ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 9 /

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2005

მიღების თარიღი ივნისი 06, 2005

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის,   46-ე და 47-ე მუხლების, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

დაადგინა:

1. განისაზღვროს ფიჭური სატელეფონო კავშირის ოპერატორის საკუთარ ქსელში ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების ზარის წამოწყების ან/და დასრულების ზედა ზღვრული ტარიფი  0,188 ლარის ოდენობით.

2. განისაზღვროს ადგილობრივი კავშირის ოპერატორის საკუთარ ქსელში ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი ადგილობრივი კავშირის ზონაში ზარის წამოწყება ან/და დასრულებაზე - 0,04 ლარის ოდენობით; ადგილობრივი კავშირის ზონაში (ან ზონიდან) ტანდემური და ორმაგი ტანდემური ზარის წამოწყება ან/და დასრულებაზე - 0,05  ლარის ოდენობით.

3. ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების ტარიფის ქვედა ზღვარი თავისუფალია.

4. ზარის წამოწყების და ზარის დასრულების ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების ზღვრული ტარიფები მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 

5. ფიჭური სატელეფონო კავშირის ოპერატორის მიერ დადგენილი საცალო ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფზე ნაკლები.

6. ფიჭური სატელეფონო კავშირის ოპერატორის ქსელიდან ადგილობრივი კავშირის ოპერატორის ქსელში ზარის დასრულების და ადგილობრივი კავშირის ოპერატორის ქსელიდან ფიჭური სატელეფონო კავშირის ოპერატორის ქსელში ზარის დასრულების მომსახურებისთვის აბონენტისათვის დადგენილი საცალო ტარიფის ოდენობა არ უნდა იყოს ფიჭური სატელეფონო კავშირის ოპერატორის ურთიერთჩართვის ტარიფის და ადგილობრივი კავშირის ოპერატორის ურთიერთჩართვის ტარიფის  ჯამზე ნაკლები.

7. ფიჭური სატელეფონო კავშირის და ადგილობრივი კავშირის ოპერატორებმა ურთიერთჩართვის და საცალო ტარიფები  შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს 2005 წლის 15 ივლისიდან.

8. ფიჭური სატელეფონო კავშირის და ადგილობრივი კავშირის ოპერატორებმა უზრუნველყონ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფის და სათანადო გაანგარიშების კომისიისთვის წარმოდგენა  2005 წლის 15 ივლისამდე.

9. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                      დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები