გადაწყვეტილება N 467 შპს “სანეტსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
შპს „სანეტსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „სანეტის” განცხადება (N180803601/01-01) ინტერნეტ მომსახურების ახალი ტიპის (ADSL) მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხების შპს „ახალ ქსელებთან” გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინების მოთხოვნით.
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „სანეტის” განცხადება წარმოდგენილია კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 44-ე მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული პირობების დაცვით, მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს და დავის განხილვა კომისიის ვალდებულებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შპს „სანეტის” განცხადება განიხილა მოსამზადებელ სხდომაზე ა/წლის 12 სექტემბერს და მიიღო გადაწყვეტილება შპს „სანეტსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვის 19 სექტემბერს დანიშვნის შესახებ.
2003 წლის 19 სექტემბერს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ახალი ქსელების„ წარმომადგენელი, რის გამოც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკითხის განხილვა კომისიის გადაწყვეტილებით გადაიდო 2003 წლის 26 სექტემბრის კომისიის სხდომაზე.
შპს სანეტის„ მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: შპს სანეტმა„ 2003 წლის 7 ივლისს (წერილი N2104016/01-01) მიმართა შპს ახალ ქსელებს„ და მოითხოვა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ინტერნეტ მომსახურების ახალი ტიპის (ADSL) მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად შპს ახალმა ქსელებმა„ 2003 წლის 15 მაისის წერილით (N532) უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოწყობილობების დაყენება არ წარმოადგენს ურთიერთჩართვას.
შპს სანეტი„ კომისიის წინაშე აყენებს მოთხოვნას: 1. კომისიამ დაავალოს შპს ახალ ქსელებს„ თავის სატელეფონო სადგურებში განათავსოს შპს სანეტის„ აპარატურა, რომელიც აუცილებელია ინტერნეტ მომსახურების ახალი ტიპის (ADSL) განსახორციელებლად; 2. კომისიამ დაავალოს შპს ახალ ქსელებს„ შპს სანეტის„ მიერ შპს ახალი ქსელების„ აბონენტებისათვის ინტერნეტ მომსახურების ახალი ტიპის (ADSL) მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები ასახოს შპს „სანეტთან” გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში.
შპს ახალი ქსელებმა„ უარი განაცხადა (შპს ახალი ქსელების„ წერილი N886, 8.09.2003) შპს სანეტის„ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგი გარემოებების გამო: ვინაიდან შპს სანეტი„ თავს არიდებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას, კომისიამ მისი მოთხოვნა საერთოდ არ უნდა განიხილოს; ADSL მომსახურება არ წარმოადგენს გაფართოებულ ურთიერთჩართვას და წარმოადგენს დაშვებას, რაზედაც ნორმატიული აქტი ჯერ მიღებული არ არის; შპს ახალი ქსელები„ თავად აპირებს დააყენოს ეს აპარატურა და შემდეგ გასცეს იჯარით სხვა ოპერატორებზე.
2003 წლის 26 სექტემბრის კომისიის სხდომაზე შპს ახალი ქსელების„ გენერალურმა დირექტორმა ა.იაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შპს ახალი ქსელებისათვის„ შეუძლებელია იმ საკითხის გარკვევა, არის თუ არა ADSL ქსელით მომსახურება გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურება. ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია შპს სანეტმა„ შპს ახალ ქსელებს„ წარუდგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. შპს ახალ ქსელებს„ არ ჰქონდა შესაძლებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით განეხილა შპს სანეტის მოთხოვნა. შპს სანეტის„ მოთხოვნით, ADSL აპარატურის დაყენებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა აისახოს გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში. ჯერ არ არსებობს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს ახალ ქსელებსა„ და შპს სანეტს„ შორის. შპს სანეტმა„ შპს ახალ ქსელებს„ წერილით მიმართა 8 ივნისს და არ დაიცვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული კავშირგაბმულობისა ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: შპს სანეტს„ შპს ახალი ქსელებისთვის„ არ წარუდგენია ლიცენზიისა და ნებართვის ასლები; ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს: ურთიერთჩართვის სისტემის და ქსელის გეგმა; ურთიერთჩართვის პირობები; წერტილები; მოთხოვნები ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზების პარამეტრებთან დაკავშირებით; ტრაფიკის მარშრუტი; არანაკლებ ორი მომავალი წლის განმავლობაში ტრაფიკის წინასწარი შეფასება; გამოყენებული ინტერფეისები; ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელების ვადები; ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის არსებული საკომუტაციო სადგურების ჩამონათვალი. ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ანგარიშსწორების სავარაუდო სისტემა; ტექნიკური საშუალებების შესაბამისობის სერტიფიკატი. აქედან გამომდინარე, შპს ახალი ქსელები„ არ იცნობს შპს სანეტის„ ტარიფებს, სერტიფიკატებს, ურთიერთჩართვის წერტილებს. შპს სანეტის„ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შპს ახალ ქსელებს„ ექნება საშუალება, იმსჯელოს - არის თუ არა ADSL ქსელით მომსახურება ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურება და უნდა აისახოს თუ არა ეს მომსახურება მხარეთა შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში.
კომისიის სხდომაზე შპს სანეტის„ წარმომადგენელმა ზ.კორძაძემ განაცხადა, რომ შპს სანეტმა„ მიმართა შპს ახალ ქსელებს„ ADSL აპარატურის დაყენების მოთხოვნით. შპს ახალი ქსელების„ პასუხის თანახმად, ეს მომსახურება არ მიეკუთვნება ურთიერთჩართვის გაფართოებულ მომსახურებას. შპს სანეტს„ მიაჩნია, რომ ADSL ქსელით მომსახურება წარმოადგენს ურთიერთჩართვის გაფართოებულ მომსახურებას, თანახმად კავშირგაბმულობისა ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების პირველი მუხლის ჰ4„ პუნქტისა, აქედან გამომდინარე, შპს ახალი ქსელები„ ვალდებულია მისცეს სანეტს„ ამ მოწყობილობის დაყენების საშუალება. როდესაც შპს სანეტმა„ მიმართა შპს ახალ ქსელებს„ მოთხოვნით ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, შპს ახალმა ქსელებმა„ გაუგზავნა ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც ასახული არ არის ADSL ქსელით მომსახურება. თუ კომისიის მიერ არ გადაწყდა საკითხი არის თუ არა ეს მომსახურება ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურება, მხარეთა შორის კვლავ სადავო დარჩება აღნიშნული საკითხი და შეუძლებელი იქნება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.
კომისია აღნიშნავს, რომ ორივე მხარეს დარღვეული აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. არც ერთი მხარე უარს არ ამბობს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს კავშირგაბმულობისა ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულებით დადგენილი წესით. ინტერნეტ-მომსახურება, მიუხედავად გამოყენებული ტექნოლოგიისა, იქნება ეს ე.წ. ADSL ქსელი თუ სხვა სახის ტექნოლოგია, კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ჰ4„ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს ურთიერთჩართვის გაფართოებულ მომსახურებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-5 მუხლის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 50-ე მუხლის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს სანეტმა„ შპს ახალი ქსელებისათვის„ განაცხადის წარდგენა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში კავშირგაბმულობისა ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესით;
2. უზრუნველყოს შპს ახალმა ქსელებმა„ ურთიერთჩართვაზე განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში შპს სანეტისათვის„ სათანადოდ დასაბუთებული წერილობითი პასუხის გადაცემა; ამავე ვადაში მხარეებმა დაიწყონ მოლაპარაკება და შპს სანეტმა„ უზრუნველყოს განაცხადის და შპს ახალი ქსელების„ პასუხის ასლების კომისიისათვის წარდგენა;
3. უზრუნველყოს შპს სანეტმა„ და შპს ახალმა ქსელებმა„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტის კომისიისათვის წარდგენა ურთიერთჩართვის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენიდან 20 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
