კომისიის განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული კომპანიების უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობების ზოგიერთი პირების განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად რუსული კომპანია „MTC“-ის საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობასთან დაკავშირებით კომისიაში დაწყებულია რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების რადიომონიტორინგი და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომისია შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს.
კომისიის მიმართ, წინა წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის აღკვეთასთან დაკავშირებით, რბილად, რომ ვთქვათ გამოთქმულ ბრალდებებთან მიმართებაში, გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008-2010 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამო არაერთ რუსულ კომპანიას დააკისრა სანქცია.
რუსულ მობილურ ოპერატორ „მეგაფონს“ 2008-2009 წლებში კომისიამ სანქცია ხუთჯერ დააკისრა და ბოლო სანქციის ოდენობამ ერთი მილიონი ლარი შეადგინა. „რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რუსეთის ფედერაციის ტელერადიოკომპანია „Рассия“-ს და ტელეკომპანიებს „НТВ“, „НТВ+“ და „ТВ-Центр“ კომისიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობისთვის სანქცია ორ-ორჯერ დააკისრა, პირველი ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იყო, ხოლო მეორე ჯარიმის ოდენობამ თითოეული კომპანიისთვის 500 000 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, კომისიამ საქმის მასალები თავად რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობისა და მასობრივი კუმინაკაციის სამინისტროს გადაუგზავნა და მოსთხოვა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი მეწარმე სუბიექტების უკანონო ქმედებების აღკვეთა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული კომპანიების მიერ უკანონო საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაიგზავნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) და ჯი-ეს-ემ ასოციაციაში (GSM Association ).
ადგილობრივ დონეზე, კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის დოკუმენტაცია საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც გადააგზავნა, მანამდე კი რუსულ კომპანიებზე დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ადმინისტრაციული სანქციების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტსაც მიმართა.
სამწუხაროდ, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე კომისიის აქტივობა რეაგირების გარეშე დარჩა.
უფრო მეტიც, კომისიას ამ აქტივობის მიზანშეწონილობის თაობაზე ახსნა-განმარტებების მიცემა დასჭირდა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის, რომელიც მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის შესწავლის მიზნით იყო შექმნილი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიესალმება საქართველოს მთავრობის დაინტერესებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის კერძო სექტორის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით და მზად არის თანამშრომლობისთვის, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების მიზნით შემუშავდეს ეფექტიანი მექანიზმები.