საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

დაადგინა:          

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში (სსმ №39, მუხლი 460, 22.03.2007) შევიდეს შემდეგი რედაქციის დამატება და ცვლილება:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი:

6. კომისიას ჰყავს პრესმდივანი, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომისიის ურთიერთობის ორგანიზებას (პრესრელიზების მომზადება-გავრცელება, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება) და კომისიის საქმიანობაზე ყოველთვიური ანგარიშის მომზადებას;

ბ) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას;

გ)  კომისიის საქმიანობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაიჯესტის და ყოველთვიური ანალიზის მომზადებას;

დ) საზოგადოებასთან კომისიის ურთიერთობას.”

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”მუხლი 3. კომისიის აპარატი

1. კომისიის აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

გ) სამართლებრივი დეპარტამენტი;

დ) მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი;

ე)  ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტი;

ვ)  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტი;

ზ) საფინანსო დეპარტამენტი;

თ) კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა)   კანცელარია, არქივი და საოქმო წარმოება;

ბ)   ადამიანური რესურსების მართვა;

გ)   შესყიდვები და სამეურნეო უზრუნველყოფა;

დ)  საინფორმაციო ტექნოლოგიები;

ე)   ავტორიზაცია, ლიცენზირება და  უწყებრივი რეესტრები;

ვ)   კომისიის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.

3.   ადმინისტრაციული დეპარტამენტის  ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომისიის საკანცელარიო საქმისწარმოება, საქმიანი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრული ვადების მონიტორინგი;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონიების, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება, ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა), ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის)  ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა;

გ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქმიანობის  ავტორიზაცია;

დ)   კომისიის  მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;

ე) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, აგრეთვე კომისიაში დაცული სხვა ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ვ) კომისიის საოქმო საქმისწარმოება, კომისიის სხდომებისა და აპარატის თათბირების ორგანიზება;

ზ) საარქივო საქმისწარმოება, კომისიის აპარატში  საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; 

თ)  ადამიანური რესურსების მართვა,  კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დაცვაზე მონიტორინგი, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმისწარმოება; 

ი) კომისიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა (საინფორმაციო-პროგრამული სისტემების, შიდა და გლობალური ქსელების მართვა და კომპიუტერული ბაზის  ადმინისტრირება);

კ) მთარგმნელობითი უზრუნველყოფა;

ლ)  კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში ლიცენზიის მფლობელ და ავტორიზებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების, ლიცენზირებასთან დაკავშირებული, მათ შორის ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) თაობაზე მონაცემების, ნუმერაციის რესურსის მინიჭებათა თაობაზე მონაცემების ადმინისტრირება;

მ) კომისიისა და მისი აპარატის  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ნ) კომისიის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;

ო) ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შესრულების მონიტორინგი, კომისიის საოქმო დავალებების შესრულების მონიტორინგი.

4. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) სტრატეგიული კვლევები და განვითარება;

ბ) ანალიტიკური საქმიანობა.

5.  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)   კომისიის საქმიანობის სტრატეგიული  გეგმების შემუშავება; 

ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების განვითარების ტენდენციების კვლევა, ანალიზი და პერიოდული მიმოხილვების მომზადება, სტრატეგიული განვითარების წინადადებათა შემუშავება, განვითარების ხელშემწყობი პროექტების დაგეგმვა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;

გ) კონკურენციის განვითარების ტენდენციების კვლევა და ანალიზი, კომისიის მარეგულირებელი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებების მომზადება; 

დ) კომისიის გადაწყვეტილების პროექტის  სისტემური რისკ-ფაქტორების ანალიზი და შეფასება, თუ გადაწყვეტილების მიღება ახდენს:

დ.ა) გონივრული ვადის პერიოდში შესაძლო გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე  კონკურენციის განვითარებულ ტენდენციებზე,

დ.ბ) მიზნად ისახავს ბაზრის ეფექტიანი და გრძელვადიანი კონკურენციის გაფართოების უზრუნველსაყოფად შესვლის დაბრკოლებათა შემცირებას;

ე)  ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის სეგმენტებზე კომისიის გადაწყვეტილებათა გავლენის ანალიზი, კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად დასახული მიზნების გათვალისწინებით;

ვ)  მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, ამავე სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტების სრულყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ზ) კომისიის საერთო სტატისტიკური საანგარიშგებო ბაზის მართვა; ავტორიზებული პირების სტატისტიკური ინფორმაციის და შესაბამისი საანგარიშგებო მონაცემების დადგენილი წესითა და ვადებში მოწოდებაზე ზედამხედველობა, მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების პირველადი დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება;

თ) კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგობრივ გაერთიანებებთან ურთიერთობის კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა, ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების საქართველოში დანერგვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დარგობრივ გაერთიანებებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის ღონისძიებების შემუშავება;

ი) კომისიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე ღონისძიებათა შემუშავება;

კ) კომისიის საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება;

6. სამართლებრივი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 

ა) ნორმაშემოქმედება, ხელშეკრულებები და სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) დავები, განცხადებებისა და საჩივრების ადმინისტრაციული წაროება;

გ) სანქციათა დაკისრება და აღსრულების უზრუნველყოფა.

7. სამართლებრივი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება, კომისიის საკანონმდებლო წინადადებათა უზრუნველყოფა; კომისიაში სხვა უწყებებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების  მომზადება;

ბ)  კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ან/და კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ)   კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მათი ინტერესების დაცვა;

დ)  კომისიის, კომისიის აპარატში დასაქმებულების, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების, სხვა დაინტერესებული პირების (სათანადო მომართვის შემთხვევაში) მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესახებ  კონსულტირება და სამართლებრივი დახმარების გაწევა;

ე) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომხარებელთა საჩივრების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ)  ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის ადმინისტრაციული წარმოება;

ზ) კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შედგენილი სამსახურებრივი ბარათისა და დასკვნის,  შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, დამრღვევი ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

თ) კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველმყოფი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება (სააღსრულებო ფურცლების გამოწერა და სხვ.);

ი)   კომისიის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხების მომზადება;

კ) მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ლ) კომისიაში შემოსულ განცხადებებზე და საჩივრებზე კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, აგრეთვე კომისიის სპეციალური უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებზე კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით,  საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; 

მ) კომისიის უწყებრივ რეესტრებში ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა სანქცირებასთან, აგრეთვე ავტორიზებულ ან/და ლიცენზირებულ პირთა შორის დავების განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილებების  შესახებ მონაცემთა ადმინისტრირება.

8. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შემუშავების ორგანიზება; ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ტელერადიომაუწყებლობის დამტკიცებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენა; მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება;

ბ) კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად სამაუწყებლო კონკურსის ჩატარების  მიზნით სალიცენზიო ვალდებულებების განსაზღვრა;

გ)  მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, მოდიფიცირების,  ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე დასკვნების მომზადება;

დ) საზოგადოებრივი მაუწყებლის,  კერძო და სათემო ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან შეთანხმებებით, აგრეთვე სამაუწყებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის – “მაუწყებლობის შესახებ”, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონების, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსით და კომისიის სხვა დადგენილებებით განსაზღვრული, აგრეთვე კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი და შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა;

ე) სამაუწყებლო სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი და შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა;

9. ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) ნუმერაციის რესურსის განაწილება;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობისა და გამოყენებული მოწყობილობების  აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

10. ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ნუმერაციის ეროვნული სისტემის შესაბამისად ნუმერაციის რესურსის განაწილების  უზრუნველყოფა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის  გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, მოქმედების ვადის  შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე სათანადო დასკვნების მომზადება;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე მონიტორინგი, დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

გ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფობელთა მიერ  მოწყობილი ქსელებისა და გამოყენებული მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

დ)   არაავტორიზებადი პირებისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება, აგრეთვე მინიჭების პირობების შესრულების შემოწმება, დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ე) ნუმერაციის რესურსით უკანონო სარგებლობის პრევენციული და ექს-პარტე შეტყობინებით მონიტორინგი,  დარღევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ვ) ნუმერაციის რესურსით ავტორიზებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გამავალი და შემომავალი სატელეფონო ზარების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის ანალიზი;

ზ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების თაობაზე დასკვნების მომზადება.

11. რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა)  რადიოსიხშირული რესურსების მართვა;

ბ) რადიოსიხშირეთა კოორდინაცია;

გ) რადიომონიტორინგი და რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის პირობების მონიტორინგი.

12. რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის მოდიფიცირება, რადიოსიხშირული რესურსის უნიფიცირებული შიდაბაზის სისტემატური განახლება, რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმარებისა და განაწილების, ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველყოფა;

ბ) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანების სიხშირეთა რეესტრში საქართველოში განაწილებული და დაგეგმარებული რადიოსიხშირეების თაობაზე მონაცემების შეტანა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია, მეზობელი სახელმწიფოებიდან წარმოქმნილი რადიოხელშეშლების გამოვლენა და რეაგირების უზრუნველყოფა;

გ) რადიომონიტორინგის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა და მართვა, რადიომონიტორინგისას, ხელშეშლებისა და დარღვევების გამოვლენა, დარღვევებზე, მათ შორის რადიოსიხშირული სპექტრით უკანონო სარგებლობაზე რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი, დარღვევათა გამოვლენა და რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ე) კომისიის მიერ რადიოსიხშირეების მინიჭების ადმინისტრაციული წარმოება და მინიჭებული რადიოსიხშირეებით სარგებლობის პირობების შესრულების მონიტორინგი, დარღევათა გამოვლენა და რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ვ) რადიოსახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების მოდიფიცირების უზრუნველყოფა რადიომოყვარულთა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად;

თ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფობელთა მიერ მოწყობილი ქსელებისა და გამოყენებული რადიოდანადგარების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ი) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის, ასევე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო და სათემო მაუწყებლობის საქმიანობის ლიცენზიის  გაცემის, მოდიფიცირებისა და ვადის გაგრძელების თაობაზე სათანადო დასკვნების მომზადება, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და სალიცენზიო გადასახდელის ოდენობათა განსაზღვრა და კომისიის შიდარეგულაციური აქტების  შესაბამისად განსაზღვრული სხვა დაკავშირებული ფუნქციების შესრულება;

კ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების თაობაზე დასკვნების მომზადება;

ლ) რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივი რეესტრის წარმოება.

13.  საფინანსო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)   კომისიის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება;

ბ) კომისიის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება და კომისიის წლიური  ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის შესრულების თაობაზე წლიური ანგარიშის მომზადება;

გ) სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი;

დ) კომისიის უწყებრივი რეესტრების საფინანსო ბლოკის (სალიცენზიო მოსაკრებლები, სალიცენზიო გადასახდელები, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურები, რეგულირების საფასური, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმები) ადმინისტრირება.

14. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კონკურენციის წინასწარი რეგულირება;

ბ) საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის რეგულირება და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი.

15. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირება: მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრა, კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების,  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების დადგენისა და მათზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებებისა და პირობების განსაზღვრის უზრუნველყოფა;

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების და ამ ვალდებულებათა შესრულების კონკრეტული პირობების შესრულების მონიტორინგი და სათანადო ღონისძიებათა უზრუნველყოფა - დარღვევათა გამოვლენა და შემოწმების აქტების შედგენა;

გ) ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეზღუდვის მიზნით,  შერწყმისა და წილის შეძენა-გასხვისების ანალიზი და მარეგულირებელი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

დ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო დარღვევის ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლენა და გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა-უზრუნვეყოფა;

ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვებისა ან/და ურთიერთჩართვის რეგულირებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ირაკლი ჩიქოვანი

წევრი                                                                                                        კარლო კვიტაიშვილი

წევრი                                                                                                        აკაკი სიხარულიძე

წევრი                                                                                                        ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები