წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 338 ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 338 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2003

მიღების თარიღი ივლისი 11, 2003

ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების -  თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში (1710-1880 მგჰც) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომისიას განცხადებით მიმართეს შპს „ჯეოსელმა„ და შპს „საქართველოს ტელეკომმა„.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2002 წლის 26 აპრილის N163/4 გადაწყვეტილებით, პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო გაუქმდა შპს „ზამექს სა„-ს N1070, შპს „ნეოკომი„-ს N1136 და შპს „იბერკომის„ N1042 ლიცენზიები ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე, რომლებიც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სალიცენზიო კომისიის მიერ იყო გაცემული. შესაბამისად, 1710-1880 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი.

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 2003 წლის 14 მარტის კომისიის N94 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობა განისაზღვრა    1 026 000 ლარით, ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2003 წლის 20 მარტიდან 2003 წლის 27 მაისამდე. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 11 ივლისი.

დადგენილ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ შპს „ჯეოსელმა„ წარმოადგინა, რომელმაც გადაიხადა სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობის 10 % ( 102 600 ლარი) და გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში, სადაც მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N2 8.07.2003 წ.), რომ შპს „ჯეოსელის„ მიერ  ფიჭურ  სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ჯეოსელი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 1 026 000 (მილიონ ოცდაექვსი ათასი) ლარი.

2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ანუ 205 200 (ორასხუთი ათას ორასი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 102 600 (ასორი ათას ექვსასი) ლარის გამოკლებით გადახდა მოხდეს მ/წ 8 აგვისტომდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 102 600 (ასორი ათას ექვსასი) ლარის გადახდა მოხდეს 8 აგვისტომდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი

დანიშნულება

კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 718 200 (შვიდასთვრამეტი ათას ორასი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა და კონკურსის  მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ კომისიის უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „ჯეოსელისათვის” ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

6. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო   სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ                  (ე. ასანიძე) სამსახურს.

   

            კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები