სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2010

მიღების თარიღი ივლისი 06, 2010

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-16 პუნქტის  შესაბამისად, კომისია  :

1.დამტკიცდეს „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                               ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                             

კ.კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

დებულება

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების მიზანი და ამოცანა

1. ამ დებულების მიღების მიზანია ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას.

2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის (ტრანსლირების) უზრუნველყოფა, ამ დებულების შესაბამისად, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა.

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის შესაძლებლობის და ავტორიზებულ პირთა მიერ სააბონენტო ნომრების პორაბელურობის უზრუნველსაყოფად, ამ დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფისა და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევის ზოგად წესებს.

4. კომისია ამ დებულების შესაბამისად:

ა) განსაზღვრავს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის უფლებით სარგებლობის წესებს;

ბ) განსაზღვრავს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის უზრუნველსაყოფად, ავტორიზებულ პირთა ვალდებულებებს;

გ) ხელს უწყობს  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ფორმირებას, ავტორიზებულ პირთა მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის უზრუნველსაყოფად ადგენს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის სამართლებრივ, ტექნიკურ და ეკონომიკურ პირობებს;

დ) ატარებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს, კომისიის მიერ დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულთან აფორმებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებას, ხოლო შემდგომ, ახორციელებს სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე მონიტორინგს. სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში იყენებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებს, განიხილავს და წყვეტს ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის,  მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის და მიმღებ ან დონორ ოპერატორსა და  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებულ დავებს;         

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ დებულების მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) სააბონენტო ნომერი - სააბონენტო ნუმერაციის რესურსი, გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ნუმერაციის კონკრეტულ ზონაში, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) ან მისი ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის ან/და გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების დამისამართებისთვის გამოყენებული ციფრების კომბინაცია.

) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა ცენტრალური ბაზა  - სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბებული მონაცემთა ერთიანი ცენტრალიზებული ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პორტირებული ნომრებისა და მათი  დამისამართების პრეფიქსის  შესახებ და რომლის საშუალებითაც ხორციელდება სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფა.

)   მონაცემთა საოპერაციო ბაზა - ავტორიზებული პირის მონაცემთა ბაზა, რომელიც სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან პერიოდული სინქრონიზაციის შედეგად მოიცავს ინფორმაციას პორტირებული სააბონენტო ნომრების შესახებ და რომლიც გამოიყენება ავტორიზებულ პირთა მიერ ზარის განხორციელებისას  პორტირებული სააბონენტო ნომრის დამისამართების პრეფიქსის  შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. 

) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი - კომისიის მიერ,  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებთან ერთობლივად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი, რომელიც ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებას და  ცენტრალიზებული მეთოდით კოორდინაციას უწევს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესს;

) დონორი ოპერატორი - ავტორიზებული პირი, რომლის ბოლო მომხმარებელიც (აბონენტი) ითხოვს სააბონენტო ნომრის პორტირებას ან/და რომლის მომსახურებასაც ღებულობდა ბოლო მომხმარებელი (აბონენტი) სააბონენტო ნომრის პორტირებამდე;

) მიმღები ოპერატორი - ავტორიზებული პირი, რომლის მომსახურების მიღებაც სურს პორტირების მსურველ ბოლო მომხმარებელს (აბონენტს) ან/და რომლის მომსახურებასაც ღებულობს ბოლო მომხმარებელი (აბონენტი) სააბონენტო ნომრის პორტირების შემდგომ.

) გეოგრაფიული სააბონენტო ნომერი - ნუმერაციის რესრუსის შემადგენელი ნაწილი, რომლის სტრუქტურაშიც საწყისი ციფრები განსაზღვრავს ნუმერაციის კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონას.

) არაგეოგრაფიული სააბონენტო ნომერი - ნუმერაციის რესურსის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია ნუმერაციის გეოგრაფიული ზონალური იდენტიფიკატორი.

) პორტირების მსურველი პირი - ბოლო მომხმარებელი (აბონენტი), რომელიც ითხოვს სააბონენტო ნომრის პორტირებას, იგივე სააბონენტო ნომრით სხვა ავტორიზებული პირის მომსახურების მიღებისთვის.

) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის   ტექნიკური უზრუნველყოფის ინსტრუქციები - საკონკურსო პირობების, ასევე,  ევროპული ჰარმონიზებული სტრანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური  ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშვებული სააბონენტო ნომრების პორტირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქციები;

თავი II. ავტორიზებული პირების ვალდებულებები სატელეფონო ნომრების პორტირებისას

მუხლის 3. ავტორიზებული პირების ზოგადი ვალდებულებები

1. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე  ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთი და იგივე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში, განურჩევლად გამოყენებული ტექნოლოგიისა.

2. მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებელის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და  მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, განურჩევლად გამოყენებული ტექნოლოგიისა.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს ეკრძალებათ:

ა) სააბონენტო ნომრის პორტირების შეზღუდვა, გარდა ამ დებულებით  განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) ერთი და იმავე ქსელში, პორტირებულ და არაპორტირებულ სააბონენტო ნომერზე ზარის განხორციელებისას განსხვავებული საცალო ტარიფების დადგენა.

გ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის უზრუნველყოფისას, პორტირების მსურველი პირის - ბოლო მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის), ან მიმღები ოპერატორისთვის პორტირების საფასურის დადგენა.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში განსაზღვრული ავტორიზებული პირები  ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

ა) პორტირების მსურველ პირთან გასაფორმებელი ტიპიური ხელშეკრულობის საჯაროობა (ვებ გვერდზე ხელშეკრულების ტიპიური ფორმის გამოქვეყნება);

ბ) განსხვავებული სატელეფონო ზუმერის საშუალებით, ზარის წამომწყები ბოლო მომხმარებლის (აბონენტების) ინფორმირება,  სხვა ავტორიზებული პირის ქსელში პორტირებული სააბონენტო ნომრის მიმართულებით წამოწყებული ზარების შესახებ;

გ) პორტირებულ და არაპორტირებულ სატელეფონო ნომრებზე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდების თანაბარი შესაძლებლობა და  ერთგვაროვანი ხარისხი;

დ) სააბონენტო ნომრის პორტირების თაობაზე ერთგვაროვანი ფორმის განაცხადის მიღება, განაცხადის განხილვა დადგენილ ვადაში, განაცხადის დაკმაყოფილება და პორტირების ტექნიკური განხორციელება  სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენებით, ან დასაბუთებული უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამ დებულების შესაბამისად;

5. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური  ბაზის გამოყენებით, სააბონენტო ნომრების პორტირების ან/და პორტირებული ნომრების  შესახებ ინფორმაციის სინქრონიზაციის უზრუნველსაყოფად საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან:

ა) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზასთან გააფორმონ ხელშეკრულებები სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად ან/და საკუთარი  მონაცემთა საოპერაციო ბაზის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზასთან სინქრონიზაციის თაობაზე;

ბ) საკუთარი ხარჯითა და პასუხისმგებლობით, ამ დებულებით დადგენილ ვადებში, უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზასთან დაკავშირება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის ტექნიკური უზრუნველყოფის ინსტრუქციების შესაბამისად;

გ) საკუთარი ხარჯითა და პასუხისმგებლობით, ამ დებულებით დადგენილ ვადებში, უზრუნველყონ საკუთარი სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების, აგრეთვე,  მონაცემთა საოპერაციო ბაზის თავსებადობა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზასთან;

დ) ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ, სატელეფონო ზარის განხორციელებისას გამოიყენონ საკუთარი  მონაცემთა საოპერაციო ბაზა;

ე) უზრუნველყონ საკუთარი  მონაცემთა საოპერაციო ბაზის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაცია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის ტექნიკური უზრუნველყოფის ინსტრუქციებით დადგენილი პერიოდულობით;

6. პორტირებულ სააბონენტო ნომერზე სატელეფონო ზარის   დამისამართების ვალდებულება ეკისრება:

ა) სატელეფონო ზარის წამომწყებ, ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირს;

ბ) საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების  მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ამ ავტორიზებული პირის მომსახურების არჩევის შემთხვევაში;

გ) საქართველოს ფარგლებს გარედან სატელეფონო ტრაფიკის მიმღებ, საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების  მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს;

7. პორტირებულ სააბონენტო ნომერზე მულტიმედიური და მოკლე ტექსტური შეტყობინების დამისამართების ვალდებულება ეკისრება:

ა) მულტიმედიური და მოკლე ტექსტური შეტყობინების წამომწყებ ელექტრონული  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს;

ბ) საქართველოს ფარგლებს გარედან  შემოსული მულტიმედიური და მოკლე ტექსტური შეტყობინების მიმღებ პირველივე ავტორიზებულ პირს.

8. დონორი ოპერატორი ვალდებულია, მიმღები ოპერატორის ქსელში სააბონენტო ნომრის გააქტიურებამდე (ფიზიკურ პორტირებამდე), კეთილსინდისიერად, არადისკრიმინაციულად, ხარისხიანად და პორტირების განაცხადის შეტანამდე დადგენილი ტარიფებითა და პირობებით   მოემსახუროს პორტირების მსურველ პირს;

თავი III. პორტირების პროცედურები

 მუხლი 4. განცხადება პორტირების თაობაზე

1. ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) განცხადების საფუძველზე, სააბონენტო ნომრის პორტირება ამ დებულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში ხორციელდება რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე;

2. ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი  განცხადება წარმოადგენს  სააბონენტო ნომრის პორტირების მოთხოვნას და დონორ ოპერატორთან ბოლო მომხმარებლის (აბონენტი) მიერ დადებული მომსახურების ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნას;

3. ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი  განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;

ა.ბ) პორტირების მსურველი პირის  პირად ნომერს;

ა.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;

ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ა.ე) პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ა.ვ) სააბონენტო სატელეფონო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველ დროს;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა)პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას;

ბ.ბ)იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ.გ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი;

ბ.დ)დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ე) პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ვ) სააბონენტო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველი დროს;

4. პორტირების თაობაზე განცხადების მიღებისას  მიმღები ოპერატორი ვალდებულია:

ა) პორტირების მსურველ პირს განუმარტოს სატელეფონო ნომრის პორტირებასთან დაკავშირებული მისი უფლებები და ვალდებულებები;

ბ) სრულყოფილად შეავსოს და გააგზავნოს   სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებული  პორტირების მოთხოვნის ელექტრონული ფორმა, პორტირების მსურველი პირისგან განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ბ.ა.ა) პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;

ბ.ა.ბ) პორტირების მსურველი პირის  პირად ნომერს;

ბ.ა.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო  ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;

ბ.ა.დ)დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ა.ე)პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ა.ვ) პორტირების მსურველი პირის მიერ მითითებულ, პორტირების სასურველ დროს;

ბ.ა.ზ)პორტირების მსურველი პირის მიერ პორტირების  თაობაზე განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს;

ბ.ა.თ) მიმღები ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ა.ი) პორტირების განცხადების მიმღები პირის სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ბ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ბ.ა)პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას;

ბ.ბ.ბ)იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ.ბ.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო  ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს;

ბ.ბ.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ბ.ე) პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ბ.ვ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის მიერ მითითებულ პორტირების სასურველ დროს;

ბ.ბ.ზ) პორტირების მსურველი პირის მიერ სააბონენტო ნომრის პორტირების  განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს;

ბ.ბ.თ) მიმღები ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ბ.ი) პორტირების განაცხადის მიმღები პირის სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას;

5. დონორი ოპერატორი ვალდებულია  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან  ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა  შეავსოს და  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადააგზავნოს ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშვებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი  სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

6. ნომრის პორტირებისას ბოლო მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) სატელეფონო მომსახურების მიწოდების შეწყვეტა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება;

7. პორტირებაზე უარის თქმის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, მიმღები ოპერატორი ვალდებულა აცნობოს პორტირების მსურველ პირს სააბონენტო  ნომრის პორტირებაზე განაცხადის დაკმაყოფილებისა და პორტირების  თარიღისა და დროის შესახებ;

8. მიმღებ ოპერატორსა  და აბონენტს შორის მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედის პორტირების განხორციელების მომენტიდან, რა დროიდანაც, ამავე ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მომსახურების მიწოდებაზე დონორ ოპერატორთან გაფორმებული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება წყდება;

მუხლი 5. პორტირებაზე უარი

1. სააბონენტო ნომრის პორტირებაზე  ამ დებულებით გათვალისწინებული საფუძვლით უარის თქმის შემთხვევაში:

ა) მიმღები ოპერატორი ვალდებულია აცნობოს პორტირების მსურველ პირს პორტირებაზე უარის თქმის საფუძვლები.

ბ) დონორი ოპერატორი ვალდებულია მიუთითოს პორტირებაზე უარის თქმის ამ დებულებით განსაზღვრული საფუძვლები, პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმატში.

2. პორტირებაზე უარის თქმის მიზეზის ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ აღმოფხვრის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უფლებემოსილია განმეორებით მიმართოს მიმღებ ოპერატორს პორტირების თაობაზე განცხადებით.

3. სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან  სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;

ბ) პორტირების მსურველ პირს უკვე წარდგენილი აქვს განცხადება იგივე სააბონენტო ნომრის  სხვა მიმღებ ოპერატორთან პორტირების თაობაზე;

გ) სააბონენტო ნომრის ბოლო პორტირებიდან არ გასულა  30  დღე;

დ) პორტირების მსურველ პირს, იმ  სააბონენტო ნომერზე, რომლის პორტირებასაც  ითხოვს, დონორი ოპერატორისგან მიღებულ მომსახურებაზე გააჩნია წინა თვის/თვეების დავალიანება, ან/და დავალიანების გამო შეზღუდული აქვს მომსახურების მიწოდება;

4. პორტირების მსურველი პირი უფლებამოსილია სააბონენტო ნომრის ფიზიკური პორტირებისთვის განსაზღვრულ თარიღამდე 1 სამუშაო დღით ადრე უარი განაცხადოს პორტირებაზე, მიმღებ ოპერატორთან შესაბამისი განცხადების წარდგენით; ამ შემთხვევაში მიმღები ოპერატორი ვალდებულია   მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით აცნობოს დონორ ოპერატორს აბონენტის მიერ პორტირებაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 6. პორტირების პროცესის თანმდევი ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხები

1. დონორ ოპერატორთან არსებულ ანგარიშზე,  პორტირებული სააბონენტო ნომრით მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) გაუხარჯავი თანხა მიიმართება მიმღებ ოპერატორთან, ამავე ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) ანგარიშზე გადარიცხვის მომსახურების ხარჯების გამოკლებით;

2. პორტირებული სააბონენტო ნომრით მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლის(აბონენტის) დონორ ოპერატორთან არსებულ ანგარიშზე  არსებული მიმდინარე დავალიანება, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ იფარება პორტირებიდან 2 კვირის ვადაში. დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში დონორი ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს მიმღები ოპერატორისგან, ხოლო მიმღები ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დონორი ოპერატორის მიმართ ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) დავალიანების ამ უკანასკნელის მიერ დაფარვა,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე რეგლამენტით განსაზღვრული სატელეფონო მომსახურების შეზღუდვის ადეკვატური საშუალებების გამოყენებით;

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სააბონენტო ნომრის პორტირება უკავშირდება   მიმღები ოპერატორის დაშვებას პორტირების მსურველი აბონენტის სახაზო-საკაბელო წყვილთან/მეურნეობასთან, ადგილობრივი დაშვების ქსელის მფლობელი ოპერატორი, მიუხედავად იმისა წარმოადგენს თუ არა იგი კონკრეტული სააბონენტო ნომრის პორტირების დროს  დონორ ოპერატორს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმღები ოპერატორის ადგილობრივი დაშვების ქსელთან შეუზღუდავი დაშვება ამ დებულებით განსაზღვრული ნომრის პორტირებისთვის დადგენილი ვადების დაცვით.

მუხლი 7. პორტირების განხორციელების ვადები

1. სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორმა, დონორმა  და მიმღებმა ოპერატორებმა, კოორდინირებულად უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესის დასრულება, ყველა საჭირო ტექნიკური და ადმინისტრაციული  პროცედურების ჩათვლით, პორტირების მსურველი  პირის მიერ მიმღებ ოპერატორთან პორტირების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

2. იმ შემთხვევაში, თუ სააბონენტო ნომრის პორტირება უკავშირდება მიმღები ოპერატორის დაშვებას პორტირების მსურველი პირის სახაზო-საკაბელო წყვილთან/მეურნეობასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადას შესაძლებელია დაემატოს არაუმეტეს  7 სამუშაო დღისა

თავი IV

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი

მუხლი 8. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევის წესი

1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს, კომისია, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, შეარჩევს კონკურსის საფუძველზე;

2. კომისია გადაწყვეტილებით აცხადებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის კონკურსს და აქვეყნებს ცნობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

3. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური  ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის  შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება:

ა)  კონკურსის ჩატარების ვადები;

ბ) საკონკურსო განაცხადის და წინადადების  წარმოდგენის პირობები და ფორმა;

გ)  საკონკურსო წინადადების განხილვის ვადები;

დ) საკონკურსო წინადადების შეფასების კრიტერიუმები;

ე)  საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა, თავმჯდომარე და მდივანი;

ვ)  საკონკურსო საბჭოს მუშაობის წესი;

ზ) კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვები და დისკვალიფიკაციის საფუძვლები;

4. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა არ შეიძლება იყოს 2 კვირაზე ნაკლები;

5. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს;

6. საკონკურსო საბჭო საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს საკონკურსო წინადადებებს და კომისიას წარუდგენს საკონკურსო წინადადებათა შეფასების თაობაზე დასკვნას; საკონკურსო საბჭოს დასკვნა ცალკე არ საჩივრდება;

7. საკონკურსო საბჭოს შემადგენლობაში შედიან კომისიის 5 წარმომადგენელი,  ავტორიზებული პირების მიერ შერჩეული ამდენივე წარმომადგენელი და 1 დამოუკიდებელი ექსპერტი.

8. ავტორიზებული პირების მიერ საკონკურსო საბჭოს შემადგენლობაში წევრთა წარმოდგენა ხდება კონკურსის გამოცხადებამდე.

9. საკონკურსო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საბჭო უფლებამოსილია თუ  სხდომას ესწრება სულ ცოტა 9 წევრი მაინც, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება 7 ხმით.

10. კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე;

მუხლი 9. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან დადებული ხელშეკრულება

1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აგრეთვე ამ უკანასკნელსა და ამ დებულებით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები ამ დებულებასთან ერთად არის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი;

2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობები, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია;

3. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულება იდება 10 წლის ვადით;

4. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი, საკონკურსო წესით,  მომდევნო 10 წლის ვადით ვერ მოიპოვებს  ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას;

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, კომისია უზუნველყოფს კონკურსის ჩატარებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზის  ადმინისტრატორის შესარჩევად მომდევო 10 წლის ვადით;

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება ამავე ხელშეკრულებით;

7. კომისია უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობების უხეში და სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, როცა კონტრაჰენტი მხარის მიმართ უკვე გამოყენებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, გაუწყვიტოს ხელშეკრულება ადმინისტრატორს, რის თაობაზეც 3 თვით ადრე აგზავნის წერილობით შეტყობინებას. წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში კომისია აცხადებს ახალი ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს;

8. კომისია უფლებამოსილია სააბონენტო ნომერების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზის ადმინისტრატორს გაუწყვიტოს ხელშეკრულება წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესების დაუცველად, თუ ამ უკანასკნელის ქმედება იწვევს პორტაბელურობის პროცესის სრულ შეჩერებას ან საფრთხეს უქმნის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ნორმალურ ფუნქციონირებას.

9. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში, რა დროსაც ვალდებულია 9 თვით ადრე წერილობით აცნობოს კომისიას თავისი გადაწყვეტილების შესახებ;

10. კომისია ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად,    მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული  და დაბრუნებული სააბონენტო ნომრების, აგრეთვე ნუმერაციის რესურსის გადაპირების თაობაზე 3 კალენდარული დღის ვადაში;

მუხლი 10. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტარლური ბაზის ადმინისტრატორის ვალდებულებები

     სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი ვალდებულია:

 ა) საკუთარი ხარჯებითა და მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური  ბაზის შექმნა;

ბ) შეიმუშაოს სააბონენტო ნომრების პორტირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქციები;

გ) უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტირების მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამართული მუშაობა;

დ) თავისი საქმიანობა განახორციელოს გამჭვირვალედ, უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტირების მონაცემთა ცენტრალური ბაზის გამოყენების სამართლებრივი, ტექნიკური და ეკონომიკური პირობების გამჭვირვალობა;

ე) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მარტამდე კომისიას წარადგინოს წლიური ანგარიში, ფინანსური ანგარიშის ჩათვლით;

ვ) კომისიის მოთხოვნის საფუძველზე,  დაუყონებლივ და/ან კომისიის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ვადებში მიაწოდოს სააბონენტო ნომრების პორტირების მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

ზ) მომსახურება გაუწიოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს ამ დებულებით,  კომისიასთან და ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და მის მიერ საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული ტარიფებით.

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურება ამ უკანასკნელებს გაუწიოს ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.

ი) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურება გაუწიოს ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული და  მათ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრების  პირდაპირპროპორციულად დადგენილი ტარიფებით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.

თავი V

დავების გადაწყვეტა

მუხლი 11.  პორტირებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა

1. პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის,  მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის,  მიმღებ ან დონორ ოპერატორს, აგრეთვე მათსა და  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით;

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებს შორის არსებული დავისას, მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა  განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით;

3. პორტირებასთან დაკავშირებული დავები კომისიამ უნდა განიხილოს 1 თვის ვადაში. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დავის გადაწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით;

4. კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი VI

გარდამავალი დებულებები

მუხლი 12. პორტირების უზრუნველყოფის გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიმწოდებაზე ავტორიზებულ, სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მქონე  პირებზე და ავტორიზებულ პირებზე რომლებიც ახორციელებენ  ფიქსირებული და/ან მოძრავი სატელეფონო ქსელის აბონენტებისთვის   სატელეფონო მომსახურების მიწოდებას;

2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორმა, დონორმა  და მიმღებმა ოპერატორებმა, კოორდინირებულად უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესის დასრულება, ყველა საჭირო ტექნიკური და ადმინისტრაციული  პროცედურების ჩათვლით, პორტირების მსურველი  პირის მიერ მიმღებ ოპერატორთან პორტირების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვიდან 2 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომი 3 თვის განმავლობაში 7 დღის ვადაში;

3. მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და/ან სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ  სააბონენტო ნომრის პორტირების შესაძლებლობა  2011 წლის 15 თებერვლამდე

4. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების შესაძლებლობა  2011 წლის 15 ოქტომბრამდე

5. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და/ან სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების  ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის  დანერგვამდე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და/ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები, მათ შორის საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე  ავტორიზებული პირები, მობილურ პორტირებულ სააბონენტო ნომერზე ზარის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების განხორცილებისათვის უფლებამოსილი არიან დაამისამართონ ზარი და/ან მოკლე ტექსტური შეტყობინება  სააბონენტო ნუმერაციის თავდაპირველ მფლობელ   ავტორიზებულ პირთან, ხოლო ნუმერაციის თავდაპირველი მფლობელი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და/ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი  ვალდებულია მისი ქსელიდან პორტირებულ სააბონენტო ნომრზე შემოსული ზარი და/ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გადაამისამართოს პორტირებული სააბონენტო ნომრის  მიმღებ მობილურ ოპერატორთან, ევროპული ჰარმონიზებული სტანდატებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად.

6. სააბონენტო ნუმერაციის თავდაპირველი მფლობელი   ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს ზარის და/ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გადამისამართებას  პორტირებულ სააბონენტო ნომრის  მიმღებ მობილურ ოპერატორთან უფლებემოსილია მოსთხოვოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით  განსაზღვრულ  პორტირებულ სააბონენტო ნომერზე ზარისა ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების დამისამართების ვალდებულების მქონე ოპერატორებს, გადამისამართების მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა  წინასწარ შეთანხმებული უნდა იქნას კომისიათან და შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ გადამისამართებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები