„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 11:48

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2015 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი

 „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით (სსმ III. 18.03.2009 №32 მუხ. 377) დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში" შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის მეთოდური მითითებები (ხერხები და საშუალებები), რომელთა გამოყენებით მაუწყებელს შეუძლია დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი პრინციპები და წესები. ჟურნალისტების, რედაქციებისა და მაუწყებლების დახმარება სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით. ეს რეკომენდაციები ეხმარება მაუწყებლებს მომსახურების წესების, პირობების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში; სახელმძღვანელო რეკომენდაციები ასევე ეხმარება ჟურნალისტებს, რედაქტორებს და მაუწყებელს სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.“

2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ."

3. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაიცვას სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება პოლიტიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, რელიგიური ან/და სხვა სახის ზეწოლისგან.“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი               მერაბ ქათამაძე

თავმჯდომარე                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი               გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები