შპს „მაგთიკომისთვის“ შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2025 17:21
მიღების თარიღი აპრილი 27, 2025
შპს „მაგთიკომისთვის“ შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“
მოპასუხე: შპს „ვიფიშერი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 27 მარტი, 15:00 საათი.
I.აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (11.03.25 Nშ-25-6/971) მიმართა შპს „მაგთიკომმა“.
2.განმცხადებლის ინფორმაციით, შპს „ვიფიშერსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ვიფიშერის “ დავალიანებამ 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 130,387.99 ლარი (2024 წლის დეკემბერი - 50,929.46 ლარი, 2025 წლის იანვარი - 43,079.11 ლარი, 2025 წლის თებერვალი - 36,379.42 ლარი) . კომპანიას არ გაუხდია სადაო დავალიანება და ასევე დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები.
3.განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის არსებული ურთიეთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.
4. 2025 წლის 27 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ვიფიშერს“ არ დაუფარავს დავალიანება ვერც მორიგება შედგა, შესაბამისად მოითხოვა კომპანიასთან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა.
2. მოპასუხის პოზიცია
5. 2025 წლის 27 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიფიშერის“ წარმომადგენელი გ. ნიშნიანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „მაგთიკომთან“ გადახდის პირობებზე ვერ შედგა შეთანხმება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტ ს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
10. შპს „მაგთიკომის“ განცხადება (11.03.25 Nშ-25-6/971) ;
11. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის 4 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მხარეებს შორის 2023 წლის 6 მარტს გაფორმებული შეთანხმება;
12. დავალიანებასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;
13. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები;
14. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის დ. ძიძიგურისა და შპს „ვიფიშერის“ წარომომადგენლის გ. ნიშნიანიძის მიერ კომისიის 2025 წლის 20 მარტის და 27 მარტის სხდომებზე გაკეთებული ახსნა- განმარტებები;
15. შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიფიშერის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
16. შპს „ვიფიშერი” 2020 წლის 31 დეკემბრიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; F.1.4 ტექსტური შეტყობინების მომსახურება მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება, ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება).
მტკიცებულება: შპს „ვიფიშერი”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან. მტკიცებულება: შპს „ვიფიშერის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
17. შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011 და 2016 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0);
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
18. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს შპს „ვიფიშერისთვის“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის 4 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მხარეებს შორის 2023 წლის 6 მარტს გაფორმებული შეთანხმება; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;
19. მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე შპს „ვიფიშერს“ ერიცხება დავალიანება შპს „მაგთიკომის“ მიმართ 130,387.99 ლარის (2024 წლის დეკემბერი - 50,929.46 ლარი, 2025 წლის იანვარი - 43,079.11 ლარი, 2025 წლის თებერვალი - 36,379.42 ლარი) ოდენობით.
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები; შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის დ. ძიძიგურისა და შპს „ვიფიშერის“ წარომომადგენლის გ. ნიშნიანიძის მიერ კომისიის 2025 წლის 20 მარტის და 27 მარტის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
20. შპს „ვიფიშერს“ არ ჰყავს აბონენტები, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ე.წ. „ბალქ sms“-ების მომსახურება;
მტკიცებულება: შპს „ვიფიშერის“ შესახებ მონაცემები კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
21. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია, ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
22. როგორც შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, 2021 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებისა და 2023 წლის 6 მარტის შეთანხმების ფარგლებში, შპს „ვიფიშერს“ უფიქსირდება დავალიანება 130,387.99 ლარის ლარის ოდენობით და ამ საფუძვლით, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს შპს „ვიფიშერთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებას დავალიანების დაფარვამდე.
23. კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „ვიფიშერთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებით ისეთი ინტერესის დაზიანების საფრთხეს, რომელიც შექმნიდა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველს.
24. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს შპს „ვიფიშერთან“ მოქმედი ურთიერთჩართვა ამ უკანასკნელის მიერ დავალიანების - 130,387.99 ლარის სრულად დაფარვამდე.
25. თავის მხრივ, შპს „ვიფიშერს“ უნდა მიეცეს ვადა 2025 წლის 6 აპრილამდე დავალიანების სრულად დასაფარად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა შპს „ვიფიშერთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ;
2. 2025 წლის 6 აპრილიდან შპს „მაგთიკომს“ მიეცეს თანხმობა შპს „ვიფიშერთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე, შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში (11.03.25 Nშ-25-6/971) მითითებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების - 130,387.99 ლარის შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ამ დავალიანების სრულად დაფარვამდე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი