„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2021 13:11

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2021 წლის 9 დეკემბერი

. თბილისი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზესაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 

ადგენს:

მუხლი 1

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:

„12. დამტკიცდეს საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი.“.

მუხლი 2

საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაწყებულ შესაბამის საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებებზე.

მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი

 

ნათია კუკულაძე

კომისიის წევრი

 

ეკატერინე იმედაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

 

 

 

  

დანართი  №14

საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ საჯარო კონსულტაციების გამართვის პირობებს, წესებსა და პროცედურებს.

2. საჯარო კონსულტაციების მიზანია კომისიის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და დაინტერესებული მხარეებისთვის საკუთარი მოსაზრებების ეფექტიანად გამოხატვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

3. საჯარო კონსულტაციები არ ემსახურება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჩანაცვლებას. იგი კარგი მმართველობის პრინციპის გამოვლინებაა და ეხმიანება სულისკვეთებას, რომ გადასაწყვეტი საკითხის შესახებ დაინტერესებული მხარეების წარმოდგენილი მოსაზრებებისა და ინფორმაციის სრულყოფილად განხილვით გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის ტერმინი „საჯარო კონსულტაციები“ ნიშნავს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესის ფარგლებში გამართულ პროცედურას, რომლის განმავლობაშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს კომისიის მიერ დადგენილი წესით შეუძლია წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში – კომენტარების) წარდგენა კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტთან დაკავშირებით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ ის მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

მუხლი 3. საჯარო კონსულტაციების გამართვის პრინციპები

საჯარო კონსულტაციები იმართება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) გამჭვირვალობა – საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია, კონსულტაციების შედეგების ჩათვლით, გარდა სახელმწიფო, პროფესიული, კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისათვის;

ბ) ობიექტურობა – დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა კომენტარი განხილულ უნდა იქნეს ობიექტურად და მიუკერძოებლად;

გ) დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება, წარმოადგინოს წერილობითი კომენტარები საჯარო კონსულტაციისთვის წარდგენილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტთან დაკავშირებით;

დ) ანგარიშვალდებულება – დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი ყველა წერილობითი კომენტარი უნდა იქნეს განხილული და მათზე პასუხები გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 4. საჯარო კონსულტაციის გამართვის საფუძვლები

კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად  საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში:

ა)  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას.

ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

გ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.

დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს და ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია.

 

თავი II. საჯარო კონსულტაციების გამართვის წესები და პროცედურები

მუხლი 5. საჯარო კონსულტაციების გამოცხადება

1. საჯარო კონსულტაციები ცხადდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მიღებული კომისიის გადაწყვეტილებით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კომისია განსაზღვრავს კომენტარების წარდგენის ვადას და პირობებს.

2. საჯარო კონსულტაციების გამოცხადებასთან ერთად, კომისია ამ მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას გამოაქვეყნებს კომისიის ვებგვერდზე www.comcom.ge მოცემულ შესაბამის ერთიან საინფორმაციო სივრცეში, სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

3. საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) ცნობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, სადაც მითითებულია:

ა.ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, სადაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;

ა.ბ) ინფორმაცია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ;

ა.გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის გამოცემის ვადები;

ა.დ) მისამართი/ელფოსტის მისამართი კომენტარების წარსადგენად, ასევე, საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა);

ა.ე) კომენტარების წარდგენის ვადა;

ბ) გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;

გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტი;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში ასევე – განმარტებითი ბარათი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;

ე) სხვა ინფორმაცია, რასაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.

4. საჯარო კონსულტაციების გამოცხადებამდე კომისიამ (კომისიის აპარატმა), შესაძლოა, გამართოს წინასწარი არაფორმალური შეხვედრები/დისკუსიები დაინტერესებულ მხარეებთან. ასეთი შეხვედრები/დისკუსიები არ ანაცვლებს საჯარო კონსულტაციებს, თუმცა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს კომისიის მიერ კონსულტაციებისთვის მოსამზადებლად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შესამუშავებლად და ა.შ.

მუხლი 6. საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობის ვადა

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ამ წესის შესაბამისად იმართება საჯარო კონსულტაციები, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 3 თვეს, თუ კომისიის რეგულირებული სფეროს სპეციალური კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა განისაზღვრება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით.

3. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა დამატებით გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვის ვადით. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციული წარმოების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 7. კომენტარების წარდგენის ვადები

1.  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები.

