წვდომის მენიუ

მაისი 30, 2025 14:28

ComCom-მა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეაჯამა. წლიურ ანგარიშში მიმოხილულია მობილური და ფიქსირებული ბაზრები,  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მიღწეული შედეგები, ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, ასევე, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილია ComCom-ის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, მედიააკადემიის საქმიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნის მიზნით, დაასრულა კომპლექსური კვლევა, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობდა. კვლევაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ორივე ბაზარი არაკონკურენტულია და ორივე მათგანზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია. კვლევაზე დაყრდნობით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ საჭირო იყო მარეგულირებელი მექანიზმების ამოქმედება, რის შედეგადაც, ComCom-მა „მაგთიკომს“ სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ComCom-ის მიერ ჩატარდა ე.წ. „ბენჩმარკინგის“ კვლევა, რათა შეფასებულიყო საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ფასები, ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მომსახურებებთან მიმართებით. ანალიზით დადგინდა, რომ საქართველოში როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასები ევროპული ქვეყნების საშუალოზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დაბალი მოცულობისა თუ სიჩქარის მომსახურებები ევროპული საშუალოს მსგავსი, ან უფრო იაფია. ComCom-ის შეფასებით, აღნიშნულ გამოწვევასაც კომპლექსური კვლევის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უპასუხებს.

გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, ComCom-მა გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან 1 წლის შემდეგ, 5G აუქციონი მეორედ ჩაატარა, სადაც „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა და 5G დანერგა. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ აუქციონში 5G-ის დასანერგად საჭირო სიხშირეები „სელფი მობაილმა“ მოიპოვა.

წლიურ ანგარიშში ასევე დეტალურადაა მიმოხილული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც დაკვირვება 55-მდე მაუწყებელზე ხორციელდებოდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანი იყო; აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მაუწყებელთა ეთერში არ ისმოდა სიძულვილის ენა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ დარჩა მიკერძოება და მკვეთრი პოლარიზაცია.

გარდა ამისა, 2024 წლის ანგარიშში ასევე საუბარია საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა - “Log-In-Georgia”-ზეც, რომლის მხარდასაჭერადაც, კომუნიკაციების კომისია “ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” ახორციელებს და მიზნად ადგილობრივებისთვის ინტერნეტის გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 2024 წელს, პროგრამის ფარგლებში 2700 ბენეფიციარი გადამზადდა, ჯამურად კი პროგრამას ამ ეტაპისთვის 8000 ბენეფიციარი ჰყავს.

წლიურ ანგარიშში დეტალურადაა განხილული მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავების, ყალბ ინფორმაციასთან გამკლავების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების თვალსაზრისით მიღწეული შედეგები. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია მედიააკადემიის საქმიანობა, სადაც მედიალაბის, მედიასკოლისა და მედიაკრიტიკის პროექტებია მიმოხილული.

2024 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები