წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 377 შპს “აიეტის” ¹ 1 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 377 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2003

შპს „აიეტის” N 1 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „აიეტმა” კომპანიის N 1 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1993 წლის 14 მაისს შპს „აიეტის” სახელზე გაიცა ლიცენზია N 1, რომელიც ითვალისწინებს უმავთულო საკაბელო ტელევიზიის MMDS მშენებლობას 2564 – 2612 მგჰც და 2636 – 2692 მგჰც სიხშირულ დიაპაზონებში.

შპს „აიეტმა” კომისიის N 54, 29.12.2000 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    შპს „აიეტის” N 1 ლიცენზიას გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2013 წლის 21 აპრილამდე.

2. მოდიფიცირდეს შპს „აიეტის„ N 1 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში MMDS სისტემის გამოყენებით 2564 – 2612 მგჰც და 2636 – 2692 მგჰც სიხშირულ დიაპაზონებში.„

3. შპს „აიეტი„ ვალდებულია:

- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

- კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

- განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

- დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

- წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

4. შეტანილი იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-3 და მე-8 პუნქტებთ გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდიანციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები