წვდომის მენიუ

შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-25-16 / 169

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2025 17:42

მიღების თარიღი აპრილი 03, 2025

შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ  მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე

მომჩივანი მხარე: კახა კუკავა.

მოპასუხე: შპს „სფერო ტვ“.

დავის საგანი:  შპს  „სფერო  ტვ“-ისთვის  კანონმდებლობის  დარღვევისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 27 მარტი, 15:00 საათი; 3 აპრილი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საჩივარი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის 26.02.2025 Nშ-25-9/820) მიმართა ფიზიკურმა პირმა კახა კუკავამ შპს „სფერო ტვ“- ის ეთერში  განთავსებულ  სიუჟეტთან  დაკავშირებით  და  მოითხოვა  შპს  „სფერო  ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრება.

2.საჩივრის   თანახმად, 2024 წლის 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე შპს „სფერო ტვ-ს“ ეთერში გავიდა სიუჟეტი და ასევე განთავსდა სოციალურ ქსელში „Facebook“-პოსტი შემდეგი სახელწოდებით -

„გაერთიანება ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა  - დღეს, იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს“. სიუჟეტში გამოყენებული იქნა შემდეგი ფრაზები: ა) „გაერთიანების მიერ  არა  ერთი  მევახშე  იქნა  მხილებული,  მათ  წარმომადგენელთა  რიგებში ყველასათვის კარგად  ცნობილი,  პოლიტიკოსი   - კახა  კუკავაც  კი  აღმოჩნდა,  რაც  არ  უნდა გასაოცარი იყოს,  აღნიშნული  პიროვნება  ახორციელებს  მევახშის  უფლებრივი  ინტერესების დაცვას“. ბ) „იკვეთება კახა კუკავას, როგორც მევახშეების წარმომადგენლის ინტერესები“. გ) „იგი თავს არიდებს და იგი ცდილობს გაექცეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას“. დ) „იგი ასევე ცილისმწამებლური განცხადებების  საფუძველზე  შეურაცხმყოფელი  ფრაზებით  გამოირჩევა დაზარალებულის მიმართ“. ე) „მევახშესთან ერთად ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი - კახა კუკავა“.

3.მომჩივანი   აღნიშნავს, რომ შპს „სფერო ტვ“-ს სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. კახა კუკავას არანაირი ინტერესი არ გააჩნია სამევახშეო საქმიანობაში და მრავალი წელია იბრძვის გამოსახლების წინააღმდეგ, ის არ ახორციელებს არცერთი მევახშის უფლების დაცვას. ასევე სიუჟეტშიც არ არის იდენტიფიცირებული ვინ არის მევახშე ან რა ფორმით ახორციელებს კახა კუკავა მისი ინტერესების    დაცვას.    ამასთან,    კახა    კუკავა    არანაირ    სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ არიდებს თავს, მით უფრო მაშინ როდესაც არ არსებობს არანაირი კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ან პასუხისმგებლობა. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ  შეურაცხყოფა კახა კუკავას არ მიუყენებია ე.წ. „დაზარალებულისათვის“ და მსგავსი რამ არ დასტურდება არც სიუჟეტში, შესაბამისად მსგავსი ფრაზების სიუჟეტში გამოყენება კახა კუკავას მიმართ ცილისწამებაა.

4.  საჩივარში მითითებულია, რომ 2025 წლის 25 ოქტომბრის სიუჟეტთან დაკავშირებით, კ. კუკავამ მიმართა შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით, თუმცა უკუკავშირი არ მიუღია.

5.  საჩივრის ავტორმა მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და კომისიისგან მოითხოვა შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობის საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევისთვის შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით დადგენილი წესით.

6. კომისიამ 2025 წლის 13 მარტს მიიღო  Nგ-25-16/135 გადაწყვეტილება „შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ კახა კუკავას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“.

7.  კომისიამ  2025  წლის  27  მარტის  სხდომაზე,  დავის  განხილვაზე  გამოცხადდნენ  მომჩივანი  კ. კუკავა და შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელი ს. პეტრიაშვილი.

2. მომჩივანის პოზიცია

8. კ. კუკავამ კომისიის 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და დამატებით განაცხადა, რომ შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის წარსადგენად, ინტერნეტში მოიძია შპს „სფერო ტვ“-ს Facebook გვერდი http.://www.facebook/Sferonews, ხოლო იდენტიფიცირება მოახდინა არა მხოლოდ სახელით, არამედ ამ Facebook გვერდზე განთავსებული მაუწყებლის ტელეგადაცემებით. კ. კუკავას განმარტებით, მაუწყებლის ეთერით გადაცემული პროგრამები განთავსებულია აღნიშნულ Facebook გვერდზე და რადგან შინაარსობრივად უკავშირდება მოპასუხის სატელევიზიო ეთერს, მიიჩნია მაუწყებლის გვერდად და შპს „სფერო ტვ“-ს საჩივარი გაგზავნა იმ ორ ელექტრონულ ფოსტაზე (info.sferonews@gmail.com და news@sferoholding.ge), რომელიც განთავსებულია ამ Facebook გვერდზე, თუმცა მაუწყებლისგან საჩივარზე პასუხი არ მიუღია.

9.   კ. კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია მაუწყებლის წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმად, შპს „სფერო ტვ“-ს აქვს ვებგვერდი, რომელსაც ჰქვია არა „სფეროტვ“, არამედ „სფერონიუსი“, მაგრამ რასაც Facebook-ზე „სფერონიუსი“ ჰქვია, ის, „სფერო ტვ“-ს არ ეკუთვნის და „სფერო ტვ“ უნდა ენახა მომჩივანს.

10. კ. კუკავას განცხადებით, რამდენიმე სააგენტომ შპს „სფერო ტვ“-ს ინფორმაცია გააზიარა საკუთარ გვერდებზე, თუმცა მომჩივანის მიმართვის შემდეგ მოხსნეს და მოიხადეს ბოდიში, მხოლოდ მოპასუხე მაუწყებელთან იყო დაკავშირების პრობლემა, რადგან მითითებულ სატელეფონო ნომერზეც ვერ დაუკავშირდა შპს „სფერო ტვ“-ს.

2. მოპასუხის პოზიცია

11. 2025 წლის 27 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „სფერო ტვ“-ს წერილობითი პოზიცია (Nშ-25-6/1244) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. წერილობითი პოზიციის და დოკუმენტაციის ნაწილი შეეხებოდა შპს „სფერო ტვ“-ს ეთერში განთავსებული გადაცემაში მოყვანილი ფაქტების სისწორესთან დაკავშირებულ საკითხებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომისია დავას განიხილავს  მხოლოდ   შპს   „სფერო   ტვ“-ს   თვითრეგულირების   ორგანოს   პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით,  კომისიამ  არ  იმსჯელა  იმ  საკითხებზე  და  მტკიცებულებებზე, რომლებზე მსჯელობაც სცდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს.

12. შპს  „სფერო  ტვ“-ს  წერილობითი  პოზიციის  მიხედვით,    შპს  „სფერო  ტვ“-ის  ოფიციალური მოქმედი ელ. ფოსტა არის მაუწყებლის სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/Sferotv-ზე მითითებული ელ. ფოსტა: info.sferotv@gmail.com. წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე კ. კუკავას საჩივარი არ შესულა.

13. შპს  „სფერო  ტვ“-ს  წერილში  ასევე  აღნიშნულია,  რომ  მომჩივანის  მიერ  მითითებულ  ელ. ფოსტებზე გაგზავნილი საჩივარი მაუწყებელს არ მიუღია, რადგან  ფიზიკურად წვდომა არ აქვს შპს „სფერო ტვ“- ის ჩამოთვლილ ელექტრონულ მისამართებზე. წერილის თანახმად, მომჩივანს, რომ მატერიალური ფორმით ფოსტით გაეგზავნა საჩივარი, მაუწყებელი მიიღებდა და განიხილავდა კ. კუკავას საჩივარს.

14. 2025 წლის 27 მარტის კომისიის სხდომაზე შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელმა ს. პეტრიაშვილმა განმარტა, რომ შპს „სფერო ტვ“-ს აქვს ვებგვერდი: www.sferonews.ge და ასევე აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ძირითადად ხორციელდება Facebook გვერდის https://www.facebook.com/Sferotv-ის მეშვეობით და აღნიშნულ სოციალურ ქსელში მითითებულია შპს „სფერო ტვ“-ს მისამართი და აგრეთვე ელექტრონული ფოსტა: info.sferotv@gmail.com .

15. ს.   პეტრიაშვილის   განმარტებით,   იმ   შემთხვევაში,   თუ   მომჩივანი   საჩივარს   წარადგენდა ფაქტობრივ მისამართზე ან მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო მიიღებდა საჩივარს და განიხილავდა. ნაცვლად ამ მისამართებისა, მომჩივანს საჩივარი გაგზავნილი აქვს ელ. ფოსტებზე: info.sferonews@gmail.com და news@sferoholding.ge, რომლებიც არ არის მოპასუხის ელ. ფოსტები და ეს გახდა მიზეზი, რომ მაუწყებელმა ვერ მიიღო საჩივარი.

16. შპს  „სფერო  ტვ“-ს  წარმომადგენელმა  ასევე  განმარტა,  რომ  კ.  კუკავას  მიერ  წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მომჩივანმა ისარგებლა Facebook გვერდით https://www.facebook.com/Sferonews, ხოლო მისი მარწმუნებლის Facebook გვერდი არის https://www.facebook.com/Sferotv, შესაბამისად, კომპანიის ნამდვილი მეილი მითითებულია Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Sferotv .

3. მონიტორინგის შედეგები

17. კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (27.03.2025 N 25-10-661) მიხედვით, კომისიის უწყებრივ რეესტრში შპს „სფერო ტვ“-ს არ აქვს მითითებული საკუთარი ვებგვერდი. მაუწყებელს შექმნილი აქვს გვერდი სოციალურ მედიაპლატფორმა Facebook-ზე - https://www.facebook.com/Sferotv,    სადაც მითითებულია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი - 118 Akaki Tsereteli Ave, Tbilisi, Georgia, ელ-ფოსტა- info.sferonews@gmail.com და ვებგვერდი - https://sferonews.ge/. თუმცა ამ Facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სრულად გაცნობა პლატფორმაზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გარეშე შეუძლებელია.

18. კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ვებგვერდზე https://sferonews.ge/ შესვლის შემთხვევაში, შეუძლებელია ცალსახად დადგენა, რომ იგი ეკუთვნის შპს „სფერო ტვ“-ს, ვინაიდან, ვებგვერდზე არ იძებნება აღნიშნული ავტორიზებული პირის სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები. მითითებულია მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი (news@sferoholding.ge) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (+995 571 90 80 80). ასევე შეუძლებელია იდენტიფიცირება, ელ. ფოსტის მისამართი - news@sferoholding.ge წარმოადგენს თუ არა მაუწყებლის ოფიციალური ელ. ფოსტის მისამართს. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართი არ არის მითითებული კომისიის უწყებრივ რეესტრში და ელექტრონული ფოსტის მისამართის სახელწოდება არ ემთხვევა არც ავტორიზებული პირის სახელწოდებას და არც არხის ბრენდულ სახელწოდებას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მაუწყებელთა გაერთიანება და რომელიც ფუნქციონირებს ქცევის კოდექსის შესაბამისად.

20. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-14   მუხლის   მე-5   პუნქტის   თანახმად,„მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში“.

21. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451  მუხლის  მე-13  პუნქტის  „ა“,  „ბ“  და  „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა: ავტორიზებული პირის სახელი;  ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი; ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას;

22. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“  (შემდგომში: „ქცევის კოდექსი“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც  გაკეთდა  საწყისი  განცხადება „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  52-ე მუხლით დადგენილი წესით“.

23. „ქცევის კოდექსის“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს უფლება აქვს აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14   მუხლისა და   ამ   კოდექსის   შესაბამისად,   რომელიც   შეესაბამება   მაღალ   პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას“.

24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591   მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში

25. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების  მიზანი  უნდა  იყოს დარღვევის  აღმოფხვრა  ან  პრევენცია.  კომისია  დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

26. კ.   კუკავას   საჩივარი   (კომისიაში   რეგისტრაციის   26.02.2025   Nშ-25-9/820)   თანდართული დოკუმენტაციით, შპს „სფერო ტვ“- წინააღმდეგ;

27. კ.  კუკავას  მიერ  ელექტრონული ფოსტის  მისამართებზე  მეილების  გაგზავნის დასადასტურებლად წარმოდგენილი ფოტო მასალა;

28. კ. კუკავას საჩივარი თანდართული მის ელექტრონულ წერილებზე;

29. შპს „სფერო ტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია (27.03.2025 Nშ-25-6/1244);

30. კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (27.03.2025 N 25-10-661);

31. კ. კუკავასა და შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენლის ს. პეტრიაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტებები კომისიის 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე;

32. ინფორმაცია კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

33. შპს „სფერო ტვ“ არის მაუწყებლობის სფეროში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის თარიღი: 11.08.2022.

მტკიცებულება: ინფორმაცია კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ.

34. შპს   „სფერო   ტვ“-ს   ეთერში   2024   წლის   25  ოქტომბერს   განთავსდა   გადაცემა,   რომელშიც მოხსენიებული იყო მოქალაქე კახა კუკავა.

მტკიცებულება: კ. კუკავას საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის 26.02.2025 Nშ-25-9/820) შპს „სფერო ტვ“- წინააღმდეგ.

35. 2025 წლის 4 ნოემბერს მოქალაქე კ. კუკავას ელ. ფოსტიდან გაიგზავნა კ. კუკავას საჩივარი შპს „სფერო   ტვ“-ს   ეთერში   განთავსებული   გადაცემის   უსწორობასთან   დაკავშირებით   შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info.sferonews@gmail.com დაnews@sferoholding.ge.

მტკიცებულება: კ. კუკავას მიერ ელექტრონულ მისამართებზე გაგზავნილი მეილების დამადასტურებელი ფოტო მასალა; კ. კუკავას საჩივარი თანდართული მის ელექტრონულ წერილებს; კ. კუკავას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება კომისიის 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე.

36. შპს „სფერო ტვ“-ს კ. კუკავას საჩივარი არ განუხილავს, რასაც მაუწყებელი ხსნის იმ გარემოებით, რომ საჩივარი მაუწყებელს არ ჩაბარებია, ვინაიდან იმ ელ. ფოსტებზე (info.sferonews@gmail.com და  news@sferoholding.ge), რომლებზეც მომჩივანმა გაგზავნა საჩივარი, შპს „სფერო ტვ“-ს წვდომა არ აქვს.

მტკიცებულება: კ.კუკავასა და შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენლის ს. პეტრიაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები კომისიის 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე.

37. შპს   „სფერო   ტვ“-ს   წარმომადგენლის   განმარტებით   შპს   „სფერო   ტვ“-ს   ვებგვერდი   არის www.sferonews.ge.

მტკიცებულება: შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენლის ს. პეტრიაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტება კომისიის 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე;

38. ვებგვერდზე  www.sferonews.ge-ზე  არ იძებნება შპს „სფერო ტვ“-ს სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები. მითითებულია მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი (news@sferoholding.ge) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (+995 571 90 80 80);

მტკიცებულება:  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (27.03.2025 N 25-10-661)

39. შპს      „სფერო      ტვ“-ს      ფაქტობრივი      მისამართი      და      ელექტრონული      მისამართი (info.sferonews@gmail.com), მითითებულია მაუწყებლის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Sferotv. აღნიშნული სოციალური ქსელის გვერდზე, ინფორმაციის სრულყოფილად მოპოვება რეგისტრაციის/ავტორიზაციის გარეშე შეუძლებელია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (27.03.2025 N 25-10-661)

3. სამართლებრივი შეფასება

40. შპს  „სფერო  ტვ“-ს,  როგორც  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზებულ  პირს  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკისრია ვალდებულება, რომ შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

41. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451  მუხლის  მე-13  პუნქტის  „ა“,  „ბ“  და  „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, შპს „სფერო ტვ“ ვალდებულია თავის ვებგვერდზე უზრუნველყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა: ავტორიზებული პირის სახელი; ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი; ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას;

42. ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,  მაუწყებელს   აკისრია   თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნისა და ფუნქციონირების ვალდებულება. თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი უნდა უზრუნველყოფდეს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. გარდა ამისა, აუცილებელია, მაუწყებელს ჰქონდეს ვებგვერდი, რომელზეც განთავსებული იქნება კანონით გათვალისწინებული საკონტაქტო ინფორმაცია. იმდენად, რამდენადაც კანონმდებელი თვითრეგულირების ეფექტიანობას უკავშირებს საჩივრების განხილვასა და დროულ რეაგირებას, აუცილებელია მაუწყებელს უზრუნველყოფილი ჰქონდეს მის საკონტაქტო მონაცემებზე მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა, რაც აუცილებელია საჩივრების ადრესატამდე მოსახვედრად.

43. განსახილველ  შემთხვევაში  მომჩივანი  მიუთითებს,  რომ  ელ.  ფოსტით  მიმართა  მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს, თუმცა უკუკავშირი არ მიუღია. იმისათვის, რომ შეფასდეს, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ვალდებულების დარღვევის საკითხი, უნდა დადგინდეს, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსათვის შესაბამისი საჩივრის ჩაბარების ფაქტი.

44. კომისია   არ   გამორიცხავს   შესაძლებლობას,   რომ   დაინტერესებულმა   პირმა   მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს საჩივარი წარუდგინოს ელექტრონული ფორმით, თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჩივრის წარდგენის დასადასტურებლად საკმარისად არ მიიჩნევა მისი ელ. ფოსტით გაგზავნის შესახებ ეკრანის ამონაბეჭდი (ე.წ. „სქრინშოტი“). ელ. ფოსტის ჩაბარების დასადასტურებლად აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს მისი ჩაბარების დასტური. განსახილველ შემთხვევაში ასეთი დასტური წარმოდგენილი არ არის. კ. კუკავამ წარმოადგინა მხოლოდ ელ. ფოსტის გაგზავნის შესახებ ეკრანის ამონაბეჭდი, რითაც საჩივრის ჩაბარება არ დასტურდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასტურის ვერმიღების შემდეგ მომჩივანს შეეძლო საჩივარი  გაეგზავნა  ფაქტობრივ  მისამართზე,  ვინაიდან მისთვის  მისამართი  ცნობილი  იყო (მითითებული აქვს საჩივარში, ასევე მითითებულია კომისიის უწყებრივ რეესტრში). შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის მიღების ფაქტი, ასევე ვერ დადგინდება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის წესების დარღვევა/განუხილველობა.

45. ამავდროულად, გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ შპს „სფერო ტვ“-ს არ აქვს ვებგვერდი, სადაც დადგენილი წესით, მარტივად ხელმისაწვდომი ფორმით იქნებოდა განთავსებული კანონით მოთხოვნილი ინფორმაცია. მაუწყებლის მიერ მითითებული ვებგვერდი www.sferonews.ge ვერ მიიჩნევა ასეთ ვებგვერდად, ვინაიდან არ შეიცავს მაუწყებლის სახელწოდებას და იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართებს, ხოლო ვებგვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე:    news@sferoholding.ge,  მაუწყებლის   წარმომადგენლის   განმარტებით,   მაუწყებელს წვდომა არ აქვს.

46. მაუწყებლის  წარმომადგენლის  მიერ  მითითებულ  გვერდს  სოციალურ  ქსელში  (Facebook), კომისია ასევე ვერ მიიჩნევს კანონით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებული ისეთ პლატფორმაზე (სოციალურ ქსელში), რომელიც არ იძლევა წვდომას რეგისტრაცია/ავტორიზაციის გარეშე, არ შეიძლება ჩაითვალოს  მარტივად და დროულად ხელმისაწვდომად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში განთავსებულ გვერდზე https://www.facebook.com/Sferotv-ზე     მონიტორინგის     მომენტში მითითებული იყო ის ელ. ფოსტა, რომელზეც მაუწყებელს, მისივე წარმომადგენლის განმარტებით, წვდომა არ აქვს.

47. ამრიგად,    შპს    „სფერო    ტვ“-ის    მიერ    დარღვეულია    შესაბამისი    ვებგვერდის    ფორმით მნიშვნელოვანი საკონტაქტო ინფორმაციის (ავტორიზებული პირის დასახელება, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება. დასახელებული მონაცემები მაუწყებლის ვებგვერდზე სათანადოდ არ არის განთავსებული და მიწოდებულია დამაბნევლად, რამაც, შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანოს დაინტერესებული პირი. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების დარღვევა ასევე აფერხებს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას, ვინაიდან მნიშვნელოვნად ართულებს დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის წარდგენას. შედეგად, მაუწყებლის მიერ ასევე ირღვევა ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმის შექმნის ვალდებულებაც.

48. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  შპს  „სფერო  ტვ“-ის  მიერ  დარღვეულია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

49. კომისიის  მიერ  დადგინდა,  რომ  შპს  „სფერო  ტვ“-ს  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის დარღვევა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სფერო ტვ“-ს იგივე/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

50. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სფერო ტვ“-ს უნდა დაევალოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ვებგვერდის შექმნა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. გარდა ამისა, როგორც დადგინდა, მაუწყებლის მიერ დარღვეულია ეფექტიანი თვითრეგულირების შექმნის ვალდებულება, რამაც განსახილველ შემთხვევაში შეაფერხა კ. კუკავას მიერ თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის წარდგენა. . კანონის შესაბამისი ვებგვერდისა და მაუწყებლის საკონტაქტო მონაცემების, მათ შორის მაუწყებლისთვის ხელმისაწვდომი ელ. ფოსტის ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით    მოქალაქე    კ.    კუკავას    საჩივარი    მიაღწევდა  ადრესატამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „სფერო ტვ“-ს ასევე უნდა დაევალოს, წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კ. კუკავას მიერ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში განიხილოს საჩივარი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 მუხლისა და 71-ე  მუხლის,   კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ II თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მოქალაქე კახა კუკავას საჩივარი (26.02.2025 Nშ-25-9/820) დაკმაყოფილდეს;

2. შპს „სფერო ტვ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის „ა“, „ბ“ და “გ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

3. დაევალოს შპს „სფერო ტვ“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ვებგვერდის შექმნა და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში;

4. დაევალოს შპს „სფერო ტვ“-ს, წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კ. კუკავას მიერ საჩივრის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში განიხილოს საჩივარი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5. განემარტოს მოქალაქე: კ. კუკავას, რომ უფლება აქვს, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში   შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს, შპს „სფერო ტვ“-ს ფაქტობრივ მისამართზე წარუდგინოს კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში (26.02.2025 Nშ-25-9/820) მითითებულ საკითხთან  დაკავშირებით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი №64) გადაწყვეტილების  ან   მისი  დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ   ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;

9. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „სფერო ტვ“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

10.     კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები