გადაწყვეტილება N 574 მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების - თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომისიას განცხადებით (N157 14.10.2003) მიმართა შპს ტექნო-მედიამ„, ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. გორსა და ქ. ზუგდიდში აღნიშნული მომსახურებისათვის გამოეყოს 7 სამუშაო სიხშირე. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საკონკურსო პირობების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, გამოცხადდეს კომერციული კონკურსი და შპს ტექნო-მედიას„ წარმოდგენილ განაცხადში აღნიშნულ ქალაქებს და შესაბამის სიხშირეებს დაემატოს: ქ. ფოთი -2485 მგჰც, ქ. თელავი - 2485 მგჰც და ქ. ქუთაისი -3930 მგჰც.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე„ N2 დადგენილების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად;
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით;
ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება ქ. თბილისში - 3930 მგჰც, 4030 მგჰც, 4110 მგჰც და 4190 მგჰც, ქ. ზუგდიდში - 2485 მგჰც, ქ. ბათუმში - 2485 მგჰც, ქ. ქუთაისში -2485 მგჰც და 3930 მგჰც, ქ. გორში - 2485 მგჰც, ქ. ფოთში -2485 მგჰც და ქ. თელავში - 2485 მგჰც და სიხშირითა და 1 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;
2. კონკურსი ჩატარდეს 2004 წლის 6 თებერვალს, 16 საათზე;
3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2003 წლის 10 ნოემბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათამდე;
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 2793.36 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი ლარითა და ოცდათქვსმეტი თეთრით) ლარით;
5. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გადახდა მოხდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
6. კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;
7. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;
8. კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
9. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების პროცესში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით და ლიცენზიით დადგენილი წესები და პირობები;
10. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
სხდომის თავმჯდომარე,
კომისიის წევრი კ. პოპიაშვილი
