ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2020 10:11

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2020

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2020 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
 
საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (www.matsne.gov.ge, 20/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) 99-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება“ თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივნისიდან.

კომისიის წევრი   ელისო ასანიძე
კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი   მერაბ ქათამაძე
დანართი

 

ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება

 

 
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
 
1. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულებით (შემდგომში „დებულება“) განისაზღვრება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები, მათ შორის, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლების და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები.
2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინტერნეტმომსახურებას ან საკუთარი  ინტერნეტგვერდის საშუალებით ინტერნეტში განათავსებს ინფორმაციას, კერძოდ, აუდიოვიზუალურ პროდუქციას (პროგრამები, თამაშები, ფილმები, მათ შორის ანიმაციური ფილმები და სერიალები),  თუ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე.
3. ამ დებულებით არ რეგულირდება ბავშვების მიერ ინტერნეტის ჭარბი მოხმარების, ინტერნეტში ბავშვის ფსიქოლოგიური ჩაგვრის, შევიწროების, დევნის (მათ შორის, დამცირება, დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი), ბავშვის პერსონალური მონაცემების  უსაფრთხოების და ინტერნეტქსელში  უცხო პირებთან კომუნიკაციის საფრთხეებისგან ბავშვის დაცვის საკითხები. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (აპლიკაცია), ასევე ინტერნეტში ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ განთავსებულ აუდიოვიზუალურ პროდუქციაზე, რომელზეც ვიდეო-გაზიარების პლატფორმის მფლობელს არ გააჩნია სარედაქციო პასუხისმგებლობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის ცნობილი გახდება ინტერნეტში ისეთი ინფორმაციის განთავსების თაობაზე, რომელიც იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, კომისია შესაბამისი რეაგირების მიზნით მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

მუხლი 2. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების ძირითადი პრინციპები
 
1.ბავშვებისათვის ონლაინსაფრთხეების შეფასებასა და  შემცირებაში უპირატესი როლი აკისრია მშობელს. ამ დებულებით განსაზღვრული რეგულაცია მიმართულია მშობლის მიერ ბავშვებისთვის ონლაინსაფრთხეების თავიდან აცილების ხელშეწყობაზე. 
2. კომისიის მიერ ბავშვებისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  განთავსების მოწესრიგების მიზნით განხორციელებული ზომები უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, უნდა იყოს  მოსალოდნელი რისკის პროპორციული, ეფექტიანი და ადეკვატური. ამავდროულად, კომისიის მიერ ბავშვებისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  განთავსების მოწესრიგების მიზნით განხორციელებული ზომები არ უნდა ზღუდავდეს ინტერნეტით მოსარგებლე სხვა პირთა კანონიერ ინტერესს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და, ასევე, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად.

 

მუხლი 4. კომისიის როლი და ფუნქციები
 
საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დაკისრებული ფუნქციების განხორციელების  მიზნით, კომისია:
ა) განახორციელებს  ინტერნეტგვერდების მონიტორინგს საკუთარი ინიციატივით, შერჩევითად ან/და შემოსული განცხადების საფუძველზე;
ბ) მედია, წიგნიერებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებისთვის ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ (მათ შორის, ინტერნეტში ბავშვის ფსიქოლოგიური ჩაგვრის, შევიწროების, დევნის (მათ შორის, დამცირება, დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი), ბავშვის პერსონალური მონაცემების  უსაფრთხოების და ინტერნეტქსელში  უცხო პირებთან კომუნიკაციის საფრთხეებისგან ბავშვის დაცვის საკითხების შესახებ).

 

მუხლი 5. საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა
 
1. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი  ვალდებულია გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56​2 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის კატეგორიების დასადგენად და მიანიჭოს ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება.
2. შემდეგი სპეციალური შემზღუდავი ნიშანი უნდა გამოისახოს ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ინფორმაციაზე:
ა) ,,18“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;
ბ) ,,15“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის;
გ) ,,12“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;
დ) ,,7“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის.
3. ინტერნეტგვერდებზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მხოლოდ ბავშვები (მათ შორის, საგანმანათლებლო ინტერნეტგვერდები, საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო გვერდები, ინტერნეტგვერდები, სადაც  განთავსებულია საბავშვო ფილმები და თამაშები) აკრძალულია ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით განთავსება.
4. 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით.
5. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144​11 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 6. ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  გაფილტვრა
 
1. ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი  ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული აბონენტის მოთხოვნით, მისთვის დაბლოკოს (შეზღუდოს წვდომა) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა,  ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.
2. ინტერნეტსივრცეში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გაფილტვრის ხელშეწყობის მიზნით, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლებისა და მშობლებისთვის შემუშავდება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სია, შესაბამის ასაკობრივ ნიშანდებაზე მითითებით.
3. ინტერნეტგვერდის მფლობელი ვალდებულია კომისიას აცნობოს თავისი ინტერნეტგვერდის მისამართი ინტერნეტგვერდის შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მითითებით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომისიას შეჰყავს ინტერნეტგვერდები ინტერნეტგვერდის მფლობელის მიერ მინიჭებული შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებით  ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში, რომელსაც აქვეყნებს თავის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე (www.gncc.ge).  ინტერნეტგვერდის მფლობელის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ინფორმაცია მინიჭებული ასაკობრივი ნიშანდების თაობაზე უცვლელი სახით შეიტანება ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში, არ საჭიროებს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და არ ექვემდებარება  შეფასებას გამოქვეყნებამდე.
4. თუ ინტერნეტგვერდის მფლობელი არ აცნობებს კომისიას საკუთარი ინტერნეტგვერდის მისამართს ან ინტერნეტგვერდს არ აქვს შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება ან მინიჭებული აქვს მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ასაკობრივი ნიშანდება და კომისია მონიტორინგის ან კომისიაში შემოსული განცხადების საფუძველზე ფლობს  ინფორმაციას ასეთი ინტერნეტგვერდის შესახებ, კომისია უფლებამოსილია შეიყვანოს ინტერნეტგვერდი  ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში, მისთვის შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭებით.
5. ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კვირაში ერთხელ განაახლოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების დაბლოკვის (წვდომის შეზღუდვის) მექანიზმი ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.
6. მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს აქვს უფლება, მიმართოს კომისიას განცხადებით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში ინტერნეტგვერდის შეტანისა და მათთვის შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭების მიზნით, ასევე, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდის გაფილტვრის ვალდებულების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.
7. ინტერნეტგვერდის ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში შეტანის,  ინტერნეტგვერდისთვის ასაკობრივი ნიშანდების მინიჭების ან მინიჭებული ასაკობრივი ნიშანდების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას კომისია იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას მიაწოდონ ინფორმაცია არაუგვიანეს 2020 წლის პირველ ივნისამდე საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ 66-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები