“ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N 5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობა

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2007

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

დაადგინა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის  N 5 დადგენილებით (სსმ 02.05.2006  N62 მუხ. 808) დამტკიცებულ, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ  წესების“ შესახებ დებულებაში შევიდეს  შემდეგი რედაქციის ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” მუხლი 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) პრინციპების შესაბამისად. დებულებაში მოცემული პრინციპები და წესები გამოყენებულ უნდა იქნეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე განხორციელებული საქმიანობისას დანახარჯების აღრიცხვის, განაწილებისა და მომსახურების ტარიფების გასაანგარიშებლად, აგრეთვე კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების დადგენისას.”;

ბ) დებულების მე-2 მუხლს  დაემატოს ”ო)”  და  ”პ)” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

”ო) საერთაშორისო ბენჩმარკი - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში საქმიანობის რაიმე მაჩვენებლის, მაგალითად საკუთარი კაპიტალის ღირებულების, ტარიფების აბსოლუტური დონის, ან მათი თანაფარდობების, კონკრეტული მომსახურების სახეზე ელასტიურობის ან სხვა მაჩვენებლების შეფასებითი ოდენობა;”;

     პ) მომავალ პერიოდზე ორიენტირებულობის პრინციპი - დანახარჯების კატეგორიებისა და ჯგუფების გამოყოფა, აგრეთვე მათი ოდენობების შეფასება მომავალ პერიოდზე ორიენტირებით, ავტორიზებული პირის მიერ კონკრეტული მომსახურების მოცულობის ზრდისა და მასთან დაკავშირებული შიდასაწარმოო საოპერაციო საქმიანობის სახეებზე და ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გასაწევი დანახარჯების ეფექტიანად დაფინანსების გათვალისწინებით.”;

გ) დებულების მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” მუხლი 19. დანახარჯების განაწილების პროცესის სპეციფიურობა

ავტორიზებული პირის მიერ შერჩეული მეთოდიკის შესაბამისად დანახარჯების განაწილების პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს აღნიშნული ნიმუშისგან. ავტორიზებულმა პირმა უნდა დაიცვას დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ძირითადი პრინციპები. დანახარჯების ოდენობების განსაზღვრისას ავტორიზებულ პირის, ან ზღვრული ტარიფების დადგენისას კომისიის მიერ, გამოყენებულ უნდა იქნეს საოპერაციო დანახარჯების შეფასების მომავალ პერიოდზე ორიენტირებულობის პრინციპი.”;

დ) დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”  მუხლი 21. კაპიტალის ღირებულება და დატვირთული კაპიტალი

1.  კაპიტალის ღირებულება უნდა ასახავდეს ავტორიზებული პირის ქსელის ელემენტებში და სხვა რელევანტურ აქტივებში ინვესტირებული ნასესხები და საკუთარი სახსრების ალტერნატიულ ღირებულებას. კაპიტალის ღირებულების გაანგარიშებისათვის ავტორიზებული პირების მიერ და კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების დადგენისას  გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ფინანსური მონაცემები:

ა) ავტორიზებული პირის საკუთარი და სასესხო კაპიტალის ოდენობა E და D;

ბ) სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთი გრძელვადიანი სესხების სხვადასხვა პირობების მიხედვით;

გ) საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთი, ფინანსურ ბაზარზე მომგებიანობის ურისკო განაკვეთის, დარგში საშუალო მომგებიანობისა და ავტორიზებული პირის საბაზრო რისკ-ფაქტორების შესაბამისი მაჩვენებლების გათვალისწინებით.  

2. კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის საშუალებით:

WACC=Re x E / (D + E) + Rd x D / (D + E)x(1-T)

სადაც:

”WACC” - კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთი;

”Re” - საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთი;

”Rd” - სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთი;

”E” - საკუთარი კაპიტალის ოდენობა ლარებში;

”D” - სასესხო კაპიტალის ოდენობა ლარებში;

”T” - მოგების გადასახადის განაკვეთი.

3. საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

Re = r +  Beta x (Rm-r)

სადაც:

”r” - წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:  r=(1+Rcd182/2)2-1, სადაც: Rcd182 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N 238 ბრძანებით დამტკიცებული (სსმ 06.09.2006  N121 მუხ. 1628), ”საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის,  რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ” დებულების შესაბამისად, 182 დღიანი (ექვსთვიანი) ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი განთავსების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთის გასაშუალოებული ოდენობა, საქართველოს ეროვნული ბანკის "მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი"-ს ბოლო გამოცემის მიხედვით;

”Rm” - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირების საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთის გასაშუალოებული ოდენობა, რომელიც გაიანგარიშება კომისიის მიერ საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე;

”(Rm-r)” - სხვაობა, რომელიც განსაზღვრავს რისკ-შეწონილ საბაზრო პრემიას;

”Beta” - ე.წ. ”ბეტა” კოეფიციენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ავტორიზებული პირის საბაზრო რისკ-ფაქტორებს და მისი ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ კონკრეტული ავტორიზებული პირის საკუთარი კაპიტალის მოგებიანობის ცვალებადობის, დარგში ამავე მაჩვენებლის საშუალო ოდენობასთან რაოდენობრივი კავშირის  გათვალისწინებით.

4. კაპიტალის ღირებულება უნდა დადგინდეს საქმიანობის ცალკეული სახეების მიხედვით, ოპერატორის მიერ შერჩეული განაწილების მეთოდის შესაბამისად ამ სახეებთან დაკავშირებული დატვირთული აქტივების (კაპიტალის) ღირებულების გათვალისწინებით. კომისიის მიერ ავტორიზებული პირის საკუთარი დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების წარმოდგენილი გაანგარიშებების დამტკიცებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობების შეფასების საერთაშორისო ბენჩმარკები. ავტორიზებული პირის მიერ გაანგარიშებებში მოცემული ე.წ. ”ბეტა” კოეფიციენტის რიცხვით მნიშვნელობასა და ექვივალენტურ საერთაშორისო ბენჩმარკს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს. 

5. აქტივების ღირებულება, რომელიც განაწილებულია საქმიანობის სახეებზე (დატვირთული კაპიტალი), უნდა განისაზღვროს თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის პრინციპის შესაბამისად, ხოლო მათი ოდენობები უნდა განაწილდეს დატვირთული კაპიტალის განაწილების სანიმუშო მეთოდოლოგის შესაბამისად (დანართი 2), რომელშიც მითითებულია აღნიშნული მუხლების განაწილების შესაძლო მეთოდები და, აგრეთვე, საქმიანობის ის სახეები, რომლებზეც შესაძლებელია დანახარჯების ამ მუხლების განაწილება.”

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიიის თავმჯდომარე                                 ზურაბ ნონიკაშვილი

წევრი                                                                      დავით პატარაია

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები