ComCom-მა 10 მაუწყებელი საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“, „ალტ ინფო“, „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“, „მარნეული ტვ“, „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“, „მომავლის რეკლამა“, „იმპერია“, „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“, „მედ ეფემი“ და „მედია ჯგუფი“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
კოდექსის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მიზნით, ComCom-ს მიაწოდოს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. მაუწყებლებმა კი მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინეს კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის - პირველი სექტემბრის შემდგომ.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მაუწყებლები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულან, კომუნიკაციების კომისიამ ისინი კანონის შესაბამისად, წერილობით გააფრთხილა.