წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 580 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 9 თვის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

ნომერი: 580 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2003 წლის 9 თვის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 9 თვის კომისიის მთლიანმა დარიცხულმა შემოსავალმა 2,385,205.95 ლარი შეადგინა. მათ შორის: ლიცენზირებული ოპერატორების მიერ დარიცხულმა რეგულირების საფასურმა - 1,577,947.90 ლარი, სალიცენზიო გადასახდელმა (20%-ის სახით) – 807,258.05 ლარი, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში (შემდგომში „ხაზინა„) გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხულმა უნივერსალური მომსახურების ფონდის შემოსავალმა შეადგინა 250,412.31 ლარი. 2003 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის (გადაწყვეტილება N 271/17, 19.07.2002 წ.) წლიური გეგმის მიხედვით მ/წლის 9 თვეში შემოსავლების მიღება დაიგეგმა 1,530,320.00 ლარის ოდენობით. ფაქტიურად დარიცხულმა შემოსავლებმა დაგეგმილს 854,885.95 ლარით გადააჭარბა (55,86%).

2003 წლის 9 თვეში კომისიის მიერ გაწეულმა საოპერაციო დანახარჯებმა შეადგინა 1,622,241.24 ლარი, რაც 116,341.24 ლარით (7,73%-ით) მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებლებზე, რომელიც ძირითადად განაპირობა დამატებითმა ხარჯებმა ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში (ძირითადი საშუალებების შეძენა, კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი, ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები, მივლინების ხარჯები, კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურების ხარჯები,  წარმომადგენლობითი ხარჯები და მიმდინარე რემონტის ხარჯები).

აღსანიშნავია, რომ 9 თვის შედეგებით 2003 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში ასევე მიღებულია ეკონომიაც (საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები და შრომის ანაზღაურება).

კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების (N393/17, 08.11.2003 წ.) შესაბამისად განხორციელდა კომისიის აპარატში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, საინვენტარიზაციო ნომრების მინიჭება და აპარატის თანამშრომლებზე მათი განპიროვნება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. მინიმუმამდე შემცირდა არასრულყოფილი და ძველი ფაქტურების (რომლებიც არ არის შესაბამისობაში ქვეყანაში არსებულ პრაქტიკასთან) ბუღალტერიაში წარმოდგენისა და განაღდების შემთხვევბი. ფულადი სახსრების მიღება-გაცემისა და შიდა რისკების შესამცირებლად, აგრეთვე მინიმუმამდე შემცირდა მთავარ ბუღალტერზე საქვეანგარიშგებოდ გაცემული თანხების კონტროლი მათი დროულად დასაქონლებისა და დაბრუნების კუთხით. კომისიის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ტალონებით მომარაგება და მათი გაცემა ხდება მხოლოდ სამეურნეო სამსახურის მიერ. მომზადებულია დასამტკიცებლად კომისიის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი „კომისიის აპარატის ქონებაზე მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრის და ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ„, რითაც განისაზღვრება აპარატში მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა წრე (საქვეანგარიშო თანხების გაცემაზე, მატერიალური საშუალებების შეძენაზე  და სხვა). დღეისათვის კომისიის სამეურნეო საკითხების ორგანიზებას აწარმოებს მხოლოდ სამეურნეო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია შეაფასოს და უზრუნველყოს აპარატის სამსახურების მოთხოვნა ძირითად საშუალებებზე, მასალებზე, საკანცელარიო საქონელზე და სხვა, აწარმოებს შესაბამის აღრიცხვას და ანგარიშგებას წარუდგენს აპარატის ბუღალტერიას. კომისიის აპარატის მუშაკთა ავადმყოფობის შემთხვევაში მხოლოდ ბიულეტენის წარმოდგენის საფუძველზე ხდება მათზე გასაცემი თანხების გაანგარიშება, ხოლო მივლინების თანხების გაცემა კომისიის თავმჯდომარის სათანადო ბრძანების გაფორმების შემდგომ. ა/წლის 11 ნოემბერს ჩატარებული სალაროს მოულოდნელი საკონტროლო შემოწმებისას სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი სრულად შეესატყვისებოდა საბუღალტრო მონაცემებს (შემოწმების აქტი თან ერთვის).

2003 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით ხაზინაში გახსნილ სპეცილურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობამ შეადგინა 385,030.22 ლარი (მათ შორის 2003 წელს 268,963.02 ლარი). ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელების ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის გრაფიკის დარღვევას. ა/წლის 10 ნოემბრისათვის დავალიანებამ შეადგინა 13,350.02 ლარი (შპს „ახმეტა ტვ 1„ – 198.04 ლარი, შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„ – 3,982.51 ლარი, შპს  „მვ„ – 155.26 ლარი, შპს „რიონი„ – 3,927.38 ლარი, შპს „გურია„ – 1,668.71  ლარი, შპს „ჯიხა„ – 513.45 ლარი, შპს „იმერეთი 2000„ – 2,310.53 ლარი და შპს „გვირგვინი„ – 594.14 ლარი). აქვე აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ხაზინაში ჩასარიცხი საორიენტაციო თანხა ა/წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 185,578.60 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ხშირია ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიისაგან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენა, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას. როგორც კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, ლიცენზიის მფლობელ 4 კომპანიას (შპს „ეკომი„, შპს „აისი„, შპს „თვალი„, შპს TV-33„) ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში შემოსავლები არ ჰქონია ანუ პრაქტიკული საქმიანობა არ უწარმოებია. ლიცენზიის მფლობელ 28 კომპანიას ბოლო 3-10 თვის განმავლობაში, ხოლო 23 კომპანიას საერთოდ არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2003 წლის 9 თვეში გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 1,577,947.90 ლარი, ხოლო დავალიანებამ 2003 წლის 10 ნოემბრისათვის – 1,044,162.52 ლარი, რომელიც ირიცხებოდა 55 ლიცენზიის მფლობელ კომპანიაზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა 1,041,961.92 ლარი (99.78%) ლიცენზიის 24 მფლობელზე ნაწილდება.

         კომისია აღინიშნავს, რომ ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული კანონით მისთვის მინიჭებული ადმინისტრირების ბერკეტები და საჭიროდ მიაჩნია გამკაცრდეს მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელთა მიმართ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროული წარმოდგენისა და დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით. ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანების მქონე კომპანიებს ა/წლის 7 ოქტომბერს დაეგზავნათ სათანადო გამაფრთხილებელი შეტყობინებები, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო.

მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ნორმალური და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიის მიერ დამტკიცებულ (N394/17, 08.08.2003 წ.), 2004 წლის კომისიის ბიუჯეტში ასახულია კომისიის შემდგომი გამართული მუშაობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომისიის შემდგომი სტაბილური ფუნქციონირება.

   საანგარიშო პერიოდში შეიქმნა ფინანსური რეზერვების ფონდი 494,478.51 ლარის და პრემირების ფონდი 494,478.51 ლარის ოდენობით. 2004 წელს გათვალისწინებულია ფინანსური რეზერვების ფონდიდან სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიების პირობების დაცვისა და ზედამხედველობისათვის სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შეძენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტ:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის უფროსის ი. ხარებავას  ინფორმაცია  კომისიის 2003 წლის 9 თვის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ;

2. დამტკიცდეს 2003 წლის 9 თვის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:

    ა) დარიცხული შემოსავლები                         - 2,635,618.26 ლარი;

    ბ) საოპერაციო ხარჯები                                - 1,622,241.24 ლარი;     

    გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები -  115,369.68 ლარი;   

    დ) პრემირების ფონდი                                   -   494,478.51 ლარი;      

    ე) ფინანსური რეზერვის ფონდი                     -   494,478.51 ლარი.

3. დამტკიცდეს 2003 წლის 9 თვის კომისიის შემოსავლები 2,635,618.26 ლარის, ხოლო ხარჯები – 1,622,241.24 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის (თ. ძაგნიძე) და  ტექნიკურ                         (მ. გოთოშია) სამსახურებს სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე და ყოველკვარტალურად წარმოადგინონ შესაბამისი ინფორმაციები;

5. დაევალოს იურიდიულ (გ. გოგელია) სამსახურს აპარატის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმის წარმოების დაწყება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის მთავარ ბუღალტერს (ი. აბულაძე):

ა) გაამკაცროს კონტროლი ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე და კომისიის ა/ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობაზე კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს კომისიის N1 გადაწყვეტილებით (01.2000 წ.) დამტკიცებული დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრი გამოყენებაზე კონტროლი;

გ) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის აპარატის ანგარიშვალდებულ პირთა მიერ მათზე გაცემული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად წარდგენა;

დ) გაამკაცროს კონტროლი საქვეანგარიშგებოდ გაცემული თანხების დროული დასაქონლებისა და დაბრუნების კუთხით;

ე) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მიმდინარეობა;

ვ) სისტემატურად წარმოადგინოს აპარატის თათბირებზე ინფორმაციები: კომისიის ბიუჯეტის მუხლების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელის 80%-ის, კომისიის ა/ანგარიშზე 20%-ის და ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებელის ჩარიცხვის თაობაზე; ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დროულად წარმოდგენისა და შესაბამისი თანხების კომისიის ა/ანგარიშზე ჩარიცხვის მდგომარეობის შესახებ;

7. დაევალოს სამეურნეო სამსახურს (ი. ლორია):

- აპარატის ბუღალტერიასთან (ი. აბულაძე) ერთად მოახდინოს მატერიალურ ფასეულობათა ყოველწლიური ინვენტარიზაცია 2004 წლის 31 იანვრამდე;

- უზრუნველყოს აპარატში არსებული ძირითადი საშუალებების განპიროვნება მუშაკებზე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით;

წარმოდგენილ იქნეს გასაფორმებლად კომისიის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი „კომისიის აპარატის ქონებაზე მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრის და ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ„ (საქვეანგარიშო თანხების გაცემაზე, ძირითადი საშუალებების მიმაგრებაზე და სხვა);

8. ეკონომიკური სამსახურის (გ. ბუთბაია), სამეურნეო სამსახურის (ი. ლორია) და აპარატის უფროსის (ი. ხარებავა) მიერ პერიოდულად მოხდეს სალაროს მოულოდნელი საკონტროლო შემოწმებები;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის უფროსს                      (ი. ხარებავა).

                    

სხდომის თავმჯდომარე

                     კომისიის წევრი                                                         დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები