წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 509 შპს “ ჯეოსელს ” მიერ საერთაშორისო კოდი 8 - 07 - ის აქტივიზაციის თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 509 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2001

შპს „ჯეოსელს” მიერ საერთაშორისო კოდი 8-07-ის აქტივიზაციის თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა რა დავა შპს „ჯეოსელსა” და შპს „რუსთავი 2 ონლაინს” შორის, დაადგინა, რომ შპს „რუსთავი 2 ონლაინი”, როგორც საერთაშორისო ოპერატორი და უფლებამოსილი პირი 8-07 კოდთან დაკავშირებით, ითხოვს საერთაშორისო კოდი 8-07-ის აქტივიზაციას შპს „ჯეოსელის” მიერ. კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2001 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება შესაბამისობაშია მოსაყვანი „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მოთხოვნებთან. ამასთან, შპს „ჯეოსელის” აბონენტების ერთ ჯგუფს საერთაშორისო კოდის გამოყენებით ნებისმიერი საერთაშორისო ოპერატორის მომსახურების მისაღებად წინასწარ გადასახდელი აქვთ 100 ლარი დეპოზიტის სახით, გარდა შპს „ჯეოსელის”, როგორც საერთაშორისო ოპერატორის, მომსახურების მიღებისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” და შპს „ჯეოსელმა”, მათ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2 (ორი) კვირის ვადაში კომისიას წარმოუდგინონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი.

2. შპს „რუსთავი 2 ონლაინს” და შპს „ჯეოსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცედურა დასრულდეს კომისიისათვის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებამდე, საერთაშორისო კოდის - 8-07-ის აქტივიზაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” და შპს „ჯეოსელმა” 1 (ერთი) კვირის ვადაში წარმოადგინონ შეთანხმების პროექტი.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                               ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები