წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 468 შპს “მეტაკომსა” და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დავის განხილვის შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 468 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

შპს „მეტაკომსა” და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ შორის დავის განხილვის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „მეტაკომის” განცხადება (#771/73,05.09.2003წ) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან„ ანგარიშსწორების თაობაზე დავის განხილვის  მოთხოვნით.

კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მეტაკომის” განცხადება წარმოდგენილია კომისიის 2003 წლის 27 ივნისის #1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 44-ე მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული პირობების დაცვით, მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს და დავის განხილვა კომისიის ვალდებულებას წარმოადგენს.

შპს „მეტაკომი„ ითხოვს დახმარებას შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან„ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით -  შპს „მეტაკომსა„ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ შორის სადავო გახდა 12 980 ლარს დამატებული აგვისტოს თვის თანხა, რომელიც წარმოიქმნა კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ტარიფსა და ხელშეკრულებაში ჩადებულ ტარიფს შორის სხვაობის შედეგად.

კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს „მეტაკომის„ წარმომადგენელი ბ.ჯალაღანია და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორი ნ.შარაშენიძე.

შპს „მეტაკომის„ წარმომადგენელმა ბ.ჯალაღანიამ, რომელსაც კომისიამ სთხოვა სადავო საკითხის დაზუსტება, აღნიშნა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს თანხის გადახდის საკითხი, მას სურს, რომ კომისიამ დაადასტუროს მისი ქმედების სისწორე, კერძოდ, ის გარემოება, რომ მან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის უნდა გადაუხადოს არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფი, არამედ   კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ტარიფი.

 შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორმა ნ.შარაშენიძემ აღნიშნა (წერილი #1.4/696/ნშთჩ), რომ შპს „მეტაკომთან„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება გაფორმებულია 2002 წლის 1 ნოემბერს. ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად ხელშეკრულება მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში. თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ შეატყობინებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და იგივე პირობებით. შპს „მეტაკომს„ არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტა და იგი გრძელდებოდა 2003 წლის 1 სექტემბრამდე – ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე და არა 1 მაისამდე, როგორც ამას უთითებს შპს „მეტაკომი„. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იყო ურთიერთჩართვის ტარიფი 4,6 თეთრი, ხოლო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ტარიფი 6 თეთრის ოდენობით. თავის დროზე შპს „მეტაკომი„ დაეთანხმა ამ ტარიფს და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. მას ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში არ მიუმართავს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის„ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

შპს „მეტაკომის„ წარმომადგენელმა ბ.ჯალაღანიამ დაადასტურა, რომ მას არ მიუმართავს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ტარიფის ცვლილების მოთხოვნით.

კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ შპს „მეტაკომსა„ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ შორის გაფორმებულია ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია 2003 წლის 1 სექტემბრიდან (მხარეებმა კომისიას სხდომაზე გადასცეს ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი).  ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ურთიერთჩართვის ტარიფი 6 თეთრის ოდენობით, რომელიც შეესაბამება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ მიერ კომისიის ვებ-გვერდზე 2003 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტარიფს.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორმა ნ.შარაშენიძემ აღნიშნა, რომ იგი კომისიის წინაშე არ აყენებს მოთხოვნას შპს „მეტაკომისათვის„ რაიმე თანხის გადახდის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ არ არსებობს სადავო საკითხი მხარეთა შორის და დავის განხილვა ექვემდებარება შეწყვეტას. შესაბამისად, კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს დავის განხილვა შპს „მეტაკომსა” და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ შორის დავის საგნის არარსებობის გამო;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები