ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაციის წესი
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს4“ ქვეპუნქტით, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება განიმარტება როგორც „მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანი ან არსებითი ფუნქციონალი არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზებას, კერძოდ, ჩვენებას, მონიშვნასა და თანამიმდევრობას, განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით“.
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება ექვემდებარება ავტორიზაციას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესავსები ფორმა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესავსები ფორმა
ფიზიკური პირის მიერ შესავსები ფორმა
განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს პირთა ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.
ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. პირებს უფლება აქვთ, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება დაიწყონ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.