გადაწყვეტილება N 550 სკეკ-ის 2003 წლის 8 აგვისტოს ¹392 გადაწყვეტილებით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული საკონკურსო სხდომების ჩატარების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2003
სკეკ-ის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილებით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული საკონკურსო სხდომების ჩატარების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს #392 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი: გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 526,360 ლარი, საკონკურსო სხდომის თარიღი - 2003 წლის 24 ოქტომბრის 12 საათი), ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად - 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 467 240 ლარი, საკონკურსო სხდომის თარიღი - 2003 წლის 31 ოქტომბრის 12 საათი). აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, სამოქმედო ზონად ორივე შემთხვევაში გამოცხადდა საქართველოს ტერიტორია.
ინფორმაცია კონკურსების გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს #392 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2„-მა და შპს ტექნო-მედიამ„, ხოლო მე-2 პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მე-9 არხმა„, შპს სამაუწყებლო კომპანია მზე„-მ და შპს ტელეკომპანია იბერია-ტვ„-მ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნები (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N6 , 2003 წლის 22 ოქტომბერი), რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციები შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად საჯარო საკონკურსო სხდომა 2003 წლის 24 ოქტომბრის 12 საათზე გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც ლიცენზიის მაძიებელი სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და კომისიის აპარატის თანამშრომლები, ასევე მასმედიის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ საკონკურსო სხდომის გახსნისთანავე გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან ადგილი აქვს კომისიაზე არასათანადო ზემოქმედების მცდელობას, კომისიის მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე ან მის რომელიმე წევრზე არასათანადო ზემოქმედება და კომისიის საქმიანობაში არასამართლებრივი ჩარევა დაუშვებელია, კერძოდ, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, იკრძალება ნებისმიერი ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიონერის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა„. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედების და ჩარევის მცდელობა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, კომისიონერის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებით და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას.„
კომისიას მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში საეთერო ტელემაუყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომების წარმართვა მიზანშეუწონელია.
საკონკურსო სხდომაზე გაკეთებული ინფორმაციისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N326 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების„ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და მე-7 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საკონკურსო სხდომა 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად შეჩერდეს; მისი გაგრძელების თარიღისა და დროის შესახებ კონკურსში მონაწილე სამაუწყებლო კომპანიებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დამატებით ეცნობოთ;
2. საკონკურსო სხდომა 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიდოს.
3. 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომის ჩატარების თარიღი განისაზღვროს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით;
4. კომისიის ეს გადაწყვეტილება:
ა) გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ) გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
5. აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
