წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: გ-25-23 / 160

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2025 17:45

მიღების თარიღი აპრილი 10, 2025

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების  გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების თაობაზე

კომისიის სხდომის თარიღი: 10.04.2025წ.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2025 წლის 21 მარტს კომისიას მიმართა სს  „სილქნეტმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/1146) და მოითხოვა აუქციონის გამოცხადება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად  რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სიხშირული რესურსის ბლოკებზე: 10 მჰც (2X5 მჰც) 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში და 50 მჰც 3400 - 3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3  პუნქტის  თანახმად  კომისიის  ერთ-ერთ  ფუნქციას  წარმოადგენს -  ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი  ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა,  ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების   დანერგვის უზრუნველსაყოფად  და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება,  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  უფლების მოპოვების  გამჭვირვალე და  არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების  დადგენა,  ამოწურვადი რესურსით    სარგებლობის    ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება  და  ლიცენზიის/რესურსით  სარგებლობის  უფლების გაუქმება.

3. კომისია აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სიხშირული რესურსი თავისუფალია, კომისიამ 2024 წელს სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების მიზნით შეისყიდა საკონსულტაციო მომსახურება კომპანია ერნსტ&იანგისგან (საქართველოს წარმომადგენლობა შპს „იუაი“), რომლის ექსპერტების დახმარებით დაანგარიშდა 1  მჰც  სიხშირული რესურსის  სავარაუდო ღირებულება.

4. კომისიას მიაჩნია, რომ 5G ტექნოლოგიისა და მომსახურებების განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ციფრული  ეკონომიკისა  და  სხვადასხვა  დარგის    განვითარებაში.  შესაბამისად, კომისია განაგრძობს აქტიური  ნაბიჯების  გადადგმას და აუქციონისათვის მზადებას,  რისთვისაც შემუშავდა პროექტი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიიანი (თანმიმდევრული) აუქციონების  გამოცხადების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს   5G მომსახურებისათვის განკუთვნილი სიხშირეებზე აუქციონების გამოცხადებასთან დაკავშირებით სალიცენზიო პირობებს და ვალდებულებებს.

5. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად. ასევე ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე.

6.  ასევე  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის   №1   დადგენილებით   დამტკიცებული   „საჯარო   კონსულტაციების   მარეგულირებელი წესების“  მე-4  მუხლის  „ბ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისია  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   მიღებამდე   (გამოცემამდე)   აღნიშნული   წესის   შესაბამისად   საჯარო   კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს    კანონის    52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

7. ამდენად, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით კომისიამ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება საჯარო კონსულტაციები, რაც გულისხმობს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში - კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნდება ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

8. კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან უნდა გამოცხადდეს მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონი, რომელიც ხასიათდება კომპლექსურობით, მიზანშეწონილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე, რათა საჭიროების შემთხვევაში კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა, სათანადოდ შეისწავლოს დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი კომენტარები და საჭიროებისამებრ გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.

9. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 - მე-7 მუხლების თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების   გამოცხადების მიზნით;

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 2025 წლის 15 მაისი. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2025 წლის 22 მაისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი  კომენტარები  (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება  ცალკე   გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა  მე-6  პუნქტისა)  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები