გადაწყვეტილება N 287 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომლებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორების მონაწილეობით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 02, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომლებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორების მონაწილეობით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე
წინამდებარე გადაწყვეტილების მიზანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების, კავშირგაბმულობის ოპერატორების მიერ კანონმდებლობითა და ლიცენზიებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების სრულყოფა, საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვის, ოპერატორებს შორის ანგარიშსწორების პროცესში წარმოშობილი სადაო საკითხების ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა კოლეგიური და საჯაროობის პრინციპების დაცვით.
„კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-8 და მე-9 მუხლები ითვალისწინებს კავშირგაბმულობის ოპერატორების (კავშირგაბმულობის ოპერატორის ცნებაში იგულისხმება „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებული „კავშირგაბმულობის ოპერატორი”) ვალდებულებას მათი ქსელებიდან როგორც გამომავალი, ასევე შემომავალი გამოძახების პარამეტრების გაზომვის, აგრეთვე მათი მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვის წარმოების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-3 თავის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კავშირგაბმულობის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი საბილინგო ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშსწორების პროცესში წარმოშობილი სადაო საკითხების გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი.
2. მონიტორინგის ჯგუფი შედგება კომისიის აპარატის თანამშრომლებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორების წარმომადგენლებისაგან.
3. მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის კავშირგაბმულობის ოპერატორების მიერ წარმოდგენილ საბილინგო ინფორმაციას, განიხილავს სადაო საკითხებს ოპერატორებს შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.
4. მონიტორინგის ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის აპარატის თანამშრომლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება:
ა) დავით ქუთათელაძე - ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი;
ბ) გრიგოლ გოგელია იურიდიული სამსახურის სპეციალისტი;
გ) გოჩა გიორგაძე ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტი.
5. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნები და არსებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
6. მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელობა დაევალოს დ.ქუთათელაძეს.
7. კავშირგაბმულობის ოპერატორებმა უზრუნველყონ საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში მონიტორინგის ჯგუფისათვის საბილინგო ინფორმაციის წარმოდგენა;
8. მონიტორინგის ჯგუფი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს კომისიისათვის საბილინგო ინფორმაციის შედარებითი ანალიზისა და სადაო საკითხების გადაწყვეტის თაობაზე წინადადებების წარდგენას.
9. თავისი მოვალეობის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფმა შეიძლება მოახდინოს კავშირგაბმულობის ოპერატორის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შემოწმების საფუძველი შეიძლება აგრეთვე გახდეს ოპერატორის მოთხოვნა. ჯგუფი უფლებამოსილია შეამოწმოს ის ოპერატორი, რომელიც არ აწვდის ჯგუფს ბილინგის ინფორმაციას.
10. მონიტორინგის ჯგუფი შემოწმების შედეგად ადგენს შემოწმების აქტს.
11. თუ მონიტორინგის ჯგუფი დაადგენს, რომ ჩადენილია ადმინისტარციული სამართლდარღვევა, კომისიის აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგენენ ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმს. ამ შემთხვევაში საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
12. ეთხოვოთ კავშირგაბმულობის ოპერატორების ხელმძღვანელობას მონიტორინგის ჯგუფთან თანამშრომლობისათვის გამოყონ კომპანიის პასუხისმგებელი პირები.
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.22) ექვსი თვის ვადაში.
14. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
