წვდომის მენიუ

ივნისი 17, 2025 12:51

შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ რეგისტრაცია სრულდება

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლოს აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების მომზადებას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, ასევე სოციალურ მედია მარკეტინგს და შექმნიან მრავალფეროვან მედიაპორტფელს.

მსურველები „მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოხვედრას შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ შეძლებენ. პირველი ეტაპისთვის, დაინტერესებულმა პირებმა 13 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და გაიარონ რეგისტრაცია. მეორე ეტაპზე, 16-17 ივლისს, გაიმართება წერითი ტესტირება, ხოლო ბოლო ეტაპისთვის, კონკურსანტები გაივლიან ზეპირ გასაუბრებასა და სატესტო ვიდეოჩაწერას, რაც 21-22 ივლისს ჩატარდება. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეები 4 თვის განმავლობაში, პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფისგან პრაქტიკულ ცოდნას, ხოლო კურსის დასასრულს - შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ რამდენიმე კურსდამთავრებულმა, მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციისა და მიღებული გამოცდილების დახმარებით, სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში დასაქმება უკვე შეძლო.

სასწავლო და სამუშაო შეხვედრები 8 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე, 09:00-18:00 საათებში, მედიააკადემიის სივრცეში გაიმართება. კურსის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ აღჭურვილობა, რაც რეალურ ნიუსრუმში მუშაობისთვის არის საჭირო. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს -  რეგისტრაცია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გამოგზავნეთ შეტყობინება კომუნიკაციების კომისიის ან მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდებზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები