წვდომის მენიუ

დეკემბერი 02, 2025 11:28

ComCom-მა მედიაწიგნიერების ჰაკათონის გამარჯვებულები დააჯილდოვა

კომუნიკაციების კომისიის და მედიალაბის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მესამედ გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. ჰაკათონი UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ძირითად თემებს ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი გამოავლინა, რომელთაც ComCom-მა 5000, 3000 და 1000 ლარი გადასცა.

პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა “ლიანებმა”, რომლის პროექტიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს ყოველდღიურ ზრუნვასა და კომუნიკაციაში დაეხმარება. პლატფორმის მეშვეობით მშობელს შეეძლება ბავშვის პერსონალიზებული პროფილის შედგენა, რომელიც შემდგომში კრიზისული სიტუაციის მართვას გაუმარტივებს.

მეორე ადგილას გავიდა გუნდი „მეტამორფოზა”, რომლის მთავარ იდეასაც მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. გუნდმა წარმოადგინა კომპიუტერული თამაში, რომელიც მოზარდებს ციფრულ წიგნიერებას ინტერაქტიული და შემეცნებითი ფორმით ასწავლის.

მესამე ადგილი კი დაიკავა პროექტმა „404_crew”, რომელიც აკადემიურ სივრცეებში - უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებებში - ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ლექტორებისა და სტუდენტების დახმარებას ემსახურება.

მედიაწიგნიერების ჰაკათონში მონაწილე 10 საუკეთესო გუნდის წევრებმა, პროფესიონალ მენტორებთან ერთად, 2 დღის განმავლობაში საკუთარი პროექტების დახვეწაზე აქტიურ რეჟიმში იმუშავეს, რის შემდეგაც, პროექტები წარადგინეს. ჟიურის წევრებმა - ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ნატა გოდერძიშვილმა და GITA-ს პროექტების მენეჯერმა, ზურა ძიძიგურმა, პრობლემის რელევანტურობის, გადაწყვეტის ეფექტიანობისა და პროექტის მდგრადობის თვალსაზრისით, გამარჯვებულები გამოავლინეს.

ღონისძიების მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები „როგორ შევამოწმოთ იდეა?“ და „პროტოტიპის შექმნა და ტესტირება“, რომელთა ფარგლებშიც მიმოხილული იყო თუ როგორ ხდება იდეის ვალიდაცია პროექტზე მუშაობის დაწყებამდე; რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის ღირებული გახდეს; ასევე, როგორ უნდა შეიქმნას პროდუქტის პროტოტიპი და მოხდეს მისი ტესტირება.

გარდა ტრენინგებისა, პროექტების დახვეწის მიზნით გუნდებთან სტარტაპ მრჩეველი და მენტორი, თათია ოქრიაშვილი, UI/UX დიზაინერი, რევაზ კაკაბაძე, სტარტაპერები დემეტრე მილდიანი და სანდრო ბოლქვაძე, ასევე, „ფაბლაბ ილიაუნის“ ხელმძღვანელი, ავთანდილ მღებრიშვილი მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები