შპს „ეკლეკტიკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2025 17:18
მიღების თარიღი აპრილი 03, 2025
შპს „ეკლეკტიკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „ეკლეკტიკი“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG9 25 00049192 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 3 აპრილი
I.აღწერილობითი ნაწილი
1.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ეკლეკტიკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის“ დარღვევის გამო.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025) წერილით კომისიისთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია იმ ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართ სააგენტოს არ განუხორციელებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. მათ შორის, ერთ-ერთი ავტორიზებული პირი იყო შპს „ეკლეკტიკი“.
3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ წერილის მიხედვით, სააგენტომ მომართა კომისიას ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით თუ რამდენად ახორციელებს შპს „ეკლეკტიკი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, ითხოვა კომისიამ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
4. შპს „ეკლეკტიკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 3 აპრილს 15:00 საათზე, რის თაობაზეც ავტორიზებულ პირს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/671; თარიღი:31.03.2025). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. 2025 წლის 3 აპრილს, კომისიაში შემოვიდა შპს „ეკლეკტიკის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1351; თარიღი:03.04.2025), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ- ტექნიკური სააგენტოსთვის“ გაგზავნილი 2025 წლის 2 აპრილის წერილი, სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 2 აპრილის N73436 საპასუხო წერილი და კომპანიის წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობა. კომისიის 2025 წლის 3 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „ეკლეკტიკის“ წარმომადგენელი გ. ლოლუა.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით. ასევე, ამავე კანონის 84 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
14. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
15. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
III.სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025) წერილი;
17. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-588; 17.03.2025);
18. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-608; 19.03.2025) დანართით;
19. კომისიის 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/671; 31.03.2025) და მისი შპს „ეკლეკტიკისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
20. შპს „ეკლეკტიკის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1351; თარიღი:03.04.2025), რომელსაც ერთვის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ გაგზავნილი 2025 წლის 2 აპრილის წერილი, სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 2 აპრილის N73436 საპასუხო წერილი და კომპანიის წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობა;
21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ეკლეკტიკის“ შესახებ მონაცემები;
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
22. შპს „ეკლეკტიკი“ (ს/ნ: 404556814) არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2022; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: B.M.1.1 ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.1.2 მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.1.3 როუმინგული კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება; B.M.2.2 მულტიმედიური მომსახურება; B.M.2.3 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); B.M.2.4 მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; B.M.2.5 მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; B.M.2.6 სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება);
მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
23. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. შპს „ეკლეკტიკმა“ არ შეასრულა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში;
მტკიცებულება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025) წერილი;
24. 2025 წლის 2 აპრილს, შპს „ეკლეკტიკმა“ წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით. სააგენტოს ა/წ 2 აპრილის საპასუხო წერილის თანახმად, შპს „ეკლეკტიკი“ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ეკლეკტიკმა“ კომისიას აცნობა ა/წ 3 აპრილს;
მტკიცებულება: შპს „ეკლეკტიკის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1351; თარიღი: 03.04.2025), რომელსაც ერთვის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ გაგზავნილი 2025 წლის 2 აპრილის წერილი და სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 2 აპრილის N73436 საპასუხო წერილი;
25. შპს „ეკლეკტიკი“ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას, კერძოდ, მას ჰყავს აბონენტები და აქვს შემოსავალი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურებიდან (წუთობრივი, მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, როუმინგი, SMS, სხვ.);
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-608; 19.03.2025) დანართით;
26. შპს „ეკლეკტიკის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „ეკლეკტიკის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
27. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ეკლეკტიკი“ როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
28. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება, შპს „ეკლეკტიკი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო შეესრულებინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში.
29. შპს „ეკლეკტიკს“ ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე არ მიუმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით, არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის და არ შეუსრულებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
30. შპს „ეკლეკტიკის“ მიერ ამ გადაწყვეტილების 23-ე და 29-ე პარაგრაფებში მითითებული ქმედების ჩადენით, ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
31. შპს „ეკლეკტიკის“ მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ზემოთ მითითებული სამართალდარღვევის ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ჩადენისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ეკლეკტიკს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
32. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღეს, კომისიის სხდომამდე შპს „ეკლეკტიკმა“ წარმოადგინა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ ა/წ 2 აპრილის წერილი, რომლის თანახმად, შპს „ეკლეკტიკი“ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის ამ გადაწყვეტილებით სამართალდარღვევის აღმოფხვრის დავალების აუცილებლობა სახეზე არ არის.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტის, 81 მუხლის მე-3 პუნქტის, 8 3 მუხლის პირველი პუნქტის, 84 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-4, მე-6 და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ეკლეკტიკს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ეკლეკტიკისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „ეკლეკტიკისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ეკლეკტიკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი