მაისი 15, 2024 13:21

ComCom-მა რუსთავში 60 მოსწავლე ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში 60-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. სემინარს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს კონკურსის პირობები და საკონკურო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები; ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა; ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია. გარდა ამისა, სემინარზე განიხილებოდა წინა კონკურსების გამარჯვებული ნამუშევრები.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა IX, X და  XI კლასის მოსწავლეებს 15 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულ მონაწილეებს კი კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები