„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2022 11:31

მიღების თარიღი ივნისი 23, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2022 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

 

მუხლი 1
 „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ  „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების შესაბამისად, გამოყოფს ნუმერაციის თავისუფალ რესურსს (მოკლე ტექსტური შეტყობინების ნომრებიდან 999XX) და ანიჭებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს მომხმარებლის მიერ პორტირების მოთხოვნის დასაფიქსირებლად“;

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) დასაპორტირებელი სააბონენტო ნომერი – სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირების თაობაზე პორტირების მსურველ პირს განაცხადი აქვს წარდგენილი მიმღებ ოპერატორთან;

მ) დისტანციური არხი – ვებგვერდი/აპლიკაცია, კომუნიკაცია ხმოვანი სატელეფონო კავშირით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა დისტანციური საშუალებით“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე გეოგრაფიული სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე  ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთსა და იმავე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში, ხოლო არაგეოგრაფიული ფიქსირებული მომსახურებისთვის განკუთვნილი ნუმერაციის რესურსის შემთხვევაში – ნებისმიერ გეოგრაფიულ ზონაში.

4მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:

9. დონორი ოპერატორი ვალდებულია ფიზიკური პირის ბოლო მომხმარებლის (აბონენტი) მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი მობილური სატელეფონო ნომრის პორტირების ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემზღუდველი გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. ფიზიკურ პირს ბოლო მომხმარებელს (აბონენტს) უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს როგორც პირადად, დონორის სერვისცენტრისთვის მიმართვის გზით, ისე დონორის საინფორმაციო სამსახურის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ხმოვანი სატელეფონო კავშირის შედეგად ან დონორი ოპერატორის მიერ შემუშავებული სპეციალური ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით. მომხმარებელს (აბონენტს) სატელეფონო ნომრის პორტირების ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემზღუდველი გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე ინფორმაცია ასევე მიეწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საინფორმაციო სამსახურის სატელეფონო ნომერზე სატელეფონო მიმართვისას, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია:

ა) მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის საინფორმაციო სამსახურის სატელეფონო ნომერზე სატელეფონო ზარის განხორციელება იმ მობილური სატელეფონო ნომრიდან, რომლის პორტირების შესაძლებლობის თაობაზე ხდება ინფორმაციის მოთხოვნა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მობილური სატელეფონო ნომრის მფლობელი ბოლო მომხმარებლის (აბონენტის)  პირადი ნომრის მითითება.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებისას აბონენტის იდენტიფიცირება ხორციელდება ამ ინტერაქტიული მეთოდით რეგისტრაციისას მიღებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით ან ამ მეთოდისთვის დამახასიათებელი სხვა საშუალებით.

12. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მისაღებად დონორი ოპერატორისთვის ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ იდენტიფიცირების მიზნით მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა დონორი ოპერატორის ბაზაში არსებულ ნომრის მფლობელის მონაცემებს, დონორი ოპერატორი არ გასცემს მოთხოვნილ ინფორმაციას და აცნობებს, რომ მომხმარებელი არ არის იდენტიფიცირებული.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​1 და 2​2 პუნქტები:

„2​1. მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული მიმღები ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს პორტირების მსურველი ფიზიკური პირის შესაძლებლობა წარადგინოს სააბონენტო ნომრის პორტირების მოთხოვნა, როგორც წერილობით, ასევე, ვებგვერდის/აპლიკაციის საშუალებით. მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული მიმღები ოპერატორი უფლებამოსილია პორტირების მსურველ ფიზიკურ პირს შესთავაზოს სააბონენტო ნომრის პორტირების მოთხოვნის წარდგენა მიმღები ოპერატორის საინფორმაციო სამსახურის სატელეფონო ნომერზე ხმოვანი სატელეფონო კავშირით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით, დასაპორტირებელი სააბონენტო ნომრის მეშვეობით.

2​2. მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული მიმღები ოპერატორი სააბონენტო ნომრის პორტირების განაცხადის  დისტანციური არხით მიღების შემთხვევაში, პორტირების მსურველ ფიზიკურ პირს  დასაპორტირებელ ნომერზე უგზავნის  კოდს, რომლის მეშვეობით პორტირების მსურველმა პირმა უნდა უზრუნველყოს პორტირების თაობაზე განაცხადის წარდგენის დასრულება“.

6. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მობილური სააბონენტო ნომრის პორტირებისას სტანდარტული სიმბარათ(ებ)ის მიღების ადგილის მითითების შემთხვევაში, პორტირების სასურველ დროს;“;

7. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.ზ.“ და „ა.თ“ და „ა.ი.“ ქვეპუნქტები:

„ა.ზ) სასურველი სიმბარათის ტიპს: სტანდარტული თუ ელექტრონული;

ა.თ) მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში, სტანდარტული სიმბარათ(ებ)ის მიღების ადგილს;

ა.ი) მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში, სტანდარტული/ელექტრონული სიმბარათის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს, თუ ეს პირი არ წარმოადგენს დასაპორტირებელი სააბონენტო ნომრის მფლობელს. “.

8.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ვ) პორტირების დროს; მობილური სააბონენტო ნომრის პორტირებისას სტანდარტული სიმბარათ(ებ)ის მიღების ადგილის მითითების შემთხვევაში, პორტირების შეთანხმებულ დროს;“.

9. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5​1  პუნქტი:

,,5​1.  ნომრის პორტირებაზე თანხმობის შემთხვევაში:

ა) დონორმა ოპერატორმა უნდა განახორციელოს სააბონენტო ნომრის დეაქტივაცია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მიერ განსაზღვრულ დროს;

ბ) მიმღებმა ოპერატორმა  უნდა განახორციელოს სააბონენტო ნომრის აქტივაცია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მიერ განსაზღვრულ დროს;“.

10. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უარის თქმის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში მიმღები ოპერატორი ვალდებულია, ფიქსირებული სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში პორტირების განაცხადში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით, ხოლო მობილური სააბონენტო ნომრის შემთხვევაში დასაპორტირებელ ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით  აცნობოს პორტირების მსურველ პირს სააბონენტო ნომრის პორტირებაზე განაცხადის დაკმაყოფილებისა და პორტირების თარიღისა და დროის, ასევე ტელეფონის გათიშვის დროის შესახებ, დონორი ოპერატორისგან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე.“.

11.  მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9, მე-10, მე-11 და     მე-12  პუნქტები:

,,9. მიმღებ ოპერატორსა და მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების მსურველ  ფიზიკურ პირს შორის სააბონენტო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არაუგვიანეს პორტირების პროცესის დასრულებამდე  ერთი საათით ადრე. ამ ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში პორტირების პროცესი წყდება.

10. მიმღები ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების მსურველ ფიზიკურ პირთან   მომსახურების  ხელშეკრულების გაფორმება, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ან/და გამარტივებული დისტანციური პროცედურით, რა დროსაც ფიზიკურ პირს ბოლო მომხმარებელს (აბონენტს) უნდა შეეძლოს დისტანციურად გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და პირობებზე თანხმობა განაცხადოს მიმღები ოპერატორის მიერ დასაპორტირებელ ნომერზე გაგზავნილი კოდის გამოყენებით.

11. მიმღები ოპერატორი ვალდებულია შეინახოს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) თანხმობა მომსახურების ხელშეკრულების დადებაზე ე.წ. log-ის სახით (იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი იყო მოპოვებული). მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს არაუმეტეს იმ ვადისა, რომელიც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც შეგროვდა და დამუშავდა აღნიშნული ინფორმაცია;

12. მიმღები ოპერატორი უზრუნველყოფს ბოლო მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) დისტანციურად გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მიწოდებას მატერიალური ან ელექტრონული  ფორმით.“.

12. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4​1 მუხლი:

„მუხლი 4​1. სიმბარათის გადაცემა

1. მიმღები ოპერატორის მიერ დასაპორტირებელი მობილური სააბონენტო ნომრის სტანდარტული/ელექტრონული სიმბარათი შესაძლოა გადაეცეს, როგორც  ბოლო მომხმარებელს (აბონენტს), ისე ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს.;

2. მიმღები ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირისთვის სტანდარტული სიმბარათის გადაცემა განახორციელოს,  როგორც მობილური მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული მიმღები ოპერატორის მომსახურების ცენტრებში, ასევე პორტირების მსურველი პირის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარების გზით, ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად. მიმღები ოპერატორის მიერ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტში მითითებულ მისამართზე სტანდარტული სიმბარათის ჩაბარებაზე უარის თქმა ან ჩაუბარებლობა დასაშვებია მხოლოდ მიმღები ოპერატორის მხრიდან ობიექტური დასაბუთების შემთხვევაში.

3. მობილური მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული მიმღები ოპერატორი ვალდებულია სტანდარტული/ელექტრონული სიმბარათის გადასაცემად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის იდენტიფიცირება განახორციელოს, პორტირების პროცესის დაწყებიდან ელექტრონული სიმბარათის ჩაბარებამდე, კომისიის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით განსაზღვრული აბონენტის იდენტიფიცირების წესის შესაბამისად. 

4. მიმღებმა ოპერატორმა მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების მსურველ  ფიზიკურ პირს სტანდარტული/ელექტრონული სიმბარათი უნდა ჩააბაროს არაუგვიანეს პორტირების პროცესის დასრულებამდე  ერთი საათით ადრე. ამ ვადაში სტანდარტული/ელექტრონული სიმბარათის ჩაუბარებლობის შემთხვევაში პორტირების პროცესი წყდება.

5. პორტირების მსურველი პირის მიერ სტანდარტული სიმბარათის, მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარებისთანავე, მიმღები ოპერატორი ვალდებულია პორტირების მსურველ პირს, დასაპორტირებელ სააბონენტო ნომერზე, გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება, სტანდარტული სიმბარათის ჩაბარების თაობაზე.“.

13. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიმღები ოპერატორი ვალდებულია ფიქსირებული სააბონენტოს ნომრის პორტირების მსურველ პირს მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით, ხოლო  მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების მსურველ პირს დასაპორტირებელ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს პორტირებაზე უარის თქმის საფუძველი, დონორი ოპერატორისგან ამ ინფორმაციის მიღებისთანავე;“.

14. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  აბონენტად გახდომიდან ან სააბონენტო ნომრის ბოლო პორტირებიდან არ გასულა 30 დღე, გარდა იმ  შემთხვევისა, როცა მომხმარებელი,  დონორი და მიმღები ოპერატორები შეთანხმდნენ პორტირების შესაძლებლობის დადგენილ ვადაზე ადრე განხორციელების თაობაზე;“.

15.  მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

,,1. სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორმა, დონორმა  და მიმღებმა ოპერატორებმა, კოორდინირებულად უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესის განხორციელების მიზნით ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. მიმღები ოპერატორი პასუხისმგებელია სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესის დასრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესი დადგენილ ვადაში ვერ სრულდება სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის ან დონორი ოპერატორის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო.  სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესი, ყველა საჭირო ტექნიკური და ადმინისტრაციული  პროცედურების ჩათვლით, უნდა დასრულდეს, პორტირების მსურველი  პირის პორტირების თაობაზე განაცხადის მიმღების მიერ პორტირების ბაზაში რეგისტრაციიდან 24 საათში;“;

16. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 1​1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების განაცხადის დისტანციური არხით წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პორტირების პროცესის დასრულების ვადა, მიმღები ოპერატორისა  და პორტირების მსურველი პირის შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 5 სამუშაო დღემდე, თუ პორტირების მსურველი პირი, პორტირების თაობაზე განაცხადის წარდგენისას, მიუთითებს სტანდარტული სიმბარათის მისთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებას. 24-საათიანი ვადისგან განსხვავებულ პორტირების ვადაზე, მიმღები ოპერატორი და პორტირების მსურველი პირი უნდა შეთანხმდნენ პორტირების განაცხადის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ატვირთვამდე, შეუთანხმებლობის შემთხვევაში პორტირების პროცესი წყდება.“.

 

მუხლი 2
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორმა წინამდებარე დადგენილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქციების ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა და კომისიაში წარმოდგენა.
მუხლი 3
ეს დადგენილება  ამოქმედდეს  2023 წლის პირველი იანვრიდან.

 


კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ვახტანგ აბაშიძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები