"რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ"

ნომერი: 12 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2005

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის,   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

დაადგინა:

1.  რეგულირების საფასური წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სფეროების  რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები.

3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი.

4. მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები.

5. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1 პროცენტი. 

6. ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით (დანართი  N1 და დანართი N2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

7. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურის თანხაც.

8. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

9. რეგულირების საფასურის გადამხდელის  მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობის თაობაზე.

10. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                             დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                           დავით პატარაია

კომისიის წევრი                                                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                         ზურაბ ნონიკაშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები