საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2009

მიღების თარიღი მარტი 12, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიიღო. დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სახის მაუწყებელს ავალდებულებს დაიცვას თანასწორობის, მრავალფეროვნების და შემწყნარებლობის პრინციპები. ასევე, დაიცვას არასრულწლოვანთა აუდიტორია მავნე ზეგავლენისგან და პატივი სცეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ხელშეუხებლობას.

2004 წელს მიღებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღება დაევალა. დოკუმენტზე მუშაობა კანონის ძალაში შესვლის თანავე დაიწყო, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო საბოლოო ვარიანტის შემუშავება თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა 2008 წელს განახლდა. მუშა პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ტელეკომპანიები :”რუსთავი2”, ”იმედი”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”კავკასია” და ”მზე”, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები: ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, ”თავისუფლების ინსტიტუტი”, ”პედაგოგთა კავშირი”, კავშირი ”იბერიანა”, ”მედია საბჭო”, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და მოქალაქე გიორგი ყიფიანი.

აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე დებატები დოკუმენტის ახალი ვერსიის დამუშავების პროცესსაც ახლდა. რის გამოც კომისიის არაერთი სხდომა გადაიდო. გარდა ამისა, კოდექსის პროექტი ფსიქოლოგიური დასკვნა-ანალიზისთვის საექსპერტო ჯგუფს გადაეგზავნა და მათ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები (რომელიც ძირითადად არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგად დაცვის თავს შეეხებოდა)  კოდექსში აისახა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა. მოგვიანებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ევრო საბჭოს ექსპერტებმა, ქრისტოფორუს ქრისტოფორემ და სტივენ ვიტლიმ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი სამართლებრივი ექსპერტიზისთვის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი 2009 წლის 12 მარტს დაამტკიცა.

კოდექსის თანახმად, საქართველოში არსებულმა მაუწყებლებმა უნდა შექმნან თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი და სააპელაციო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. დაინტერესებული პირი, მისთვის მიუღებელი ინფორმაციის ეთერში გაჟღერების შემთხვევაში, უფლებამოსილია 10 დღის ვადაში მიმართოს მაუწყებელს და მოსთხოვოს მოცემული მცდარი ფაქტის შესწორება ან უარყოფა. მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ორგანოში 7დღის ვადაში. სააპელაციო ორგანო 30 დღის ვადაში განიხილავს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის საჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ნაციონალურ მაუწყებლებს (”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”რუსთავი2”, ”იმედი”)  თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად ვადა 2009 წლის 12 სექტემბრამდე განესაზღვრათ, ხოლო დანარჩენ მაუწყებლებს სააპელაციო ორგანოს შესაქმნელად ვადა ერთი წელი მიეცათ, 2010 წლის 12 მარტამდე.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები