წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნა სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახტელისა” და შპს ”ივერია ქსელის” წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას, წყვილის ჩარ

სხდომის თარიღი: ნოემბერი 05, 2009 16:00

გამოქვეყნების თარიღი

   შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვის გადადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N502/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, შპს ”ახალი ქსელებმა”, შპს ”ახტელმა” და შპს ”ივერია ქსელმა” კომისიაში წარმოადგინეს წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას, წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯები.

   სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას,  წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯების წარმოდგენილი მონაცემები კომისიაში განხილული იქნა სს ”გაერთიანებული ტელეკომისა” და შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლებთან ერთად. განხილვის შედეგად, პოზიციების შეჯერების შემდეგ, ხარჯების სტრუქტურამ ცვლილებები განიცადა.

   საქმიანობის ამ სახეზე გასაწევი ხარჯების ერთგვაროვნობიდან გამომდინარე, დასკვნისათვის, საფუძვლად არჩეული იქნა კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯების განაწილების მოდელში ასახული ეფექტური დანახარჯების შეფასების მონაცემები.

კომისიის მიერ, 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-16 მუხლის შესაბამისად - ”დანახარჯების განაწილების სისტემის შემუშავება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

ა. უნდა დადგინდეს ავტორიზებული პირის საწარმოო საქმიანობის ძირითადი სახეობები. საქმიანობის ძირითადი სახეობების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი აუცილებლობის გამომწვევი ფაქტორები და მომხმარებლებზე (მათ შორის ბოლო მომხმარებლებზე) მიწოდებული მომსახურების სხვა და სხვა სახის უზრუნველყოფასთან სპეციფიკური მიზეზობრივი კავშირი.

ბ. უნდა ჩამოყალიბდეს საქმიანობის თითოეული სახეობისათვის დანახარჯთა კატეგორიები და მუხლები. საოპერაციო დანახარჯების და კაპიტალის ხარჯების ცალკეული შემადგენელი მუხლების საქმიანობის სახეზე განაწილება უნდა მოხდეს სპეციფიური მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით;

           

კომპანიის მიერ წარმოდგენილი მოდელის მიხედვით შიდასაწარმოო საქმიანობის ზემოაღნიშნულ სახეზე ხარჯები დაანგარიშებულია 10 000 შიდა კროსირების წყვილზე/თვეში. ხარჯები დაყოფილია საოპერაციო და კაპიტალურ ხარჯებად.

ხარჯების განაწილების წარმოდგენილ მოდელში, ხარჯები საბოლოოდ გაანგარიშებულია ერთი სასადგურო ჩარჩოს მიხედვით, რომელზეც შესაძლებელია 128 წყვილის მიერთება, ანუ შესაძლებელია DSL მომსახურებას ღებულობდეს 64 აბონენტი (რადგანაც, ერთი აბონენტის DSL მომსახურების მიწოდებისათვის საჭიროა ორი კროსირების წყვილის გამოყოფა). კომისიის ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად ხარჯები გამოანგარიშებული და განაწილებული უნდა იქნეს არა ერთ სასადგურო ჩარჩოზე, არამედ ერთ აბონენტზე და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში ზღვრული ტარიფი უნდა დადგინდეს, ერთი აბონენტის DSL მომსახურების მიწოდებისათვის წყვილების რესურსთან დაშვებისათვის ერთჯერადი ხარჯების ასანაზღაურებლად. 

            სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ხარჯების განაწილების მოდელიდან, კერძოდ, საოპერაციო ხარჯების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა: დასუფთავების, სახანძრო საშუალებების, დაცვასა და სიგნალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რადგანაც ეს ხარჯები უკვე გათვალისწინებულია სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფში (11.68 ლარი). შესაბამისად, საოპერაციო და მოვლა დაზიანებების აღმოფხვრის ხარჯებში აისახა შემდეგი ხარჯები: კროსირების მავთული, კროსირებისათვის საჭირო ხელსაწყოები (როგორც სწრაფცვეთადი აღჭურვილობა), საკანცელარიო ქაღალდი და შრომის ანაზღაურება.

            აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით ერთ წყვილზე დანახარჯმა 0.1159 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ DSL აბონენტზე (ორ წყვილზე) 0.2319 ლარი. 5 წლიან პერიოდზე გადაანგარიშებით, თვეში 2,05% (კაპიტალის ღირებულება 24.54% ერთ თვეზე გადაანგარიშებით) გათვალისწინებით, კაპიტალიზებული ერთჯერადი გადასახდელი თანხა 7.97 ლარია (დღგ-ს გარეშე).

            თავდაპირველად წარმოდგენილი ერთჯერადი კაპიტალიზირებადი ხარჯების ჩამონათვალიდან (აქტივების ჩამონათვალიდან) გამორიცხული იქნა: სახაზო ჩარჩო, სახაზო დამცველი, სახაზო სიგნალიზაცია, ვერტიკალის სიგნალიზაცია და კროსის კაბელმზიდი. როგორც საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც ისინი გათვალისწინებულია სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფში (11.68 ლარი). ამასთან, კაპიტალურ ხარჯებში, კროსის კონსტრუქციასა და სასადგურო ჩარჩოს, დაემატა მის მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების ღირებულება და აბონენტის ჩართვასთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა კროსირების მავთული, ადმინისტრირების, ექსპერტიზისა და საპროცედურო ხარჯები.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინების შემდეგ, ერთ წყვილზე ერთჯერადი კაპიტალიზირებადი ხარჯები შეადგენს - 4.67 ლარს, ხოლო ერთ DSL აბონენტზე (ორ წყვილზე) 9.33 ლარს დღგ-ს გარეშე. DSL აბონენტის უშუალოდ ჩართვასთან დაკავშირებული ადმინისტრირების ხარჯები - 0.80 ლარს. ანუ, სულ ერთი DSL აბონენტისათვის (ორ წყვილზე) ერთჯერადად გაწეული ხარჯები დღგ-ს გარეშე ჯამში შეადგენს - 18.11 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 21.37 ლარს.

            ანალოგიური ხარჯები, იგივე მოცულობებითა და ფასებით უნდა იქნეს გათვალისწინებული სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საკუთარი ერთი DSL აბონენტისათვის.

 

დანართი: ცხრილი 3 ფურცელზე    

სტრატეგიული განვითარებისა და

კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი                                                 გ. ბუთბაია

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები