გადაწყვეტილება N 286 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ივერია ქსელს” შორის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2003
მიღების თარიღი ივნისი 20, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ქსელმა” მიმართა კომისიას სს „საქართველოს ელექტროკავშირთან” სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დანიშვნის შესახებ. კომისიამ დავის განხილვა დანიშნა ა/წლის 2003 წლის 13 ივნისს.
სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” ქ. ზუგდიდის სატელეფონო სადგურისა და სახაზო-საკაბელო მეურნეობის ფაქტობრივი მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით, მოითხოვა დავის განხილვის გადადება (წერილები # 14-4/1-193, 13.06.2003წ., # 14-4/1-203, 19.06.2003წ.), რის შესახებაც კომისიამ მიიღო 2003 წლის 13 ივნისის #277/16 გადაწყვეტილება.
დამატებითი შესწავლის შედეგად, სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” 2003 წლის 27 ივნისის #14-4/1-270 წერილით, კომისიას წარმოუდგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც ქ. ზუგდიდში სახაზო-საკაბელო მეურნეობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ და საექსპლუატაციო ნორმებს, რის გამოც შპს „ივერია-ქსელებთან” სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, არსებული პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული შეუსაბამობების მოწესრიგება მიმდინარე წლის ბოლომდე არის განსაზღვრული.
ამავე დროს, კომისიაში შემოსულია სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ზუგდიდის ფილიალის აბონენტთა განცხადებები, რომლებიც, ქ. ზუგდიდში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით (დასტურდება, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ზუგდიდის ფილიალსა და აბონენტებს შორის გაფორმებულია არაერთი ხელშეკრულება სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების შესახებ), ითხოვენ ანალოგიური ხელშეკრულებების გაფორმებას, შპს „ივერია ქსელის” სატელეფონო სადგურზე შემდგომი გადართვის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ. ზუგდიდში შექმნილი ვითარება არატიპიურია, როგორც ლიცენზიის მფლობელ კომპანიასა და მომხმარებელს, ასევე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით; არასრულყოფილი ტექნიკური და სამართლებრივი ურთიერთობების შედეგად, სხვა პრობლემებთან ერთად, მომხმარებლებს, ფაქტიურად, ეზღუდებათ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლება მოითხოვონ სათანადო ხარისხის მომსახურება.
კომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, „კერძო სამართლის სუბიეტქებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი”. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებლებს, ანუ იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სარგებლობენ მომსახურებით, „დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში”.
ქ. ზუგდიდში შექმნილი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, ლიცენზიის მფლობელი კომპანიების საქმიანობის, მათსა და აბონენტებს შორის არსებული სახელშეკრულებო ბაზის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, 50-ე მუხლის 1 პუნქტის, 51-ე მუხლის 1 პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებულ იქნას ცნობად ის გარემოება, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” განცხადებით ზუგდიდის ფილიალს არ აქვს საწარმოო შესაძლებლობა სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურება გაუწიოს შპს „ივერია ქსელს”; შპს „ივერია-ქსელებთან” სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სახაზო-საკაბელო მეურნეობის მოქმედ ტექნიკურ და საექსპლუატაციო ნორმებთან შეუსაბამობის გამო, შეუძლებელი იქნება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
2. ეთხოვოს სს „საქართველოს ელექტროკავშირს” „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უმოკლეს ვადებში გაატაროს საჭირო ზომები ქ. ზუგდიდში სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მფლობელობაში არსებული სასადგურო და სახაზო-საკაბელო მეურნეობის მოქმედ ტექნიკურ და საექსპლუატაციო ნორმებთან, ლიცენზიის მფლობელ კომპანიებთან და მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
3. ეთხოვოს სს „საქართველოს ელექტროკავშირს” უზრუნველყოს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ზუგდიდის ფილიალის აბონენტთა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად;
5. ეთხოვოს შპს „ივერია-ქსელს” უზრუნველყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონითა და კომისიის 2001 წლის 10 ივლისის #6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო პირობების დაცვით, ლიცენზიის მფლობელ კომპანიებთან და მომხმარებლებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს”;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
