„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“

ნომერი: 13 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2005

  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  50-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  64-ე  მუხლის  მე-7 პუნქტის  დ) ქვეპუნქტის,  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია

ადგენს:

1.  დამტკიცდეს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების  მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება“;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 3.  ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                                           დავით პატარაია

კომისიის წევრი                                                                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                           ზურაბ ნონიკაშვილი

დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის 12 დეკემბრის

N 13 დადგენილებით

რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება

            მუხლი 1. დებულების გამოყენების სფერო და მიზანი.

1.     ეს დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ  სახელმწიფო რესურესებით - რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესების დადგენას.

2.  ამ დებულებით დგინდება  სახელმწიფო რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები,  სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.

მუხლი 2. აუქციონის გამართვის საფუძველი

1. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია  გაიცემა აუქციონის საფუძველზე;

2. კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას აუქციონის გამართვის შესახებ, თუ არსებობს რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული და კომისიის მიერ განსაზღვრული თავისუფალი სიხშირული ზოლი ან ნუმერაციის ეროვნული სისტემით განსაზღვრული ნუმერაციის  თავისუფალი რესურსი. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძვლები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად;

3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩასატარებელ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეიძლება შეეზღუდოს  ავტორიზებულ პირებს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

            მუხლი 3. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღება და  გამოქვეყნება

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

2. კომისიის გადაწყვეტილება სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მისამართზე: www.gncc.ge.

მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის  მისაღებად წარსადგენი განცხადება და  დოკუმენტაცია

1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10%-ს (ბე-ს) გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10% - გადახდილი ბე-ს სახით ექვემდებარება დაბრუნებას.

            მუხლი 5. აუქციონის გამართვის წესი

1. აუქციონის გამართვის ზოგადი წესი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.

2. აუქციონის სხდომის თავმჯდომარე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში;

3. აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე;

4. სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს ის ლიცენზიის მაძიებლი  ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.;

5. მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას;

6. აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული  რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა.  აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა;

7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ;

8. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს  წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ  მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე;

9. აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას;

10. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში;

11. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის  დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით;

12. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება;

13.  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.  ერთი თვის ვადაში  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე,  10%-ის - კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

14. თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც აუქციონის მიმდინარეობისას დააფიქსირა აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბე-ს სახით გადახდილი თანხა ( რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%).

15. თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად;

16. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%  საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა.          

მუხლი 6.  რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა და პირდაპირი გადაპირება

1. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ ავტორიზებულ პირს მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს ამ ხელშეკრულებას.

2. კომისიას 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას.

3. ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიის განსაზღვრული რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობებითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიაში წარმოადგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე  სათანადო ინფორმაციას და მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღების შემთხვევაში. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

4. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის მიზნით.

5. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით კომისიისათვის აუქციონის გამართვის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუქციონი ტარდება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზრვრება ამ დებულების მე-7 – მე-8  მუხლების შესაბამისად.

მუხლი 7. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

P = Pf * Kq* Kp * N * Kn * Ks * Kg      

სადაც:

P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;

Pf - კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);

Kq - სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);

Kp - გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N - გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;

Kn - სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks - კავშირის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);

Kg - ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი რაიონებისა და ქალაქების მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).

მუხლი 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი  საფასურის ოდენობის განსაზღვრა

1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს.

2. სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი  საფასურის ოდენობა შეადგენს 300 ლარს 1 ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.

დანართი N 1

0.05

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები