წვდომის მენიუ

ივნისი 05, 2025 11:24

ComCom-მა ქუთაისში მედიაწიგნიერების მასწავლებლებისთვის კონფერენცია გამართა

ComCom-ის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ქუთაისში კონფერენცია „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები“ გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროცესის გაძლიერებას, სწავლებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას და მიღწეული პროგრესისა თუ გამოწვევების განხილვას. აღსანიშნავია, რომ ComCom-მა კონფერენცია ორ ეტაპად დაგეგმა, რათა ღონისძიება ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლებისთვის. პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხოლო მეორე - ქუთაისში, რომელმაც დასავლეთ საქართველოს სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა გახსნეს, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება და მედიაწიგნიერებაზე, როგორც თანამედროვე სამყაროში ნავიგაციისთვის აუცილებელ კომპეტენციაზე გაამახვილეს ყურადღება.

კონფერენციის გახსნის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ახორციელებს. სიტყვით გამოსვლისას, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტზე, რომელიც 2022 წელს ComCom-ის, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და UNICEF-ის ერთობლივი ძალისხმევით დაიწყო. მარიამ დახუნდარიძის თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, ასევე დაიწყო მასწავლებელთა აქტიური გადამზადება ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც, 2023 წელს, მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე არჩევითი საგანი 6-მა საჯარო სკოლამ აირჩია, ხოლო მომდევნო წელს, ასეთი სკოლების რიცხვი გაიზარდა და 227 შეადგინა, საიდანაც 90%-ს რეგიონების სკოლები წარმოადგენენ.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას თემაზე: „მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები მედიაწიგნიერების სწავლებაში - გამოცდილების გაზიარება“, რომელსაც მედიაწიგნიერების ტრენერი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდა. დისკუსიაში მონაწილეობას ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, მაია ღუღუნიშვილი, ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან კარკაძე, ბათუმის N16 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ინგა გეგეშიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ხათუნა ბარამიძე იღებდნენ. პანელის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდები, ხოლო ამასთან, წარადგინეს ვიდეო პრეზენტაციები საგაკვეთილო პროცესის ინტერაქციულად და შემეცნებითად წარმართვის შესახებ, სადაც ნაჩვენები იყო ის სახალისო აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც  მოსწავლეები მედიაგზავნილების გაფილტვრას, ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციას, დეზინფორმაციის აღმოჩენასა თუ სიმართლის დადგენას, ასევე კიბერსაფრთხეების თავიდან არიდებას და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას სწავლობენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში სისტემური ინტეგრაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები