„უნივერსალური მომსახურების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

ნომერი: 10 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2005

 დადგენილება

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის  61-ე მუხლის მე-4  პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ

დაადგინა:

1.   დამტკიცდეს დებულება  „უნივერსალური მომსახურების შესახებ“;

2.      დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების  სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით;

3.     დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიისავმჯდომარე                                                                                    დ. ქიტოშვილი   

დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის 16 სექტემბრის N 10 დადგენილებით

დებულება

უნივერსალური მომსახურების  შესახებ

თავი 1. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების მიზანი

წინამდებარე დებულება არეგულირებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური  მომსახურების მიწოდების სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებს, განსაზღვრავს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთა უფლებებსა და მოვალეობებს, ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და უნივერსალური მომსახურების საბჭოს ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ამ სფეროში.

მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

 ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეოგრაფიული არეალი - კომისიის მიერ უნივერსალური მომსახურების მიზნებისათვის შერჩეული გეოგრაფიული რეგიონი (ტერიტორია) ან კონკრეტული დასახლებული პუნქტი, შენობა, მისი ნაწილი ან მათი ერთობლიობა;

ბ) კომისია  - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

გ) მომხმარებლის მიერ საკუთარი დანახარჯების გაკონტროლება -  სპეციალური მომსახურება, რომლის მეშვეობითაც საბოლოო მომხმარებელს საშუალება აქვს გააკონტროლოს ხარჯები და თავიდან აიცილოს ქსელიდან გამორთვა, მათ შორის მიიღოს დეტალური ამონაწერი, ისარგებლოს შემომავალი და გამავალი ზარების შეზღუდვით და წინასწარი გადახდის სისტემით;

 დ) მომხმარებელი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ   ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ე) სერვის-დეფიციტური რეგიონი  -  გეოგრაფიული არეალი, სადაც მოსახლეობას ამ რეგიონისათვის უნივერსალური მომსახურების სტრატეგიითა და უნივერსალური მომსახურების ნუსხით განსაზღვრული მომსახურება არ მიეწოდება და უნივერსალური მომსახურების გეგმის გარეშე მისი მიწოდება შემდგომი სამი წლის პერიოდისათვის არ იგეგმება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის  მფლობელი არცერთი ავტორიზებული პირის  მიერ;

ვ) სპეციალური სატარიფო სქემა – მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისათვის შემუშავებული სატარიფო განაწილების სქემა, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გააკონტროლოს საკუთარი დანახარჯები;

ზ) ტაქსოფონი - ტელეფონი, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ნებისმიერ დროს და რომლით სარგებლობის გადახდის საშუალებებია: მონეტები, საკრედიტო-სადებეტო ბარათები ან  წინასწარი გადახდის ბარათები;

თ) უნივერსალური მომსახურება -  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ30 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება;

ი) უნივერსალური მომსახურების არეალი - კომისიის მიერ გეოგრაფიული არეალისათვის ყოველწლიურად დადგენილი უნივერსალური მომსახურების ნუსხით განსაზღვრული  მომსახურების სახეები;

კ) უნივერსალური მომსახურების განხორციელების ყოველწლიური ანგარიში – კომისიის აპარატის უნივერსალური მომსახურების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გასულ წელს კომისიის მიერ უნივერსალური მომსახურების მიზნების მისაღწევად  განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ლ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეირჩევა ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული კონკურსით და რომელიც უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულებისა და ავტორიზაციის საფუძველზე მიაწვდის მომხმარებელს უნივერსალურ მომსახურებას;

მ) უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულება - უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და კომისიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

ნ) უნივერსალური მომსახურების ნუსხა - უნივერსალური მომსახურების საბჭოს მიერ დადგენილი მომსახურებათა ნუსხა;

ო) უნივერსალური მომსახურების რეესტრი - კომისიის მიერ წარმოებული რეესტრი, სადაც შეიტანება ინფორმაცია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებისა და უნივერსალური მომსახურების პროექტების შესახებ;

პ) უნივერსალური მომსახურების საბჭო – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბჭო;

ჟ) უნივერსალური მომსახურების სპეციალური ანგარიში – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ი) ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიში;  

რ) უნივერსალური მომსახურების სტრატეგია -  უნივერსალური მომსახურების საბჭოს მიერ შემუშავებული უნივერსალური მომსახურების  პოლიტიკა, რომლითაც კონკრეტული პერიოდისათვის განისაზღვრება უნივერსალური მომსახურების მიზნები და ამოცანები, პრიორიტეტული რეგიონები, უნივერსალური მომსახურების პრიორიტეტული სახეები;

ს) უნივერსალური მომსახურების ხარისხის ინდიკატორი – კომისიის მიერ, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, ასევე, ერთობლივად რამდენიმე მათგანისათვის განსაზღვრული  მაჩვენებელი.

 

მუხლი 3. უნივერსალური  მომსახურების განხორციელების მიზნები და  პრინციპები

1. უნივერსალური მომსახურების  მიზნებია:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (სატარიფო და საქსელო) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქალაქეებისათვის, ადგილსამყოფელის მიუხედავად;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და სათანადო რესურსების მობილიზება;

გ)   ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;

დ) უნივერსალური მომსახურების სახეებზე სატარიფო ხელმისაწვდომობა და მათი სოციალურ მოთხოვნებთან ბალანსირება; 

ე)   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებისას, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება.

2.  უნივერსალური მომსახურების განხორციელების პრინციპებია:  პროპორციულობა, ეფექტურობა, გამჭვირვალობა და არადისკრიმინაციულობა, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, კონკურენტუნარიანი გარემოსათვის ხელშეწყობა.

მუხლი 4. უნივერსალური მომსახურების საბჭო

1. უნივერსალური მომსახურების საბჭო შედგება 9 წევრისაგან: საბჭოს სამ წევრს – შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს, ნიშნავს საქართველოს მთავრობა; სამ წევრს – კომისია  თავისი წევრებისაგან და სამ წევრს კომისია ირჩევს საზოგადოების წარმომადგენელთაგან.

2. უნივერსალური მომსახურების საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. საბჭოს იმ წევრთა უფლებამოსილების ვადა, რომლებიც თავისი თანამდებობით შედიან უნივერსალური მომსახურების საბჭოში, არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობაზე მათი ყოფნის ვადას.

3. საბჭო მის პირველ შეკრებაზე საბჭოს წევრებისგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავჯდომარეს. საბჭოს თავჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს სხდომებს და ადგენს დღის წესრიგს. თავჯდომარის არყოფნის შემთხვევავაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს მის მიერ დანიშნული საბჭოს ერთ-ერთი წევრი. დღის წესრიგში საკითხის შეტანა შეუძლია საბჭოს წევრთა ერთ მესამედს. საბჭო უფლებამოსილია, თუ  სხდომას ესწრება  საბჭოს წევრთა 2/3 მაინც. საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თითოეულ წევრს გააჩნია ერთი ხმა. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, თავმჯდომარის, ან წევრთა 1/3 მოთხოვნით. საბჭოს სხდომები საჯაროა.

4. უნივერსალური მომსახურების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი – კომისიის აპარატის მუშაკი. საბჭოს მდივანი  უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების გამართვას, ატყობინებს საბჭოს წევრებს სხდომის გამართვის ადგილსა და დროს, აწვდის მათ დღის წესრიგსა და  სხვა დოკუმენტაციას. საბჭოს მდივანს კომისიის თავმჯომარესთან შეთანხმებით ნიშნავს საბჭო.

5. უნივერსალური მომსახურების საბჭო:

ა) სამ წელიწადში ერთხელ, კომისიის მიერ მომზადებული კვლევებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების საფუძველზე, ამზადებს და ამტკიცებს  უნივერსალური მომსახურების სტრატეგიას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, განსაზღვრავს  უნივერსალური მომსახურების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად თანხების მაქსიმალურ  ოდენობას;

ბ) ყოველწლიურად ახდენს უნივერსალური მომსახურების პროგრესის შეფასებას და შეიმუშავებს  რეკომენდაციებს კომისიისათვის;

გ)  ყოველწლიურად  ადგენს უნივერსალური მომსახურების ნუსხას;

დ)  გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულ პირს.

6.უნივერსალური მომსახურების საბჭოს ეკრძალება თანხების მიმართვა იმ პროექტებზე, რომლებიც მიზნად არ ისახავს უნივერსალური მომსახურების განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე ან მის კონკრეტულ ნაწილზე. 

7. უნივერსალური მომსახურების საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია:

ა)   უნივერსალური მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხების შესახებ;

ბ) უნივერსალური მომსახურების ანგარიშიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის და ხარჯთაღრიცხვის შესახებ .

 

მუხლი  5. კომისიის ფუნქციები

 კომისია:

ა)  უნივერსალური მომსახურების საბჭოს მიერ მიღებული უნივერსალური მომსახურების სტრატეგიის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსალური მომსახურების განხორციელების ყოველწლიურ გეგმას;

ბ)   განსაზღვრავს უნივერსალური მომსახურების არეალს; 

გ) აცხადებს უნივერსალური მომსახურების კონკურსს;

დ) მართავს უნივერსალური მომსახურების რესურსებს;

ე) უნივერსალური მომსახურების მიზნების მისაღწევად, ატარებს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კვლევას, სოციალურ-ეკონომიკურ შეფასებას, გამოავლენს სერვის- დეფიციტურ რეგიონებს;

ვ) ზედამხედველობს უნივერსალური მომსახურების პროექტების განხორციელებას, აკონტროლებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ  ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას; უფლებამოსილია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  სანქციები;

ზ) უნივერსალური მომსახურების განმახორციელებელ პოტენციურ სუბიექტებსა და მომხმარებლებს, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ პირს უწევს სათანადო კონსულტაციას უნივერსალური მომსახურების შესახებ;

თ) წლიურ ანგარიშთან ერთად,  აქვეყნებს უნივერსალური მომსახურების განხორციელების ანგარიშს, რომელიც შეიცავს:

თ.ა) კონსოლიდირებულ ინფორმაციას  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მისი ხარისხის, დაფარვის ზონებისა და ტარიფების შესახებ;

თ.ბ) უნივერსალური მომსახურების სპეციალურ ანგარიშზე შესული თანხების ოდენობას, დანახარჯებს, რეზერვებს;

თ.გ) მიმდინარე პროექტების მიზნებს, ამოცანებს და ბიუჯეტის აღწერას;

თ.დ) დაფინანსებული პროექტების აღწერილობას და მათი შესრულების მიმოხილვას;

თ.ე)  უნივერსალური მომსახურების პროგრესის შეფასებას;

თ.ვ)  მომავალი წლის  გეგმისა და ბიუჯეტის პროექტს;           

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 

თავი II.  უნივერსალური  მომსახურების ხელმისაწვდომობა და ხარისხი

მუხლი 6. უნივერსალური მომსახურების არეალი

1. უნივერსალური მომსახურების არეალი კომისიის მიერ განისაზღვრება უნივერსალური მომსახურების სტრატეგიისა და უნივერსალური მომსახურების ნუსხის  შესაბამისად და მოიცავს გეოგრაფიულ არეალს განსაზღვრული ხარისხის სტანდარტის უნივერსალური მომსახურების მისაწოდებლად.  

2. უნივერსალური მომსახურების ხარისხის ინდიკატორები დგინდება უნივერსალური მომსახურების კონკრეტული არეალისათვის უნივერსალური მომსახურების საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და უნივერსალური მომსახურების ნუსხით განსაზღვრული მომსახურებების ერთობლიობით, მომსახურების პარამეტრების გათვალისწინებით.

მუხლი 7. ტარიფების ხელმისაწვდომობა

1.  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უნივერსალური  მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფასად. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი  უზრუნველყოფს მომხმარებლის შესაძლებლობას, გააკონტროლოს საკუთარი დანახარჯები და ჰქონდეს მისთვის მისაღები სატარიფო სქემების არჩევანი.

2. ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კომისია უფლებამოსილია უნივერსალური მომსახურების ცალკეული არეალისათვის, ან რამდენიმე არეალისათვის დაადგინოს ზღვრული ტარიფი, ან სპეციალური სატარიფო სქემა უნივერსალური მომსახურების სახეებზე.

მუხლი 8. მომსახურების ხარისხი

1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას მიაწოდოს დადგენილი ფორმით უახლესი ინფორმაცია უნივერსალური მომსახურების ხარისხის შესახებ.

2. კომისია უფლებამოსილია,  მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მიიღოს დამატებითი ზომები, მათ შორის განსაზღვროს უნივერსალური მომსახურების ხარისხის ინდიკატორები უნივერსალური მომსახურების კონკრეტული არეალისათვის; კომისია უფლებამოსილია დაადგინოს უნივერსალური მომსახურების ხარისხის ინდიკატორები, როგორც ცალკეული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, ასევე რამდენიმე მათგანისთვის ერთად.

3. კომისია უნივერსალური მომსახურების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრისას ითვალისწინებს: გადამცემის ტექნიკურ მახასიათებლებს, ქსელში თავდაპირველი  ჩართვის დროს,   ხელმისაწვდომობას, ცდომილებათა (გაუმართაობათა)  სიხშირეს, წარმატებული და წარუმატებელი ზარების ფარდობას,  შეკეთების დროს, საცნობარო მომსახურების სისწრაფეს, ბილინგის ცდომილების სიდიდეს.

თავი III. უნივერსალური მომსახურების მიწოდება

მუხლი 9. უნივერსალური მომსახურების კონკურსი

1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის გამოვლენა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე. სერვის-დეფიციტურ რეგიონში სატელეკომუნიკაციო მომსახურების განვითარების რეალური პერსპექტივის არ არსებობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების, ან მისი ცალკეული ელემეტების მიწოდების  უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ატარებს უნივერსალური მომსახურების კონკურსს უნივერსალური მომსახურების ერთი ან რამდენიმე მიმწოდებლის გამოსავლენად.

2.  უნივერსალური მომსახურების კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. გადაწყვეტილება  უნდა შეიცავდეს:

ა) უნივერსალური მომსახურების არეალს, რომლისთვისაც ცხადდება კონკურსი და შესაბამისი გეოგრაფიული რეგიონის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის აღწერას;

გ) პროექტის განხორციელების ვადას, მათ შორის საინსტალაციო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადებს;

დ) საკონკურსო თანხის მაქსიმალურ ოდენობას;

ე) სატარიფო სქემასა ან ზღვრული ტარიფის ოდენობას;

ვ) უნივერსალური მომსახურების საკონკურსო განაცხადებისა და პროექტების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადებს; კონკურსის ჩატარების თარიღს;

ზ) უნივერსალური მომსახურების ერთ ან რამდენიმე სახეს;

თ) უნივერსალური მომსახურების ხარისხის  ინდიკატორებს;

ი) კონკურსის სხვა პირობებს.

3. უნივერსალური მომსახურების კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვიტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება კომისიის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე.

4.უნივერსალური მომსახურების საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა)  კონკურსში მონაწილის იურიდიულ სტატუსსა და მისი საქმიანობის აღწერას;

ბ) შემოთავაზებული საკონკურსო წინადადების მოკლე მიმოხილვასა და პროექტის განხორციელების გეგმას;

გ) გეოგრაფიულ რეგიონს, სადაც პროექტი განხორციელდება;

დ) პროექტის ტექნიკურ აღწერილობას;

ე) შეთავაზებულ უნივერსალური მომსახურების სახეობათა პაკეტს;

ვ) პროექტის ფინანსურ გაანგარიშებას, პროექტის ერთიან ბიუჯეტსა და ყოველწლიურ დეტალურ ბიუჯეტს;

5. უნივერსალური მომსახურების კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და პროექტის კომისიაში  წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში, კომისია ამოწმებს  კონკურსანტების  მიერ წარმოდგენილი პროექტების შესაბამისობას უნივერსალური მომსახურების კონკურსის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობებთან, რის შემდეგაც ღებულობს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, რაც ფორმდება განაცხადისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით;

ბ) განცხადების შემომტანისათვის, მის მიერ არასრული დოკუმენტაციის ან/და არასრულყოფილი განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში,  დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის  მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

6. კომისია უნივერსალური მომსახურების პროექტების რეგისტრაციიდან  15 სამუშაო დღეში უნივერსალური მომსახურების საბჭოს წარუდგენს საკონკურსო პროექტებს. უნივერსალური მომსახურების საბჭო აფასებს წარმოდგენილ პროექტებს და გამოავლენს გამარჯვებულს. პროექტების შეფასებას უნივერსალური მომსახურების საბჭო  ახორციელებს შემდეგი  კრიტერიუმებით:

ა) მოთხოვნილი თანხა;

ბ) პროექტის განხორციელების ვადები;

გ) შეთავაზებული უნივერსალური მომსახურების სახეობათა პაკეტი;

დ) შეთავაზებული სატარიფო სქემა.

7. კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას უნივერსალური მომსახურების საბჭოს მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ კონკურსანტთან  უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

მუხლი  10.  საკონკურსო თანხის მაქსიმალური ოდენობის დადგენის მეთოდიოლოგია

კომისია საკონკურსო თანხის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს ხარჯებზე ორიენტირებული ჰიბრიდული მოდელის მეთოდოლოგიით: 

ა) ადგენს შერჩეულ სერვის-დეფიციტურ რეგიონებში განთავსებულ მომხმარებელთა საერთო რაოდენობას, ადგილმდებარეობას და აჯგუფებს მათ სივრცითი განაწილების ნიშნით;

ბ) შერჩეული სერვის-დეფიციტური რეგიონისათვის ახდენს ქსელის პროექტირებას, რომელიც ქსელის მაქსიმალური ოპტიმიზაციის მიზნით ითვალისწინებს  გეოგრაფიული არეალის თავისებურებებს, მაგისტრალურ ქსელთან დაშვების ტექნიკურ თავისებურებებს, საჭირო ტექნიკურ საშუალებებსა და ქსელის ასაგებად ჩასატარებელ სამუშაოთა მოცულობას;

გ) განსაზღვრავს დაგეგმილი ქსელის თითოეული ელემენტისა და ქსელის ასაგებად  ჩასატარებელი სამუშაოების საერთო საბაზრო ღირებულებას.

მუხლი 11. უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულების პირობები

 უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) უნივერსალური მომსახურების არეალი;

ბ) უნივერსალური მომსახურებისათვის დაფინანსებისა და თანხების უკან დაბრუნების პირობებს;

გ) მომხმარებლების არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების დაცვის მექანიზმი;

დ) უნივერსალური მომსახურების ტარიფები;

ე) უნივერსალური მომსახურების ხარისხის ინდიკატორები;

ვ) კომისიის მიერ განსაზღვრული ვალდებულებები;

ზ) უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

თ) უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პირობები, პირგასამტეხლოს ოდენობა და გადახდის პირობები;

ი) უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი.

 

            მუხლი 12. საკუთრების უფლება

1.  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს აქვს  სარგებლობისა და ფლობის   უფლება იმ ქონებაზე, რომელიც შეიქმნა 5000 ლარამდე ღირებულების უნივერსალური მომსახურების პროექტის დაფინანსების ფარგლებში, ხოლო ეს ქონება საკუთრებაში გადაეცემა მას შემდეგ, რაც  უზრუნველყოფს უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებას.

2.  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს აქვს  სარგებლობისა და ფლობის   უფლება იმ ქონებაზე, რომელიც შეიქმნა 5000 ლარიდან 50000 ლარამდე  ღირებულების უნივერსალური მომსახურების პროექტის დაფინანსების ფარგლებში, ხოლო ეს ქონება საკუთრებაში გადაეცემა მას შემდეგ, რაც  უზრუნველყოფს უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებას და  უნივერსალური მომსახურების სპეციალურ ანგარიშზე  ჩარიცხავს პროექტის ღირებულების თანხას. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს საკუთრებაში გადაეცეს ქონება პროექტის ღირებულების თანხის გადახდის გარეშეც, თუ იგი იკისრებს უნივერსალური მომსახურების საბჭოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვალდებულებებს.

3. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს აქვს  სარგებლობისა და ფლობის   უფლება იმ ქონებაზე, რომელიც მან შექმნა 50000 ლარზე მეტი  ღირებულების უნივერსალური მომსახურების პროექტის დაფინანსების ფარგლებში, ხოლო ეს ქონება საკუთრებაში გადაეცემა მას შემდეგ, რაც  უზრუნველყოფს უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებას და  უნივერსალური მომსახურების სპეციალურ ანგარიშზე  ჩარიცხავს პროექტის ღირებულების თანხას.

4. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,  უნივერსალური მომსახურების სპეციალურ ანგარიშზე  პროექტის ღირებულების თანხის ჩაურიცხაობისას, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი კარგავს სარგებლობისა და ფლობის   უფლებას ამ მუხლით განსაზღვრულ ქონებაზე, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს; იმ შემთხვევაში, თუ ქონების შექმნისას, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ, უნივერსალური მომსახურების პროექტის დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხის გახარჯვის გარდა, განხორციელდა თვითდაფინანსებაც, და თუ თვითდაფინანსებით შექმნილი ქონების ნაწილის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი ქონებიდან ამ ქონების ან მისი ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ქონება კომისიას უკან უბრუნდება მთლიანად, ანუ იმ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული საქმიანობის  სათანადოდ გაგრძელებას.

თავი  V. უნივერსალური მომსახურების დაფინანსება და მისი  ადმინისტრირება

მუხლი 13. უნივერსალური მომსახურების  დაფინანსება

1.   უნივერსალური მომსახურების დაფინანსება ხორციელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ი)  ქვეპუნქტში განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების სპეციალური ანგარიშიდან.

2.  უნივერსალური მომსახურების სახსრები არ შეიძლება გაიხარჯოს :

ა) ისეთი ინვესტირების ან პროექტების განსახორციელებლად, რომლის განხორციელება უკვე იგეგმებოდა  ავტორიზებული პირების მიერ ;

ბ) ნებისმიერი ავტორიზებული პირის  მიერ კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად; 

გ) უნივერსალური მომსახურების გარდა სხვა მიზნებისათვის .

მუხლი 14. უნივერსალური მომსახურების სახსრების მართვა  და ადმინისტრირება

1.   კომისია ახორციელებს უნივერსალური მომსახურების დაფინანსების ადმინისტრირებასა და სახსრების ხარჯვის კონტროლს.

2.   უნივერსალური მომსახურების საბჭო წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფს უნივერსალური მომსახურების სახსრების გამოყენების აუდიტორულ შემოწმებას. აუდიტორული შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს კომისია.

მუხლი 15. უნივერსალური  მომსახურების რეესტრი

1. კომისია აწარმოებს უნივერსალური მომსახურების რეესტრს, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) უნივერსალური  მომსახურების   პროექტები და მათი ანოტაცია;

ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები.

2.  უნივერსალური მომსახურების რეესტრი საჯაროა.

 

მუხლი 16. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთა პასუხისმგებლობა

1. ამ დებულების დარღვევისა ან კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ეკისრება პასუხისმგებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომისია უფლებამოსილია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს დააკისროს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული სანქციები.

თავი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

1. უნივერსალური მომსახურების საბჭო იქმნება წინამდებარე დებულების ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში.

2. უნივერსალური მომსახურების საბჭოს პირველი სხდომა მოიწვევა საბჭოს წევრების დანიშვნიდან  2 კვირის ვადაში.

3.  კომისია:

ა) წინამდებარე დებულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში ატარებს ელექტრონული საკომუნკაციო ბაზრის კვლევას, სოციალურ-ეკონომიკურ შეფასებასა და გამოავლენს სერვის-დეფიციტურ რეგიონებს;

ბ) უნივერსალური მომსახურების სტრატეგიის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს უნივერსალური მომსახურების არეალებს და შეიმუშავებს უნივერსალური მომსახურების განხორციელების ერთწლიან გეგმას;

გ) ამ პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სამუშაოების განხორციელების დასრულებიდან 2 თვის ვადაში აცხადებს უნივერსალური მომსახურების კონკურსს.

4. უნივერსალური მომსახურების საბჭო მისი პირველი სხდომის გამართვიდან 2 თვის ვადაში ამზადებს და ამტკიცებს  უნივერსალური მომსახურების სტრატეგიასა და უნივერსალური მომსახურების ნუსხას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები