წვდომის მენიუ

შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-25-16 / 304

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2025 18:01

მიღების თარიღი ივნისი 12, 2025

შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი მხარე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

მოპასუხე: შპს „ფორმულა“

დავის საგანი: შპს „ფორმულასთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 5 ივნისი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2172, 27.05.2025) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ (შემდგომში - მომჩივანი) შპს ,,ფორმულას“ მიერ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

2.   საჩივრის მიხედვით,  2025 წლის  22 მაისს,   შპს ,,ფორმულას“  სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 11“ ჟურნალისტმა სოფო ვარდიაშვილმა თქვა (11:00:24-11:00:54):  „დილა მშვიდობის  ფორმულა  11-ზე  გიყვებათ  მოკლედ  ახალ  ამბებს.  მე  სოფო ვარდიაშვილი ვარ. რეჟიმის პატიმრების რიცხვი დღეს შესაძლოა კიდევ ერთით გაიზარდოს. დაკავების მოლოდინი აქვს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომლის პროცესიც თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში დაიწყება . კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს სასამართლოსგან 20 000 ლარიანი გირაო აქვს დაკისრებული. მას არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.“;

3.მომჩივანის   განცხადებით,    2025 წლის    22 მაისს,  შპს  „ფორმულას“  სამაუწყებლო  ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა  17“ ჟურნალისტმა თქვა  (17:13:59-17:14:20): „თუმცა, აქ შეკრებილ ადამიანებს , ზურაბ    გირჩი    ჯაფარიძის    გულშემატკივრებს,  პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც გულშემატკივრობენ მას დღევანდელ ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც რეჟიმის საქალაქო სასამართლოში იმართება ამ წუთებში, არ სჯერათ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია ძალოვან უწყებებს.“;

4.  საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 22 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 17“ ჟურნალისტმა თქვა (17:43:25-17:43:55): „ცოტა ხნის წინ ლიეტუვის გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: ,,უნდა ვიცოდეთ რომ ეს გადაწყვეტილებები არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში დარღვევა. მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს’’ - წერს სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე.“;

5.  საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის 22 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 17“ ჟურნალისტმა  სოფო ვარდიაშვილმა თქვა (18:06:17-18:06:37): „გრძელდება პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც მოსალოდნელი იყო მოსამართლემ, ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეზე უარი უთხრა დაცვის მხარეს, რომ დასაკითხი მოწმეების სიაში ეგრეთ წოდებული პარლამენტის, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი ჩაესვათ.“;

6.  საჩივრის თანახმად, 2025 წლის 24 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 12“ ჟურნალისტმა თქვა (12:01:11-12:02:22): „უილ ნილი, რომელიც ბოლო სამი წელია თბილისში ცხოვრობს, უარი სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე უთხრეს. ოცნების მიერ შავ სიაში შეყვანილი ჟურნალისტი არაერთი გახმაურებული სტატიის ავტორია. სწორედ,  მან ამხილა  რეჟიმი  ევროპელების ფულით  ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელებაში. გამოავლინა ოლიგარქის ბიზნესპარტნიორის და იმედის მფლობელის რუსული კავშირებიც. ისაა, ასევე, ავტორი ხარებას შესახებ სკანდალური სტატიის. თავად, ჟურნალისტი დარწმუნებულია რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი რეჟიმის პასუხია მის საქმიანობაზე. სალომე ლაბაძე დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. როგორ დაასაბუთებს ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებას ანუ როგორ ახსნის იმას რომ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, ამჯერად სომხეთის საზღვრიდან, მან ქვეყანაში არ შემოუშვა. ჩვენ, კითხვებზე პასუხების მისაღებად უკვე დავუკავშირდით გომელაურის უწყებას, თუმცა ვიდრე შემოგვთავაზებს განმარტებას ეს უწყება, ან   შემოგვთავაზებს თუ არა საერთოდ მანამდე შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სავარაუდო ვერსიებზე. მთავარი სავარაუდო ვერსია კი სახელდება ჟურნალისტის კრიტიკული საქმიანობა და მის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიები, რომელთა მთავარი ფიგურანტები არიან სწორედ, რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული საყრდენის ტელეკომპანია იმედის მფლობელი.“;

7.  საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 24 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 5“ ჟურნალისტმა თქვა (17:00:32-17:01:20): „ოლიგარქის დეპუტატი ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ილია ინჯია რუსებისათვის ძვირადღირებული გადახდების შეზღუდვას აპროტესტებს. ფრიდონ ინჯიას შვილი თავს ესხმის საქართველოს ბანკს, რომელმაც რუს კლიენტებს ამ ბანკის ბარათებით ფუფუნების საგნების ყიდვა აუკრძალა. მიზეზი დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციებია. რეჟიმის წარმომადგენლები და მათი სპიკერები კი ბანკის გადაწყვეტილებას ნაცნობი კონსპირაციით ხსნიან დიფ სთეითის შესახებ. პრორუსმა პოლიტიკოსმა ამ თემაზე პარლამენტის შენობაში საგანგებო ბრიფინგიც კი გამართა და ბანკის მიდგომა კომპანია ბლექროქს დაუკავშირა. სწორედ, ამ კომპანიას აცხადებს რეჟიმი დიფ სთეითის ერთ-ერთ საყრდენად და იმის მიუხედავად, რომ ბლექროქი უკვე დიდი ხანია საქართველოს ბანკის მეწილეა, რუსი კლიენტების ახლა შეზღუდვის ინიციატივას მის დავალებად ასაღებს.“;

8.  მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ  შპს „ფორმულას“ 2025 წლის 24 მაისის სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა თქვა (17:02:00-17:02:29): „თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე. გრიგოლ გეგელიას ოცნების მხარდამჭერი ფიზიკურად მშობლების სახლთან გაუსწორდა. მანამდე ის კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს. ჯერ უცნობია დაიწყებს თუ არა გამოძიებას ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაზე. ლელო ძლიერი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.“;

9.  საჩივარში ასევე მითითებულია ბმული  შპს „ფორმულას“ სოციალური მედიიდან (“Facebook’’), რომელიც  ასახავს  მაუწყებლის  პოსტს სოციალურ მედიაში: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1137762358385367&set=a.628755205952754&type=3&mibextid=wwXIfr&rdid=G6RktKhbdWJLa3lw&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2F19AoK1itD6%2F%3Fmibextid%3DwwXIfr#   -    რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობაზიძე.

10. მომჩივანის მითითებით, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში ჟურნალისტების მიერ გამოყენებული ფრაზები: „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია“, „ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი“, „ოცნების მიერ შავ სიაში შეყვანილი“, „ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი“, „პროპაგანდისტული   საყრდენის   ტელეკომპანია“, „ოლიგარქის   დეპუტატი“,„რეჟიმის წარმომადგენლები“, „პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი“, „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“, ასევე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფრაზები „რეჟიმის პრემიერი“, „კობაზიძე“ - არის პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

11.   საჩივრის ავტორს სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, 591 მუხლის მე-5 პუნქტი და 764 მუხლი.

12.   მომჩივანი   ითხოვს   კომისიის   მიერ   საჩივრის   განხილვას,   მაუწყებლის   მიერ   კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის დადგენასა და შპს ,,ფორმულასთვის“ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

13. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური  გაერთიანება  ,,ქართული  ოცნება  - დემოკრატიული  საქართველოს“ წარმომადგენელი ნ. ბოკუჩავა და შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე.

14.   მომჩივანის წარმომადგენელმა ნ. ბოკუჩავამ მხარი დაუჭირა კომისიაში წარდგენილ საჩივარს და განაცხადა, რომ მომჩივანი არის დაინტერესებული პირი, რადგან   შპს „ფორმულა" არ მიჯნავს ფაქტებს მოსაზრებისგან, არის მიკერძოებული, არღვევს სამართლიანობის პრინციპს, მაუწყებლის ეთერში  ხდება „ქართული ოცნების" პარტიის, მმართველი პარტიის ლიდერების, პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების დისკრედიტაცია და მხოლოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. წარმომადგენლის განცხადებით, მისი მარწმუნებლის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია ცალსახად, ამასთან, საჩივარი წარდგენილია უფლებამოსილ ორგანში, რადგან  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი კომუნიკაციების კომისიის ფუნქციაა. ნ. ბოკუჩავას განმატებით, ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი შპს „ფორმულას წინააღმდეგ დასაშვებია, კომისიამ უნდა მიიღოს წარმოებაში და განიხილოს დავა.

2. მოპასუხის პოზიცია

15. შპს ფორმულას“ წარმომადგენელმა ე. ქათამაძემ კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე თავის ახსნა-განმარტებაში განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება, რომელსაც შეეხება „ქართული ოცნების“ საჩივარი, ორი თვეა, რაც ამოქმედდა, თუმცა   ამ დრომდე მაუწყებელს კომისიისგან არ მიუღია კანონის განმარტებები, გზამკვლევები, მითითებები, რაც უზრუნველყოფდა კანონის განჭვრეტადობას. მისი განმარტებით, ნებისმიერი სიტყვა და ნებისმიერი ფრაზა შეიძლება გახდეს სადავო და შესაძლოა მხარეები გადავიდნენ საჩივრების განხილვის დაუსრულებელ  პროცესში. ე. ქათამაძის განცხადებით, თუ  კომისია საჩივარს დასაშვებად ცნობს, მოუწევს, რომ იმსჯელოს შინაარსობრივად, კონკრეტული სიტყვები წარმოადგენს ფაქტს თუ წარმოადგენს მოსაზრებას. შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის განცხადებით, საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას და მაუწყებელი  იმყოფება ცენზურის საშიშროების წინაშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან, ჯერჯერობით არ გაუქმებულა კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, ჯერჯერობით   ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლება არის გამოხატვის თავისუფლება და საერთაშორისო სტანდარტებით არის გამყარებული ეს ყველაფერი. ე. ქათამაძემ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე:   „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ და „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“. ე. ქათამაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება მოიცავს იმ ინფორმაციისა და მოსაზრების გავრცელებასაც „რომელიც შესაძლოა შოკისმომგვრელი, შემაწუხებელი ან უხერხულიც კი იყოს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისათვის". ე. ქათამაძემ განაცხადა, რომ თუ რაღაც ტერმინები „ქართული ოცნებისთვის" არის მიუღებელი და შემაწუხებელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიამ შინაარსობრივად განიხილოს და მაუწყებლის მიმართ   მარეგულირებელი   მექანიზმები   გამოიყენოს.   შპს „ფორმულას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, კომისიამ უარი უნდა უთხრას მომჩივანს თუნდაც დავის საგნის არარსებობის გამო.

16. შპს   „ფორმულას“   წარმომადგენელმა   განაცხადა,   რომ   კომისიას   საჩივარი   უნდა   დაყოს ნაწილებად და შეაფასოს, საჩივრის რომელ ნაწილში წარმოადგენს „ქართული ოცნება" დაინტერესებულ პირს და რომელ ნაწილში - არა. მისი განმარტებით, საჩივარში მითითებული სიტყვები: „სასამართლო", „ოლიგარქი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო", არ ახდენს პირდაპირ ან/და ირიბ გავლენას „ქართული ოცნების" კანონიერ ინტერესზე. ე. ქათამაძემ მოითხოვა კომისიისგან, რომ გამიჯნოს და გააკეთოს კონკრეტული განმარტება, რომელი სიტყვები არ ახდენს „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის, კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას და არ მიუდგეს ამ საჩივარს ერთიანად. ე. ქათამაძემ აღნიშნა, რომ, რადგან კომისიას ამ დრომდე განმარტებები კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, მთელი წნეხი გადასულია მაუწყებლებზე, მიუხედავად იმისა პირველ ივნისამდე (საშეღავათო პერიოდი) იქნება საქმე განხილული თუ მას შემდეგ. ე. ქათამაძემ განაცხადა, რომ მის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით,  კომისიამ არ უნდა მიიღოს საჩივარი განსახილველად.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

17. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის  თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

19. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2 მუხლის „ე“  ქვეპუნქტის  თანახმად, ,,დაინტერესებული პირი  არის  ფიზიკური  პირი  ან  იურიდიული  პირი,  რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

20. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის  შესაბამისად, ,,ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის  მიერ  ახალი  ამბებისა  და  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ  პროგრამაში  რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.

21. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  591    მუხლის  მე-5  პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764  მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564   მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

23. კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   №1   დადგენილებით   დამტკიცებული   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

24. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

25. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით  თუ დავის  საგანი  უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია  მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

26. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

27. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

28. კომისიის მიერ დგინდება, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დავობს შპს ,,ფორმულას“ მიერ მის სამაუწყებლო ეთერში და სოციალურ ქსელში (“Facebook’’)  ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევით განთავსების თაობაზე. თავის მხრივ, შპს ,,ფორმულა“   მაუწყებლობის  სფეროში   ავტორიზებული   პირია   და   როგორც მაუწყებელი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია სამაუწყებლო ეთერში და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 54-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

29. გარდა ამისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა.

30. კომისიის პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა, როდესაც ხდება, მათ შორის,    პოლიტიკური    გაერთიანების    სიმბოლიკის,    მისი  სახელით გაკეთებული განცხადებების, წევრების, პოლიტიკური პლატფორმის, საარჩევნო კამპანიის ხედვის ნეგატიურად წარმოჩენა ან დისკრედიტაცია (იხ. კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს Nგ-22-16/360 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „მთავარი არხის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და არსებითად განხილვის თარიღის დანიშვნის თაობაზე“).

31. მომჩივანის მიერ მითითებული, შპს ,,ფორმულას“ მიერ სამაუწყებლო ეთერში გადაცემული პროგრამა და სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ პლატფორმას, ხედვებს, პოზიციონირებას. ამგვარად, შპს ,,ფორმულას“ მიერ განთავსებული ინფორმაცია პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული   ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანონიერ ინტერესზე.   შესაბამისად, მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირია.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 19 ივნისი.

33. ამასთან,  კომისია  მიიჩნევს,  რომ  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 591  მუხლის მე-5 პუნქტისა და 764  მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და  კომისიის 2003 წლის 27 ივნისის   №1   დადგენილებით   დამტკიცებული   ,,საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გაწყვიტა:

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2172, 27.05.25) შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მიღებულ იქნეს განსახილველად.

2.  დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 19 ივნისს, 15:00 საათზე.

3. დაევალოს შპს „ფორმულას“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარზე წერილობითი პოზიციის წარმოდგენა 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ და   მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო   ნაწილის   კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები