გადაწყვეტილება N 595 შპს “კომპიუტერ ლენდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2003
შპს „კომპიუტერ ლენდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „კომპიუტერ ლენდმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 13 თებერვლის N 1/4-1312 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N288, 16.10.03.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს კომპიუტერ ლენდის„ საქმიანობის საგანს წარმოადგენს დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული ლიფტების მონტაჟი, რემონტი და საექსპლუატაციო მომსახურება. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს საწარმოს სარემონტო და ავარიულ ჯგუფებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს კომპიუტერ ლენდს„ 151.675 მგჰც და 157.525 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „კომპიუტერ ლენდისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს „კომპიუტერ ლენდმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კომპიუტერ ლენდისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
