წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 537 შპს „მეგაკომის“ #4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 537 / 9

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

შპს „მეგაკომის„ #4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მეგაკომმა„ #4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განაცხადი შემოიტანა მიმდინარე წლის 10 ივლისს (წერილი #07/06 10.07.2003).

შპს „მეგაკომზე„ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1993 წლის 23 ივლისს გაცემულია ლიცენზია #4 ფიჭური სატელეფონო ქსელისათვის საჭირო სიხშირეების გამოყენებაზე.

შპს „მეგაკომმა„ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის  შესახებ„ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ„ დებულების შესაბამისად, კომისიაში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

შპს „მეგაკომის„ #4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ ზეპირი მოსმენა კომისიაში ჩატარდა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „მეგაკომის„ მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, მაგრამ არ არის წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მეგაკომმა„ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა წარმოადგინოს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შპს „მეგაკომის„ მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებული "რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესრულების დასადგენად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განესაზღვროს შპს „მეგაკომს„ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა  მიმიდინარე წლის 10 ოქტომბრამდე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი 7ა 6 თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                        ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები