წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 132 დავაზე ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა“ და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ

ნომერი: 132 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

დავაზე ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა„ და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველს შორის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 23 ივნისს კომისიას საჩივრით მიმართა სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავის ფილიალის მომხმარებელთა ჯგუფმა ახალ ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების 50 ლარიანი ტარიფის დაკისრების თაობაზე, აგრეთვე „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელმა„ ტარიფის დაკისრების კანონიერებისა და  მისი ეკონომიკური გაანგარიშების სისწორის თაობაზე (2003 წლის 16 და 25 ივლისის წერილები).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას, ასევე, მიმართეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ი.ხარატიშვილმა (წერილი N2/009-03 4.07.2003), რომელიც ითხოვს რეაგირებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნ. ბურჯანაძის სახელზე შესულ ქ. თელავის მოსახლეობის კოლექტიურ განცხადებაზე; საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (წერილი N5-2/2-6 15.01.2004) და საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ (წერილი N10-1/35 30.12.2003).

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ სქართველოს კანონის  მე-13 მუხლის თანახმად, კომისიამ წარმოებაში მიიღო და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით დაიწყო ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს შორის დავის განხილვა, რომელშიც მომხმარებელთა მხარეს ჩაერთნენ „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელი„ და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი (შემდგომში მომხმარებელთა უფლებების დამცველი).

კომისიამ 2003 წლის 4 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება N564/16 „ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავის აბონენტებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა„ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველსა და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის დავის განხილვის„ დღის დანიშვნის შესახებ.

 2004 წლის  6 მარტს გაიმართა დავის განხილვა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დამცველმა სადაო გახადა სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშება და დასაბუთებულობა, აგრეთვე სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებული „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერება. ამასთან, აღნიშნა, რომ ამავე საკითხზე კომისიაში შემოსულია შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების ოფისის თავმჯდომარის ბიძინა სამნიაშვილისა (წერილი N2-114,/21.10.2003) და ქ. გორის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ზ. ტიელიძის (წერილები N2-11/20.10.03. და N6/621-03,/18.12.03.) განცხადებები.

მომხმარებელთა უფლებების დამცველი სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებული „აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის„ 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს: „სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ კომისიას 2003 წლის იანვარში წარმოუდგინა „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის გაანგარიშების რამოდენიმე ვარიანტი: ერთ შემთხვევაში 50-33 ლარის ოდენობით, ხოლო მოგვიანებით - 49.94 ლარის ოდენობით. კომისიის 2003 წლის 4 ნოემბრის N564/16 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ დამატებით წარმოადგინა შპს „ვიკ-2003„-ის მუშა პროექტი, რომლის ობიექტია: ლოკალური ხარჯთაღრიცხვა 100 ნომრის გადართვაზე (ნიმუში), სადაც მთლიანი ხარჯთაღრიცხვა 100 ნომერზე შეადგენს 3054.95 ლარს და რომლის საფუძველზეც გაკეთდა არაელექტრონული ასს-დან ციფრულ ასს-ში აბონენტის გადართვის ტარიფის გაანგარიშება 49.42 ლარის ოდენობით. სამივე დოკუმენტი ერთმანეთისაგან განსხვავდება შესრულებული სამუშაოსა და მასალების ჩამონათვალით, მასალების ოდენობისა და ღირებულების მაჩვენებლებით და გაანგარიშების საბოლოო ციფრით, რის გამოც „დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ სატელეფონო ასს-ზე გადართვის„ 50 ლარიანი ტარიფის გაანგარიშების სისწორის დასადგენად მომხმარებელთა უფლებების დამცველმა მიმართა დამოუკიდებელ სპეციალისტს მ. სუალბერიძეს, რომლის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით, გადართვის სამუშაოთა გაანგარიშება შეადგენს 15.11 ლარს.„

მომხმარებელთა უფლებების დამცველი სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებული „აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის„ 50 ლარიანი ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს: „სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტთა საჩივრებში მითითებულია, რომ ქ. თელავში ახალ ციფრულ ასს-ზე გადართვა სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ განახორციელა მომხმარებელთა გაუფრთხილებლად, ყოველგვარი შეთავაზების გარეშე, რის შემდეგაც პოსტ-ფაქტუმ დაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც აბონენტებს „მეურნე სუბიექტი„ – ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირი„ სთავაზობს ციფრულ ასს-ზე გადართვის მომსახურებას, შესაბამისი ტარიფის მითითებით და ახალი ციფრული ასს-ს მეშვეობით მომსახურების გაწევას, „ციფრულ ასს-ზე გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„ თანდართული ხელშეკრულების შესაბამისად. შეტყობინებაში სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ აბონენტებს აფრთხილებს: „შემოთავაზებულ წინადადებაზე თქვენს მიერ თანხმობის განუცხადებლობისა და ხელშეკრულების ხელმოწერით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, გეძლევათ არჩევანის საშუალება – სატელეფონო მომსახურებაზე თქვენზე რიცხული დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ უფლებამოსილი ბრძანდებით შეწყვიტოთ „თელავის ელექტროკავშირთან„ ურთიერთობა და ისარგებლოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სატელეფონო კომპანიის მომსახურებით„. აღნიშნული ქმედებებით სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ დაარღვია „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად: „დამამზადებლი (გამყიდველი) ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევანის შესაძლებლობას„. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებს რომ ჰქონოდათ უტყუარი და სრული ინფორმაცია ახალ ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის თაობაზე, მაშინ ისინი გააკეთებდნენ მისთვის სასურველ არჩევანს: ისარგებლებდნენ ახალი ციფრული (ელექტრონული) ასს-ს მომსახურებით, ან დარჩებოდნენ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მოქმედი დეკადურ-ბიჯური ასს-ს აბონენტებად. მიუხედავად იმისა, რომ „ციფრულ ასს-ზე გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„ ხელშეკრულებები სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებს შორის დადებულია, თანახმად „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა: „შემსრულებელს არა აქვს ზუსტ ხარჯთა ნუსხაში გაუთვალისწინებელ  სამუშაოთა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ მათ შესრულებაზე არ ჰქონია შემკვეთის თანხმობა ან დავალება. თუ წარმოიშვა ხარჯების გადასინჯვის აუცილებლობა, შემსრულებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, აანაზღაუროს შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯები განსაზღვრული ხარჯთა ნუსხის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შემსრულებელმა არ გააფრთხილა მომხმარებელი ხარჯების მოსალოდნელი გადიდების შესახებ, იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო ხარჯთა ნუსხით გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე„. სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ დაარღვია გარიგების დადებისათვის აუცილებელი არსებითი პირობები, რის გამოც უნდა ჩაითვალოს, რომ „გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„ ხელშეკრულება სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მის აბონენტებს შორის დადებული არ არის. შესაბამისად, არც ზემოაღნიშნული ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების საფუძველი არსებობს.„

მომხმარებელთა უფლებების დამცველი დამატებით აღნიშნავს: „სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში’’ გათვალისწინებული „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფი უნდა აკმაყოფილებდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული„. სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვა ქ. თბილისში განახორციელა აბონენტებისათვის  ზემოაღნიშნული ტარიფის დაკისრების გარეშე, ქ. თელავში, ქ. გორში, ქ. ხაშურში და ქ. სენაკში მცხოვრები აბონენტებისაგან განსხვავებით, რაც ადასტურებს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის „ მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ტარიფის დისკრიმინაციული გამოყენება„.

სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. კანკავა დავაზე წარმოდგენილ  2004 წლის 16 თებერვლის  N14-4-25 წერილში აღნიშნავს, რომ  „სს „საქართველოს ელექტროკავშირში„ მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, როგორც თბილისში, ისე ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. 2003 წელს ქ. თელავში ექსპლოატაციაში გაიშვა ახალი დამატებითი სიმძლავრეები, კერძოდ 6000 ნომერზე ამოქმედდა ახალი ციფრული სატელეფონო სადგური. ამასთან, ქ. თელავში პარალელურად მუშაობს  დეკადურ-ბიჯური სისტემის სატელეფონო სადგურიც. მომხმარებლებს აქვთ არჩევანის საშუალება: დარჩნენ ძველი ასს-ს აბონენტად, ან გადაიხადონ ახალ ციფრულ ასს-ზე გადართვის დადგენილი ტარიფი და გახდნენ თანამედროვე ციფრული სადგურის აბონენტები. დღეისათვის ქ. თელავის ციფრული ასს-ს მომსახურებით სარგებლობს 3827 აბონენტი. ყველა მათგანის გადართვა ციფრულ ასს-ზე განხორციელდა მათივე განცხადებების საფუძველზე, რის შემდეგაც თითოეულთან გაფორმდა  „გადართვისა და შემდგომი მომსახურების„ შესახებ ხელშეკრულებები. რაც შეეხება სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში განთავსებულ დეკადურ-ბიჯურ ასს-ს, მის აბონენტებად დარჩა 73 მომხმარებელი. აღნიშნული ასს გამართულად მუშაობს, რასაც ადასტურებს კომისიისა და მასთან მოქმედი მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მიერ შედგენილი „ადგილზე შემოწმების აქტი„. ახალ ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართულ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ არცერთ აბონენტს სს „საქართველოს ელექტროკავშირისათვის„, ან მისი ადგილობრივი ხელმძღვანელობისათვის საჩივრით არ მოუმართავთ. რაც შეეხება ქ. თბილისში 3-იანი და 51 ინდექსის ასს-ში განხორციელებულ ცვლილებებს, ავღნიშნავთ, რომ მოცემულ სადგურებში არ განხორციელებულა დამატებითი სიმძლავრის ამოქმედება, არამედ განხორციელდა ზემოაღნიშნული ასს-ბის ტექნიკური გადაიარაღება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ტექნიკურად შეუძლებელია ერთობლივად, ერთ ზონაში მოქმედებდეს 6000 ნომრიანი მოძველებული სისტემის სატელეფონო სადგური და პარალელურად იგივე ტევადობის ციფრული-ელექტრონული ასს. ქ. თბილისში სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტებს არ ეძლევათ დეკადურ-ბიჯური ან ელექტრონულ-ციფრული ასს-ბის მეშვეობით მომსახურების მიღების არჩევის შესაძლებლობა, ვინაიდან ხორციელდება დეკადურ-ბიჯური ასს-ის ტექნიკური გადაიარაღება. ამ დროს ძველი დეკადურ-ბიჯური ასს-ს აბონენტები ავტომატურად ერთვებიან ციფრულ-ელექტრონულ ასს-ს, რისთვისაც გადართვის ტარიფი ვერ დაეკისრებათ„.

          

კომისიამ შეისწავლა მოდავე მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი წერილები, განმარტებები, დასკვნები, სხვა დოკუმენტალური მტკიცებულები და გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ 2003  წლის 6 ივნისს ქ.თელავში ექსპლოატაციაში გაუშვა ახალი ელექტრონული (ციფრული) სატელეფონო სადგური, მისივე განმარტებით - დამატებითი ახალი სიმძლავრე მომსახურების სახეობებისა და აბონენტების (პორტების) რიცხვის ზრდის შესაძლებლობით (წერილები: N14-4/1-557/17.12.2003, N14-4-25/16.02.2004). ქ. თელავში სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტთა უმეტეს ნაწილთან (3827 აბონენტი), რომლებიც სარგებლობდნენ ამავე კომპანიის კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ების მომსახურებით სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ გააფორმა ხელშეკრულებები „გადართვისა და შემდგომი მომსახურების„ გაწევის თაობაზე, რომლის საგანსაც წარმოადგენს: „1.1. „მომხმარებლის„  ავტომატური სატელეფონო კავშირიდან გადართვა ციფრულ-ელექტრონულ სადგურზე და სატელეფონო მომსახურება„. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად აბონენტი ვალდებულებას იღებს „ხელშეკრულების გაფორმებისას გადაუხადოს მეურნე სუბიექტს ტელეფონის გადართვის ღირებულება 50 ლარის ოდენობით თანდართული გრაფიკის მიხედვით„, რაც გათვალისწინებულია სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის 2003 წლის 3 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში’’, როგორც გადართვის ტარიფი - 50 ლარი (პუნქტი 6.4);

2. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ქ. თელავში შენარჩუნებულია ძველი კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ებით მომსახურების შესაძლებლობა, რითაც სარგებლობს ქ. თელავში მცხოვრები  73 აბონენტი, მათ შორის 4 ორგანიზაცია და 69 ფიზიკური პირი, რომლებმაც უარი განაცხადეს ახალი ხელშეკრულებების გაფორმებაზე და დღესაც სარგებლობენ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ების მომსახურებით. 2004 წლის 11 თებერვლის კომისიის 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში განთავსებული კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური (ძველი) ასს-ების ფუნქციონირებისა და ამორტიზაციის ხარისხის ადგილზე შემოწმების საფუძველზე შედგა აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შემოწმების ჯგუფის წევრები: ბ. ჭიკაძე, ი. ჯეირანაშვილი, ა. შათირიშვილი, მ. გოთოშია, ლ. მუხაშავრია, ა. აბესაძე. გამორკვეულია, რომ ზემოაღნიშნული ასს-ების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემოწმების ჯგუფი ასკვნის, რომ „დეკადურ-ბიჯური სადგურის მუშაობა საკმაოდ საიმედოა და მისი შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა 1000-მდე აბონენტისათვის შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში„;

3. ახალ ციფრულ-ელექტრონულ ასს-ზე გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებათა გაფორმების შემდგომ, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში განთავსებული ციფრული ასს-ს აბონენტთა ნაწილმა (400-ზე მეტმა) გაასაჩივრა ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც ავტომატური სატელეფონო სადგურიდან ციფრულ-ელექტრონულ სადგურზე გადართვისათვის 50-ლარიანი ტარიფის გადახდა დაეკისრათ.  მათი განმარტებით, სს „საქართველოს ელექტროკავშირთან„ „მათთვის არასასურველ ხელშეკრულებას„ ხელი მოაწერეს იმის გამო, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ინფორმაცია შეიცავდა მცდარ განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათ საერთოდ შეუწყდებოდათ სატელეფონო მომსახურება;

4. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფების’’ 4.6 პუნქტის შესაბამისად, „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ მომსახურება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აბონენტის თხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფი უნდა შეესაბამებოდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებს, რომლის შესაბამისადაც:  „ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული;  უნდა ითვალისწინებდეს ადეკვატური შემოსავლის მიღებას ინვესტიციების მოსაზიდად და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად; ტარიფმა უნდა წაახალისოს ლიცენზიის მფლობელის შესაძლებლობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად;  სატარიფო სისტემა უნდა იყოს მარტივი და გასაგები;  დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიის მფლობელთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.„

მოდავე მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილის, დასკვნისა და დოკუმენტალური მტკიცებულების ყოველმხრივი და საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ, კომისიამ მიიჩნია, რომ ქ. თელავში ადგილი ჰქონდა სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ახალი დამატებითი სიმძლავრის გაშვებას, რომლის დროსაც სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ შეინარჩუნა ძველი კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ბი და მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა აირჩიონ კოორდინატული, დეკადურ-ბიჯური ასს-თ მომსახურება ან ციფრულ-ელექტრონული ასს-თ მომსახურება, რომელზეც „მეურნე-სუბიექტსა„ და მომხმარებელს შორის ფორმდება „გადართვისა და შემდგომი მომსახურების„  ხელშეკრულება.

ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ დავაზე თანდართული მასალები არასაკმარისია სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის, აგრეთვე, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებული „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხების გადასაწყვეტად, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევს დავაზე კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შექმნას იურისტების, ეკონომისტებისა და კავშირგაბმულობის სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა დაადგინოს: ერთი მხრივ -  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში’’ გათვალისწინებული „კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის, აგრეთვე, მისი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი; ხოლო მეორე მხრივ - სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებული „კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხი.

 

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ სქართველოს კანონის  მე-13 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ქ. თელავში გაშვებული ახალი დამატებითი სიმძლავრით მომსახურების გაწევისათვის შესაძლებელია დადგენილი იყოს კანონმდებლობის შესაბამისი სამართლიანი, გონივრული, ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფი, ხოლო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს „მომხმარებელთა უფლებების შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;

2. ს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის N01/01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში’’ გათვალისწინებული „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის, მისი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებთან შესაბამისობის, აგრეთვე, „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხების შესწავლისათვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით: მ. გოთოშია (კომისიის აპარატის ტექნიკური სამსახური), კ. ყურაშვილი (კომისიის აპარატის იურიდიული სამსახური), გ. ბუთბაია (კომისიის აპარატის ეკონომიკური სამსახური), თ. ჩხაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კავშირგაბმულობის ინჟინერი), გ. გაგნიძე (ეკონომისტი), კ. ხმელიძე (შპს „აუდიტ-კომპანი„-ს აუდიტორი),  ლ. ნადიბაიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი);

3. სამუშაო ჯგუფმა 20 დღის ვადაში შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხები და წარმოადგინოს სათანადო დასკვნა;

4. მიმართოს სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შეაჩეროს ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისაგან „კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ამოღება, დავაზე კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

      6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები