ს/ს,,საქართველოს ელექტროკავშირს’’,ს/ს,,გლობალ ერთს’’ და მოქალაქე ო.გოგობერიშვილს შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის სახელზე შემოვიდა მოქალაქე ოთარ გოგობერიშვილის (ლტოლვილი, დროებით მცხოვრები ქ. თბილისში, სასტუმრო ,,საქართველოში’’) განცხადება (N 90/089-03, 13.08.2003 წ.), რომელშიც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მას ტელეფონზე (N 22-14-54) დაერიცხა 74.78 (სამოცდათოთხმეტი) ლარი სს ,,გლობალ ერთის’’ კუთვნილი კოდით (8-18) შესრულებული სატელეფონო ზარებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, მას არ უწარმოებია.
სს ,,გლობალ ერთმა’’ გამოიკვლია რა სადავო საკითხი, აღმოაჩინა, რომ აბინენტ ო. გოგობერიშვილს სატელეფონო ხაზით, მისი ნებართვის გარეშე (არასანქცირებული ჩართვა), უსარგებლია იმავე სასტუმროში მცხოვრებ ვინმე იმედაშვილს (ტელ: 22 12 06 და 22 12 01). სატელეფონო საუბრები ნაწარმოებია გვიან ღამით. ვინაიდან მოქალაქე გოგობერიშვილი უარყოფს მის მიერ აღნიშნული საუბრების განხორციელებას, სს ,,გლობალ ერთის’’ წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ იმედაშვილის მიერ ადგილი აქვს გოგობერიშვილის სატელეფონო ხაზის უნებართვოდ გამოყენებას, სს ,,გლობალ ერთის’’ მტკიცებით, ამ ვარაუდის დასადასტურებლად, აუცილებელია სატელეფონო ხაზის არასანქცირებული გამოყენების ფაქტზე შესაბამისი მოკვლევის ჩატარება, რაც მხოლოდ და მხოლოდ სს ,,საქართველოს ელექტროკავშირის’’ კომპეტენციაა და სს ,,გლობალ ერთი’’ არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს ან გააკონტროლოს სხვა, მასთან ურთიერთჩართული ოპერატორის ადგილობრივი სააბონენტო ხაზების ტექნიკური მდგომარეობა.
კომისის აღნიშნავს, რომ ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურების მოქმედი წესები და მეთოდები მოსაწესრიგებელია. მომხმარებელს უნდა გააჩნდეს დამატებითი დაცვის მექანიზმის მოთხოვნის უფლება, ამავე დროს, აბონენტს საქმე უნდა ჰქონდეს ერთ სუბიექტთან, ანუ იმასთან, ვისთანაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და მას არ უნდა სჭირდებოდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა ოპერატორთან საკითხის გარკვევა. ერთის მხრივ, ოპერატორსა და მომხმარებელს შორის, ხოლო მეორეს მხრივ, ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა არეგულირებდეს ყველა მსგავს ვითარებას.
კომისიას მიაჩნია, რომ ერთი ოპერატორის დავალიანების გამო მეორე ოპერატორის მიერ აბონენტის ტელეფონის გათიშვის – სრული სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის დამკვიდრებული პრაქტიკა, აშკარად ხელყოფს მომხმარებელთა უფლებებს. მომხმარებლისათვის სატელეფონო მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს კავშირგაბმულობის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის სატელეფონო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებისა (შემდგომში ,,ხელშეკრულება’’) და კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობის შესაბამისი ახალი სახელშეკრულებო ბაზის გაფორმების შემდეგ, მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ამ მომსახურების განმახორციელებელი კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ. ამასთან, როდესაც მომხმარებელი ასაჩივრებს მისთვის დარიცხული მომსახურების საფასურის კანონიერებას, ოპერატორმა უნდა გააგრძელოს მომსახურების გაწევა სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ასახოს და, შესაბამისად, აბონენტს განუმარტოს მის სატელეფონო ხაზში მესამე პირის მიერ არასანქცირებული ჩართვისა და ხაზის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვის შესაძლებლობის შესახებ. მხოლოდ ასეთი სახელშეკრულებო პირობების არსებობის შემთხვევაში, იქნება გამართლებული უნებართვოდ აბონენტის ხაზით სარგებლობით განხორციელებული ფასიანი ზარების საფასურის რისკის ოპერატორზე ან აბონენტზე გადატანა.
კომისია აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარების უმთავრესი მექანიზმი, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის ანგარიშსწორების საბანკო ქსელში (სისტემაში) მოქცევაა. საჭიროა კომპანიებს (ოპერატორებს) შორის დაიდოს შესაბამისი ხელშეკრულებები. დღეის მდგომარეობით კი, მსგავსი მარეგულირებელი დოკუმენტების არ არსებობის პირობებში, პასუხისმგებლობას იხსნის ყველა და ზარალდება მომხმარებელი. იმავე პრობლემის მომწესრიგებელი პუნქტი კომპანიასა და აბონენტს შორის დადებულ ხელსეკრულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე დროს, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას პრაქტიკა, როდესაც მომხმარებელი ხელშეკრულებებს აფორმებს როგორც ფიქსირებული ქსელის ოპერატორებთან, ასევე საერთაშორისო მომსახურების ოპერატორებთან, რაც ამცირებს მსგავსი შემთხვევების რისკს.
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და მეორე ოპერატორს შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმდ, აბონენტის გამორთვას სს ,,საქართველოს ელექტროკავშირი’’ ახორციელებს მეორე ოპერატორის, ამ შემთხვევაში, სს ,,გლობალ ერთის’’ მომსახურების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ძალაშია შესული კომისიის მარეგულირებელი წესები, რომლის თანახმად, ყოველი კომპანია ვალდებულია შექმნას მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტური შიდა მექანიზმი და ყველა კომპანია ვალდებულია შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელ ო. გოგობერიშვილის საკითხის განხილვის პროცესში არ დადასტურდა, რომ სადავო მომსახურების საფასური გამოწვეულია მომხმარებლის ბრალით, ამასთან ის არ იყო ინფორმირებული საკაბელო-სახაზო მეურნეობის დაუცველობის თაობაზე. მომხმარებელი რეალურად დაზარალდა მიუღებელი მომსახურების საფასურის დაკისრებით და სადავო გადასახდელის გამო ტელეფონის გათიშვით.
კომისია აღნიშნავს, რომ არ შეიძლება სადავო საკითხის განხილვის პროცესში მომხმარებელს დაეკისროს სადავო საკითხის კანონიერებისა და საფუძვლიანობის დამტკიცება. მომხმარებელი არ არის ვალდებული გააჩნდეს საამისო ცოდნა და გამოცდილება, ხოლო ოპერატორი, რომელსაც სათანადო კადრები და ტექნიკური საშუალებები გააჩნია, გაცილებით იოლად მოახერხებს დავის პროცესში დაამტკიცოს თავისი მოსაზრების მართებულობა და სისწორე. ამასთან, თუკი ოპერატორები ერთმანეთს ქმედით დახმარებას გაუწევენ მტკიცებულებათა მოპოვების და წარდგენის პროცესში, ეს გაცილებით გაამარტივებს და ცხადს გახდის სადავო საკითხის ტექნიკურ-სამართლებრივ ნაწილს, რაც დავის სწორად და სამართლიანად გადაწყვეტის აუცილებელი პირობაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 341 მუხლის, ‘’კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ‘’ლ’’ ქვეპუნქტისა და ‘’დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 და მე-151 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. რეკომენდაცია მიეცეს სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს’’ აღუდგინოს სატელეფონო მომსახურება აბონენტ ო. გოგობერიშვილს. ოპერატორის მიერ ამა წლის ტელეფონის გათიშვის პერიოდში მომხმარებლის მიერ გადახდილი სააბონენტო გადასახადი ჩაუთვალოს მიმდინარე წლისშემდეგი თვეების სააბონენტო გადასახადში;
2. რეკომენდაცია მიეცეს სს ,,გლობალ ერთს’’ შეუზღუდოს აბონენტ ო. გოგობერიშვილს საერთაშორისო კოდით 8-18 მომსახურების მიღების შესაძლებლობა;
3. რეკომენდაცია მიეცეს სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და სს ‘’გლობალ ერთს’’ გააფორმონ ხელშეკრულება ადგილობრივი სატელეფინო კავშირის ოპერატორებთან მომხმარებლის მიერ გადაუხდელი და/ან სადავო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის ან შეზღუდვის პირობების შესახებ არა უგვიანეს 2004 წლის 10 იანვრისა;
4. მტკიცებულების მოპოვებისა და წარდგენის მიზნით სს ,,საქართველოს ელექტროკავშირმა’’ და სს ,,გლობალ ერთმა’’ ითანამშრომლონ მომხმარებელისათვის დაკისრებული მომსახურების საფასურის კანონიერების შესახებ დავის პროცესში;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს აბონენტ ო. გოგობერიშვილს, სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და სს ‘’გლობალ ერთს’’.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ, თბილისი, რობაქიძის გამზ., 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელოს მომხმარებელთა უფლებების დამცველმა (ლ. მუხაშავრია.)
კომისიის თავჯდომარე ვ. აბაშიძე
