებს, სადაც შპს „ვიონი საქართველო“ განსაზღვრულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად შემდეგი გადაწყვეტილებების თანახმად:

1)   2010  წლის 21 მაისის  N240/9  „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილების და მასში 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების თანახმად მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

2)   2019   წლის   31   დეკემბრის   N9/156    „მობილური   ქსელით   მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეკისრა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

3)   2020 წლის 25 ივნისის N9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების თანახმად მობილური  ქსელით მომსახურების (ხმოვანი და ინტერნეტი) საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება;

4) 2020 წლის 30 მარტის N9/385 „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების თანახმად მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეკისრა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

5) 2017 წლის 16 მაისის N345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ გადაწყვეტილების თანახმად საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარზე დაუდგინდა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და   ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „ვიონი საქართველოს“ შემოსავალმა 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 225,280,648.00 ლარი დღგ-ს გარეშე. რეგულირებას დაქვემდებარებული იმ ბაზრებიდან მიღებული შემოსავალი, სადაც ცნობილია მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, შეადგენს 195,647,080.00 ლარს დღგ-ს გარეშე.

ცხრილი N3

 

 

მომსახურების დასახელება

2021 იანვარი - 2022 სექტემბერი

 

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

წილი საერთო შემოსავლიდან

სატელეკომუნიკაციო მომსახურება (რეგულირებადი ბაზრები)

195,647,080

86.85%

სატელეკომუნიკაციო მომსახურება (არარეგულირებადი ბაზრები)

28,368,991

12.59%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

1,264,577

0.56%

სულ

225,280,648

100%

შპს   „ვიონი   საქართველომ“   2021 წლის იანვრის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით პერიოდში შემოსავლების 81% მობილური ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურებებიდან დააგენერირა. საბითუმო მომსახურებებიდან მიღებულ შემოსავლებს კომპანიის მთლიან შემოსავალში 18% უჭირავს.

ცხრილი N4

 

 

მომსახურების დასახელება

2021 იანვარი - 2022 სექტემბერი

 

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

წილი საერთო შემოსავლიდან

მობილური ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურება

183,443,572

81.43%

საბითუმო ხმოვანი მომსახურება

40,572,499

18.01%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

1,264,577

0.56%

სულ

225,280,648

100%

 

შპს „ვიონი საქართველო“ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში (Nშ-22-6/3988, 01.11.2022) აღნიშნავს, რომ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია და შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“ (ს/კ 405410372) შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი შეიძენს ხვიჩა მაქაცარიას საკუთრებაში არსებულ შპს „ვოთერთრაილ ინდასთრიზ“-ის 100%-იან წილს და შპს „ინვესტიკო ალიანსე“-ს 100%-იან წილს. კომისიის მიერ აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში გარიგების წარმატებით დასრულების შედეგად შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“-ს საკუთრებაში და კონტროლქვეშ გადავა შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 100%.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის  (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22129945, 21/10/2022 14:32:25), კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებისა და შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად:

შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“ (ს/კ 405410372) არ წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებულ  პირს,  მისი  პარტნიორები არიან:

-     კომპანიის წილის 59,1%-ის მფლობელი შპს „მირენ ინვესტი“ (ს/კ 405268008);

-     კომპანიის წილის 38,4%-ის მფლობელი შპს „გაზტრანზიტი“ (ს/კ 405307902);

-     კომპანიის წილის 2,5%-ის მფლობელი შპს „სილვერ ლეიქ“ (ს/კ 405528200).

კომპანიის დირექტორია თამარ გახარია (პ/ნ 01009010759).

შპს    „მირენ    ინვესტი“     (ს/კ    405268008)    არ    წარმოადგენს    საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, მისი პარტნიორი არის:

-     კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია (პ/ნ 62005003653).

კომპანიის  დირექტორია  კობა  ღურწკაია  (პ/ნ  19001001822,  ორმაგი  მოქალაქე  - საქართველო, რუსეთის ფედერაცია)

შპს     „გაზტრანზიტი“     (ს/კ     405307902)     არ     წარმოადგენს     საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი  პარტნიორი  და  დირექტორი  არის  ფიზიკური  პირი  მამუკა  ტოგონიძე  (პ/ნ 38001004868).

შპს „სილვერ ლეიქ“ (ს/კ 405528200) არ წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, მისი პარტნიორები არიან:

-     კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი იულია დედოვა (პ/ნ 758144917, რუსეთის ფედერაცია);

-     კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი კონსტანტინ სახოკია (პ/ნ 01101131057, ორმაგი მოქალაქე - საქართველო, რუსეთის ფედერაცია); ფიზიკური  პირი  კონსტანტინ  სახოკია  (პ/ნ  01101131057)  ასევე  არის  კომპანიის დირექტორი.

ტრანზაქცია

შპს  „სილქ  როუდ  გრუპ  ბ.ვ.“,  მისი  პარტნიორები  შპს  „მირენ  ინვესტი“,  შპს „გაზტრანზიტი“ და შპს „სილვერ ლეიქ“, მათი წარმომადგენლები (დირექტორები) და წილის მფლობელები თამარ გახარია, კობა ღურწკაია, მამუკა ტოგონიძე, იულია დედოვა და კონსტანტინ სახოკია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „მირენ ინვესტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, რომელიც ფლობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „კავკასუს ონლაინის“ არაპირდაპირ წილს, ამჟამად არ ახორციელებს მასზე ფაქტიურ კონტროლს.

აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შედეგად შპს „ვიონი საქართველოს“ საბოლოო ბენეფიციარი ფიზიკური პირების მიერ შპს „ვიონი საქართველო“-ს კაპიტალში წილის არაპირადპირი ფლობა ჩამოყალიბდება შემდეგი პროპორციით:

-     ხვიჩა მაქაცარია - 59,1%

-     მამუკა ტოგონიძე - 38,4%

-     იულია დედოვა - 1,25%

-     კონსტანტინ სახოკია - 1,25%

შპს „ვიონი საქართველოს“ სადამფუძნებლო სტრუქტურა (ტრანზაქციის შემდეგ)

 

ზემოაღნიშნული ფაქტორების და ტრანზაქციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების საბაზრო სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის აუცილებელი გარემოებები.

შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“-ს მიერ შპს “ვიონი საქართველოს“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიების შპს „ვოთერთრეილ ინდასტრიზ“-ისა და შპს „ინვესტიკო ალიანსე“-ს 100%-იანი წილის შესაძლო შეძენის განხორციელება, შპს „ვიონი საქართველოს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ საბაზრო წილზე და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას ვერ მოახდენს.

შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.    მიეცეს თანხმობა შპს „ვიონი საქართველოს“, შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“-ს მიერ შპს „ვიონი საქართველოს“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიების შპს „ვოთერთრეილ ინდასტრიზ“-ის   100%-იანი   და   შპს   „ინვესტიკო   ალიანსე“-ს   100%-იანი   წილის შეძენაზე;

2.    განემარტოს შპს „ვიონი საქართველოს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“-ს მიერ შპს „ვიონი საქართველოს“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიების  შპს  „ვოთერთრეილ ინდასტრიზ“-ისა  და  შპს  „ინვესტიკო  ალიანსე“-ს 100%-იანი წილის შეძენის შემთხვევაში, შპს „ვიონი საქართველო“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6  (ექვსი) თვის განმავლობაში.   აღნიშნულ   ვადაში   ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში,   შპს   „ვიონი   საქართველო“   ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი,     ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები