„მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2025 12:42
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2025
„მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 23 ოქტომბერი, 15:00 სთ.
I.აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების რეგულირების პროცესის მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მოქმედი რეგულაციების განახლებას, რათა უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება და საბითუმო დაშვების მომსახურებებზე სამართლიანი, არადისკრიმინაციული და ეკონომიკურად გამართლებული პირობების ჩამოყალიბება.
2. 2024 წლის 25 ივლისს კომისიამ მიიღო N გ-24-9/331 გადაწყვეტილება „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“, რომლის ფარგლებშიც შპს „მაგთიკომი“ განისაზღვრა როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი მობილურ ქსელზე საბითუმო დაშვების მომსახურების შესაბამის ბაზარზე. კომპანიას აღნიშნული გადაწყვეტილებით დაეკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ეროვნულ როუმინგზე დაშვება, თანალოკაცია და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვება. გადაწყვეტილებით აღნიშნულ მომსახურებებზე საბითუმო დაშვების ტარიფების გადათვლის ვალდებულება დაეკისრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს.
3.ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნდა შესაბამისი საბითუმო დაშვების წინადადება, რომელიც მოიცავდა დაშვებასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ეკონომიკურ პირობებს.
4.დაშვების წინადადებაში მითითებული ტარიფების თაობაზე კომისიას 6 და 7 თებერვლის წერილებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით შ-25-6/466 და შ-25-6/476 შესაბამისად) მიმართეს მობილურ ქსელზე დაშვების მსურველებმა. ისინი მიუთითებდნენ, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემთა გადაცემის მომსახურების ტარიფები შეუსაბამოდ მაღალი იყო არსებული საცალო შეთავაზებების ფონზე.
5. ამავდროულად, კომისიის აპარატის კონკურენციის კვლევისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ეკონომიკურმა ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა MVNO საბითუმო დაშვების ტარიფსა და საცალო ტარიფებს შორის. კერძოდ, ე.წ. „სრული“ MVNO-სთვისაც კი (რომლის ტარიფები ყველაზე დაბალია MVNO-ს სხვა მოდელებთან შედარებით) შეუძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პაკეტების რეპლიკაცია იმგვარად, რომ პოტენციური MVNO-ს მიერ მიღებული საცალო შემოსავალი საკმარისი ყოფილიყო არა თუ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის, არამედ საბითუმო ხარჯების ცვლადი ნაწილის დასაფარადაც კი.
6. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი მობილურ ქსელზე დაშვების საბითუმო ტარიფის მაღალი განაკვეთის შესახებ კომისიასა და კომპანიას შორის განხორციელდა არაერთი წერილობითი კომუნიკაცია თუ სამუშაო შეხვედრა, სადაც კომპანიას განემარტა საბითუმო ტარიფებთან მიმართებით არსებული შეუსაბამობების შესახებ. თუმცა შედეგი ტარიფების შემცირების კუთხით - არ დამდგარა. ამასთან, კომპანიის მიერ მოწოდებულ მეთოდოლოგიაში და ტარიფების გაანგარიშების მოდელში გამოიკვეთა არაერთი შეუსაბამობა, რაც მიგვითითებს, რომ მიზანშეწონილია ტარიფების ხელახალი გაანგარიშება განხორციელდეს კომისიის მიერ.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
8. კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
III. სამოტივაციო ნაწილი
10. წინამდებარე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ბაზარზე უზრუნველყოფილ იქნეს ეფექტური კონკურენცია და სამართლიანი პირობები საბითუმო სერვისებზე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაში შეიტანოს ცვლილება და შესაბამისი საბითუმო დაშვების ტარიფების გაანგარიშება თავად განახორციელოს.
11. ვინაიდან, კომისიის 2024 წლის 25 ივლისის გ-24-9 / 331 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების ცვლილება უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის საფუძველზე.
12. იმისათვის რათა, კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა, მიზანშეწონილია კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავების, კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, ბ) წინამდებარე გადაწყვეტილება, გ) მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი; დ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2025 წლის 4 დეკემბრის 15:00 საათზე.
6. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს პროექტის გამოქვეყნების დღიდან 30 კალენდარული დღე (არანაკლებ 20 სამუშაო დღისა). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე (post@comcom.ge).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