2. კომისია უფლებამოსილია გააგრძელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად. კომენტარების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომისიის ვებგვერდზე, სადაც ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციაა წარმოდგენილი.

მუხლი 8. კომენტარების წარდგენა

1. ყველა დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტზე წარადგინოს წერილობითი კომენტარები.

2. კომენტარები წარედგინება საჯარო კონსულტაციისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შესახებ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე/ელ. ფოსტაზე.

3. დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი კომენტარი მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარდგენილ მოსაზრებად.

4. დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სრულად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომენტარი ან მისი ნაწილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიიჩნევა კონფიდენციალურად) ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე, ერთიან საინფორმაციო სივრცეში, სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

5. კომენტარებში მოცემული ინფორმაცია ღიაა,  გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა. კომენტარში მოცემული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლოდ/კონფიდენციალურად მიჩნევის შემთხვევაში, შესაძლოა, კომენტარის წარმდგენს მოეთხოვოს კომენტარის არაკონფიდენციალური ვერსიის მოწოდება.

მუხლი 9. კომენტარების განხილვა

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტზე კომენტარების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია მართავს ზეპირ მოსმენას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

2. ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისია აქვეყნებს კომენტარების განხილვების ცხრილს დანართი №14.1-ის შესაბამისად. განხილვების ცხრილში მითითებული უნდა იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო პირები, რომლებმაც წარადგინეს კომენტარები, და საჭიროების შემთხვევაში, კომენტარების შემცველი დოკუმენტის მიღების თარიღი და ნომერი;

ბ) კომენტარები;

გ) კომისიის პასუხ(ებ)ი კომენტარებზე:

გ.ა) დასაბუთება ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო პირის შესაბამისი კომენტარის გათვალისწინების, გაუთვალისწინებლობის ან ნაწილობრივ გათვალისწინების შესახებ, ან/და

გ.ბ) მითითება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტის დებულებებზე, რომლებიც შესწორდა/შეიცვალა წარმოდგენილი კომენტარის შესაბამისად და პროექტის დებულებების შეცვლილი რედაქცია.

3. კომისია უფლებამოსილია, კომენტარების განხილვის ცხრილში ასევე შეიტანოს დასაბუთება, რომელიც შეეხება ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილი კომენტარების გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის საკითხებს.

4. კომისიას უფლება აქვს, არ განიხილოს კომენტარები, რომლებიც წარდგენილია კომენტარებისთვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან არ უკავშირდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საგანს.

5. კომისია უფლებამოსილია, კომენტარებს უპასუხოს დაჯგუფებულად, შესაბამისი საკითხების მიხედვით. დაჯგუფებამ არ უნდა გამოიწვიოს კომენტარის აზრის შეცვლა ან/და უპასუხოდ დატოვება.

6. განხილვების ცხრილი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე, ერთიან საინფორმაციო სივრცეში, სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

7. კომისია ზეპირი მოსმენისა და დადგენილი წესით წარდგენილი ყველა კომენტარის განხილვის შემდეგ შესწორებებს შეიტანს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში ან უცვლელად დატოვებს მას. კომისია უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ განსახილველი ადმინისტრაციული წარმოების საგნის ფარგლებში. კომისია ახლიდან გამართავს საჯარო კონსულტაციებს ან გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების და კომენტარების წარდგენის ვადას, თუ დაინტერესებულ მხარეთა შენიშვნების გათვალისწინებით ან/და კომისიის ინიციატივით არსებითად შეიცვლება თავდაპირველად გამოქვეყნებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტი.

მუხლი 10. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობა

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც იმართება საჯარო კონსულტაციები, მიმდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ამ წესის თავისებურებების გათვალისწინებით.

დანართი 14.1

ადმინისტრაციული ორგანო/ კერძო პირი და, საჭიროების  შემთხვევაშიკომენტარების შემცველი დოკუმენტის თარიღი და ნომერი

კომენტარები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი კომენტარებზე

ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, დოკუმენტის თარიღი და ნომერი

კომენტარი 1

პასუხი კომენტარზე 1

კომენტარი 2

პასუხი კომენტარზე 2

ორგანიზაციის დასახელება, დოკუმენტის თარიღი და ნომერი

კომენტარი 1

პასუხი კომენტარზე 1

კომენტარი 2

პასუხი კომენტარზე 2

ფიზიკური პირის სახელი და გვარი (ინიციალები), დოკუმენტის ნომერი და თარიღი

კომენტარი 1

პასუხი კომენტარზე 1

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები