”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2019 12:33

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

 

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”

                        ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

დაადგინა:

  1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება თანდართული სახით;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                 დიმიტრი ქიტოშვილი

წევრი                                                                                                                                  დავით პატარაია

წევრი                                                                                                                                  გიორგი ფრუიძე

წევრი                                                                                                                                  ზურაბ ნონიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2007 წლის 16  მარტის  № 3 დადგენილებით

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დებულება

 

მუხლი 1. კომისიის სამართლებრივი სტატუსი და შექმნის წესი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ”კომისია”) სამართლებრივ სტატუსს, მისი შექმნის წესსა და მიზნებს, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის კომპეტენციას, კომისიის აპარატის სტრუქტურას, კომისიის ბიუჯეტს, აგრეთვე ლიკვიდაციის წესსა და პირობებს.

2. ამ დებულების მიღების სამართლებრივი საფუძველია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) არის მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანო,  რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

4. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ”დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, ”მაუწყებლობის შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონებით.

5.  კომისიის შექმნის წესი განსაზღვრულია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. კომისიას მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.

7.  კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

8. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18.

მუხლი 2. კომისიის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქარ­თველოს კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

2. კომისიის ფუნქციები და საქმიანობის საგანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“  საქართველოს კანონებით.

3.  კომისიის ფუნქციები და საქმიანობის საგანი მაუწყებლობის სფეროში განსაზღვრულია ”მაუწყებლობის შესახებ” და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონებით.  კომისია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4  მუხლითა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების - საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის, ხოლო მათ საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, ქმნის ტელემეტრულ სისტემას.

4. კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.

5. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას სათათბირო ორგანოები. სათათბირო ორგანოების სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის ერთ-ერთი წევრი. სათათბირო ორგანოები წარმოადგენენ კომისიის საკონ­სულტაციო ორგანოებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან სატელეკომუნიკაციო სფეროს ცნობილი სპეციალისტები, საზო­გადოებრივი სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სატელეკომუნიკაციო  სფეროს სუბიექტების წარმომადგენლები.

მუხლი 3. კომისიის აპარატი

1. კომისიის აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტი;

გ) სამართლებრივი დეპარტამენტი;

დ) მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი;

ე)  მონიტორინგის დეპარტამენტი;

ვ) რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტი;

ზ) საფინანსო დეპარტამენტი;

თ) სამეურნეო დეპარტამენტი.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)  კომისიის საკანცელარიო საქმისწარმოება; კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და სისტემატური მონიტორინგის განხორციელება; კომისიის აპარატში საქმიანი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;  კომისიის საიდუმლო ხასიათის დოკუმენტაციის საქმისწარმოება;

ბ) კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული კომისიის აპარატის დეპარტამენტების მიერ შესასრულებელი დავალებების შესრულების,  კომისიის თავმჯდომარის ბრძანებებით, კომისიის საოქმო  დავალებებით და კომისიის მონაწილეობით გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადების დაცვის სისტემატური მონიტორინგის განხორციელება; კომისიის აპარატში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;

გ) კომისიის სხდომებისა და აპარატის სამუშაო თათბირების გამართვის ორგანიზება; კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტების შედგენა და ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება; კომისიის საოქმო და  საარქივო საქმისწარმოებები;

დ)  კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის ორგანიზება და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ე)   ადამიანური რესურსების მართვა; კომისიის აპარატის მუშაკთა საკადრო საქმისწარმოება და კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის განხორციელებაზე მონიტორინგი;

ვ)  რადიოსიხშირული და ნუმერაციის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარების ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე ლიცენზიის გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა) თაობაზე; უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;

ზ)  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში პირთა საქმიანობის  ავტორიზაცია და ავტორიზებულ პირთა რეესტრის წარმოება;

თ)   კომისიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა (საინფორმაციო-პროგრამული სისტემებისა და შიდა-გლობალური  ქსელების მართვა და კომპიუტერული ბაზის  ადმინისტრირება);

3. სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებია:

ა)   კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმებისა და პროექტების მომზადება;  კომისიის საქმიანობის წლიური ანაგარიშის პროექტის მომზადება;

ბ)  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის განვითარების ტენდენციების კვლევა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (კომისიის საერთო სტატისტიკური საანგარიშგებო ბაზის მართვა), პერიოდული მიმოხილვის მომზადება, განვითარების სტრატეგიული მიმართულებების თაობაზე წინადადებათა შემუშავება და პროექტების დაგეგმვა კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების ფუნქციების გათვალისწინებით;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ცალკეული სეგმენტების კონკურენტუნარიანობის კვლევა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირების დადგენა და მათზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებებისა და პირობების განსაზღვრა; შერწყმისა და წილების შეძენის კვლევა და ანალიზი;

დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის სეგმენტებზე კომისიის გადაწყვეტილებათა გავლენის შედეგების ანალიზი; კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების ეკონომიკური ანალიზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, კომისიის მიერ მომზადებული საქმიანობის სტრატეგიული გეგმებისა და პროექტების განხორციელებისას დასახული მიზნების გათვალისწინებით;

ე)  კომისიის წევრების, კომისიის აპარატის მუშაკების, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების, აგრეთვე ყველა დაინტერესებული პირის (სათანადო მომართვის შემთხვევაში) მაუწყებლობისა და კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების ეკონომიკური და ტექნიკური შინაარსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე კონსულტირება;

ვ)     კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია.

4. სამართლებრივი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)   ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე პირებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; კომისიაში სხვა უწყებებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების პროექტების მომზადება;

ბ)  კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ან/და კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ)   კომისიის შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმომადგენლობა;

დ)  კომისიის წევრების, კომისიის აპარატის მუშაკების, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების, აგრეთვე ყველა დაინტერესებული პირის (სათანადო მომართვის შემთხვევაში) მაუწყებლობისა და კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესახებ  კონსულტირება;

ე)  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომხარებელთა საჩივრების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის მომზადება და წარმართვა, აგრეთვე, ერთი მხრივ, ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა და, მეორე მხრივ, მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ვ)  ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის ადმინისტრაციული წარმოება;

ზ)   კომისიის აპარატის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი სამსახურებრივი ბარათისა და დასკვნის,  შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, დამრღვევი ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა  (სააღსრულებო წარმოება);

თ)   კომისიის სახელით გასაფორმებელი კონტრაქტების პროექტების მომზადება და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხების მომზადება.

5. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და მისი გათვალისწინებით ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შემუშავების ორგანიზება; ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ტელერადიომაუწყებლობის დამტკიცებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება;

გ) მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად სამაუწყებლო კონკურსის ჩატარების  მიზნით ადმინისტრაციული წარმოება; ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების, მოდიფიცირების,  ლიცენზიის გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა) თაობაზე;

დ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან შეთანხმებებით, აგრეთვე სამაუწყებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის – მაუწყებლობის შესახებ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონების, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, კომისიის სხვა დადგენილებებით განსაზღვრული, აგრეთვე კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი და შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომისიის ურთიერთობის ორგანიზება და კომისიის საქმიანობაზე ყოველთვიური პრეს-რელიზის მომზადება; კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება, აგრეთვე კომისიის საქმიანობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ანოტაციების მომზადება;

ვ) საზოგადოებასთან კომისიის ურთიერთობის უზრუნველყოფა.

6. მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)   ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, ავტორიზებული პირებისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესარულებაზე მონიტორინგი და შემოწმება; შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ბ)   კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესრულების  მონიტორინგი და შემოწმება; შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

გ)   ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფობელთა მიერ გამოყენებული ქსელებისა და საშუალებების (მოწყობილობების) აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

დ)   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირთა მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლი, დარღვევათა გამოვლენა და შემოწმების აქტების შედგენა;

ე)   სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის შესაბამის ანგარიშებზე გადახდის კონტროლი და შესაბამისი შემოწმების აქტის შედგენა, დარღვევათა გამოვლენისას შემოწმების აქტის სამართლებრივ დეპარტამენტში მიმართვა.

7. რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) რადიოსიხშირეთა ეროვნული გეგმის მოდიფიცირება, რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმარებისა და განაწილების, ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და საერთაშორისო კოორდინაციის უზრუნველყოფა, რადიომონიტორინგის სისტემის ტექნიკური უზურნველყოფა და მართვა;

ბ)  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მუდმივი და სისტემატური მონიტორინგი, გამოვლენილ ხელშეშლებზე რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

გ)  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი წესით რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

დ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა და მოდიფიცირება არსებული პრაქტიკისა და რადიომოყვარულთა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარების წესების რეგულირება   და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების კოორდინაცია.

8. საფინანსო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)   კომისიის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება;

ბ)  კომისიის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტთან კოორდინირებულად  და კომისიის წლიური  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება;

გ)   სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის ყოველთვიური ანალიზი და შედეგების მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება; 

9.  სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)    კომისიის აპარატის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობების უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფითი საქმიანობა და კომისიის ქონების მართვის ორგანიზება.

მუხლი 4. მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

                 კომისიასთან მოქმედებს კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებელი მომხმარებელთა  ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

ა)  ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მომხმარებელთა  უფლებებისა და კანონიერი  ინტერესების დაცვა, მათ შორის მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათ თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მომხმარებლებზე კომისიის სარეგულაციო გადაწყვეტილებათა გავლენის შედეგების ანალიზი და პროგნოზირება; კომისიის მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე;

გ)  მომხმარებლის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებთან დავაში, კომისიაში, აგრეთვე სასამართლოში.

მუხლი 5. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი კომპეტენცია

1. კომისიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს;

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა)უძღვება კომისიის სხდომებს;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის ხეკლშეკრულებას;

გ) ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ მართვას და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას; ანაწილებს დავალებებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის; აპარატის მუშაკთა შრომითი მოტივაციის მიზნით იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

დ) ამტკიცებს აპარატის საქმისწარმოების რეგლამენტსა და აპარატის შინაგანაწესს;

ე) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს;

ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორ­ციელებას.

მუხლი 6. კომისიის ანგარიშვალდებულება

კომისიის ანგარიშვალდებულების წესი და პირობები განისაზღვრება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლითა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13  მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7. კომისიის ბიუჯეტი

კომისიის ბიუჯეტი განისაზღვრება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 8. რეორგანიზაციის  და ლიკვიდაციის წესი

კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.

მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კომისიის დადგენილებით.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები