წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 515 ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 515 / 10

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ

  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების -  თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

კომისიის 2002 წლის 26 აპრილის N163/4 გადაწყვეტილებით, პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო გაუქმდა შპს „ზამექს სა„-ს N1070, შპს „ნეოკომი„-ს N1136 და შპს „იბერკომის„ N1042 ლიცენზიები ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე, რომლებიც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სალიცენზიო კომისიის მიერ იყო გაცემული. შესაბამისად, 1710-1880 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში (1710-1880 მგჰც) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა„ (N162 4.09.2003).

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო  გადასახდელის საწყისი  ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე„ N2 დადგენილების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;

ლიცენზიის სახეობა: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება

1745,1-1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1-1855 მგჰც (მიღებაზე) სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. კონკურსი ჩატარდეს 2004 წლის 13 თებერვალს, 16 საათზე;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1 026 000 (მილიონ ოცდაექვსი ათასი) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2003 წლის 13 ოქტომბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათამდე;

5. ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები დამფუძნებლების შესახებ;

გ) ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის  მაძიებელი;

დ) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების გავრცელების გეოგრაფიული ზონის დაფარვის გრაფიკი და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.

6. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს აღნიშნული თანხა დაუბრუნდება საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის თანხის დაბრუნების შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას იხდის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი წესის შესაბამისად.

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომელმაც სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზის და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე დაიშვება ქვეკომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

7. კონკურსში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში რესურსის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება.

8. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტებში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, ლიცენზიის მაძიებელს განცხადების წარდგენისთანავე განემარტება. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს 5 სამუშაო დღის ვადაში შეავსოს ხარვეზი. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის კომისიისთვის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება დაუშვებელია.

9. კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:

ა) განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დადგენილ ვადაში კომისიაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) კომისიაში წარდგენილი განცხადებებიდან არცერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.

10. კონკურსის პირობებია:

ა) კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ბ) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების გავრცელების გეოგრაფიული ზონის დაფარვის ვალდებულება (არაუმეტეს სამი წლის ვადაში ლიცენზიის გაცემიდან).

11. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა.

12. კონკურსი ტარდება შემდეგი პროცედურით:

ა) საკონკურსო სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას და მინიმალურ საკონკურსო ბიჯს. საკონკურსო ბიჯი წარმოადგენს კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსის მონაწილის მიერ ყოველ მომდევნო დაფიქსირებულ თანხასა და წინა დაფიქსირებულ თანხას შორის მინიმალურ სხვაობას, რომლის ოდენობა შეადგენს სალიცენზიო გადასახდელის 5 პროცენტს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე. საკონკურსო ბიჯი უცვლელია. იგი ჯერადად უნდა დაემატოს კონკურსის მსვლელობისას ბოლო მაქსიმალურ განაცხადში დაფიქსირებული თანხის ოდენობას.

ბ) კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის და საკონკურსო ბიჯის ჯამზე ნაკლები.

გ) კონკურსის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.

დ) კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას დააფიქსირებს.

ე) თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

ვ) კონკურსში მონაწილეთა მიერ ყოველი დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ საკონკურსო სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.

ზ) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.

თ) კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.

13. საკონკურსო სხდომაზე ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;

14. ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 30%-ის  (ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გამოკლებით) გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვადა და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების პროცესში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით და ლიცენზიით დადგენილი წესები და პირობები;

16. საკონკურსო სხდომა საჯაროა.

17. კონკურსის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება:

ა) ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

18. აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი);

19. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

20. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს    (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები