გადაწყვეტილება N 265 შპს “სისტემა გამას” N 538 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003
მიღების თარიღი ივნისი 06, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სისტემა გამამ” კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „სისტემა გამას” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N538, რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას 102,9 და 104,3 მგჰც სამუშაო სიხშირეებზე 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
შპს „სისტემა გამამ” კომისიის N50, 29.12.2000წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „სისტემა გამას” N 538 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 8 262 (რვა ათას ორას სამოცდაორი) ლარით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (1 652,40 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBC-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (826,20 ლარი) გადახდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
4. უზრუნველყოს შპს „სისტემა გამამ” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „სისტემა გამამ” სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
