2024 წელს მობილურ ინტერნეტს 4.60 მილიონი აბონენტი იყენებდა

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2024-ში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 280 000-ით გაიზარდა და 4.60 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე პერიოდში, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 8%-ით გაიზარდა და 133%-ს გაუტოლდა. რაც შეეხება სიმკვრივეს მობილური მომსახურებების აბონენტებთან მიმართებაში - აღნიშნულმა 2023 წელთან შედარებით 2%-ით მოიმატა და 75% შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, მზარდია ასევე მობილური აბონენტების რაოდენობაც, რაც 2023 წელთან შედარებით, 230 000-ით გაიზარდა ჯამურად 6.14 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ეს მატება გამოწვეულია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური აბონენტების ზრდით. იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ, 2024 წელს, მთლიანი აბონენტების 25.4% შეადგინა და 1.55 მილიონს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 4.59 მილიონი იყო.
ხოლო, რაც შეეხება მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაციას საქართველოს მოსახლეობაში, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 177% შეადგინა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მობილური ოპერატორების საბაზრო წილები 2023 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და შემდეგნაირად გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%; „სილქნეტი“ – 35%; „სელფი მობაილი“ – 23% და „ჰალო“ – 0.5%.
კომპანიების მიხედვით, 2024 წელს, „მაგთიკომს“ 1.84 მილიონი ფიზიკური პირი და 680 000 იურიდიული პირი აბონენტი ჰყავდა. „სილქნეტს“ – 1.60 მილიონი ფიზიკური პირი და 570 000 იურიდიული. „სელფი მობაილისთვის“ ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 1.12 მილიონს შეადგენდა, ხოლო იურიდიული - 300 000-ს. „ჰალოს“ მხოლოდ ფიზიკური პირი აბონენტები ჰყავდა და მათი რაოდენობა 30 000 იყო.