წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 149 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის და მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ

ნომერი: 149 / 20

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2004

მიღების თარიღი მარტი 30, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის და მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდეგში „კომისია„) 2004 წლის 30 მარტის სხდომაზე განიხილა 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემოწმების მასალები და „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების საკითხი.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საერთაშორისო კავშირის ოპერატორების, აგრეთვე სს „საქართველოს ელექტროკავშირის„, შპს „ახალი ქსელების„ და შპს „ახტელის„ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის  N5 დადგენილების, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში საერთაშორისო ტრაფიკთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, „სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილების, კომისიის თავმჯდომარის 2003 წლის 29 ივლისის N6/6 ბრძანების შესაბამისად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-6 თავის („კომისიის მიერ შემოწმების ჩატარებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ„) შესაბამისად, 2003 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე მოახდინა შპს „საქტელის„, სს „გლობალ ერთის„ და შპს „საქართველოს ტელეკომის„ შემოწმება. მითითებული კომპანიების ტრაფიკების სს „საქართველოს ელექტროკავშირში„ აღრიცხვის შესწავლის მიზნით განხორციელდა აგრეთვე სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ტრაფიკების მოცულობების შემოწმება ამ კომპანიებთან მიმართებით. შემოწმება განხორციელდა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად.

         სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული  შემოწმების აქტები ოპერატორი კომპანიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად დადგენილი წესით ა/წ 27 იანვარს გადაეცა  კომპანიებს (წერილი N09/99-04), რომლებმაც წერილობით წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები:  შპს „საქტელმა„ - წერილი N12/04 (29.01-2004წ) და წერილი N27/04 (4.03. 2004წ); სს „გლობალ ერთმა„ - წერილი N42 (6.02.2004წ) და წერილი N66 (4.03.2004წ), შპს „საქართველოს ტელეკომმა„ - წერილი N04-40 (29.01.2004წ) და N4-94 (17.02.2004წ); სს ,,გლობალ ერთმა’’ და შპს ,,საქართველოს ტელეკომმა’’ ერთობლივი წერილი N104 (16.03.2004წ).

         სამუშაო ჯგუფის წევრებსა და ოპერატორების წარმომადგენლების შეხვედრების დროს  განხორციელდა კომპანიების მიერ  წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათების შემოწმების აქტებთან შეჯერება, ხოლო 2004 წლის  3 თებერვალს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში გაიმართა სამუშაო თათბირი შემოწმებული კომპანიების, სხვა საერთაშორისო კავშირის კომპანიების და სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენლების მონაწილეობით  (თათბირის ოქმი N1).

შემოწმების შედეგად დადგინდა ულიცენზიოდ საქმიანობის, ლიცენზიით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის, კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების დარღვევის, კომპანიებში შემავალი საერთაშორისო ტრაფიკისა და კომპანიებს შორის არსებული ტრაფიკის აღურიცხაობის შემთხვევები. შემოწმებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან არც ერთი არ შეესაბამება „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მოთხოვნებს, კერძოდ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული არ არის: ოპერატორის მიერ გამოყენებული ურთიერთჩართვის ინტერფეისის დეტალური აღწერა; ტრაფიკის დამისამართებასთან დაკავშირებული საკითხები; ტრაფიკის წინასწარი შეფასების მეთოდიკა; სინქრონიზაციის უზრუნველყოფის პირობები; ძირითადი სიმძლავრე (არხების რაოდენობა) და ა.შ.

გამავალი და შემავალი ტრაფიკების მოცულობების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ერთი კომპანიის სადგურში  მეორე კოპანიის სადგურიდან შემავალი ზარები დაფიქსირებული არ არის მეორე კომპანიის ბილინგში და პირიქით;

 შემოწმებული  კომპანიები არ უზრუნველყოფენ საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, ადგილობრივი, სატრანზიტო ტრაფიკების შესახებ კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის N5 დადაგენილების მოთხოვნების შესრულებას და ყოველი თვის 20 რიცხვში გასულ საანგარიშო თვეში მოცემულ კომპანიიდან გამავალი და შემავალი ტრაფიკების და მიღებული შემოსავლების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას.

კომისიას მიაჩნია, რომ სატელეკომუნიკაციო ქსელში ტრაფიკების არასრულყოფილი აღრიცხვის ძირითად მიზეზს ქვეყნის უმსხვილესი ოპერატორის -  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აღრიცხვის (საბილინგო სისტემის) მოუწესრიგებლობა წარმოადგენს. პრობლემის მოგვარების აუცილებლობის საკითხი არაერთხელ იქნა დასმული  კომისიის მიერ თავად კომპანიის,   საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე. ნიშანდობლივია, რომ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ დავებს, უმთავრესად, სწორედ სს ,,საქართველოს ელექტოკავშირში’’ საბილინგო სისტემის არარსებობა იწვევს. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”,  სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს„ შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების შესწავლისა და განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო N650, 26.12.2003წ გადაწყვეტილება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ არ უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას და მისი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, კომისია ვალდებული იქნება დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საწარმოს დირექტორის მიმართ;

კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის, კომისიისა და დარგის წამყვანი სპეციალისტების წარმომადგენლების მონაწილეობით,  რომელთა მიერ წარმოდგენილი დასკვნა ადასტურებს ანგარიშსწორების პარამეტრების სრულყოფილი აღრიცხვის მიზნით აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის აუცილებლობას, ამასთან, სამუშაო ჯგუფი პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტულ წინადადებებს სთავაზობს სს „საქართველოს ელექტროკავშირს„.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ხელმძღვანელობის მიერ ნების გამომჟღავნებისა და აღრიცხვის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლიდან (განსაკუთრებით მარტის თვეში) საგრძნობლად გაიზარდა სს „საქართველოს ელექტროკავშირში„ დასრულებული საერთაშორისო გამოძახებების რაოდენობა. სამუშაო ჯგუფის შემოწმების შემდეგ პერიოდში გაუქმდა  ხელშეკრულებები იმ კომპანიებთან, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ სატელეფონო სადგურებთან მიერთებული იყვნენ ე.წ. გამოყოფილი ხაზებით, სარგებლობდნენ სერიული  ნომრებით. ამჟამად მიმდინარეობს ქსელის ტექნიკური გადაიარაღება და, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ხელმძღვანელობის განცხადებით, კომპანიას 1 ივლისისთვის ექნება სათანადო ტექნიკური საშუალებები  აწარმოოს მის ქსელში შემავალი და გამავალი გამოძახებების სრულყოფილი აღრიცხვა.

შემოწმების პროცესში და შემოწმების შემდეგ განვლილ პერიოდში შემოწმებული ოპერატორი კომპანიების მიერ, ასევე, განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა შემოწმების აქტში მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად. ამასთან, კომპანიებს შორის  საბილინგო მონაცემებს შორის არსებული სხვაობა ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც გამოწვეულია კომპანიებს შორის მონაცემების გაცვლის არაადეკვატური პირობებით და კომპანიების მიერ გაცვლილი ტრაფიკების მოცულობათა სხვაობაზე (ცთომილებაზე) საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი სტანდარტების არარსებობით. თუმცა, კომისიას აუცილებლად მიაჩნია აღნიშნოს მითითებულ კომპანიებში შემავალი და გამავალი ტრაფიკების ჯვარედინი შემოწმების ჩატარება მუშაობის პარალელურ რეჟიმში, ვინაიდან შემოწმების შედეგების და სხვა კომპანიებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი ადასტურებს აღურიცხავი ტრაფიკის და განხორციელებული ტრაფიკის ხელოვნურად შემცირების შესაძლებლობას. მიზანშეწონილია ოპერატორი კომპანიებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების, მეთოდური მითითებების შემუშავება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და მათთვის ისეთი პირობების დადგენა, რომელშიც ასახული იქნება ოპერატორების მიერ საბილინგო სისტემაში ინფორმაციის  (საინფორმაციო ბაზის) შენახვის, სისტემიდან ინფორმაციის  ამოღების წესები და ვადები, ურთიერთშედარების აქტების გაფორმების ვადები, ტრაფიკების წინასწარი შეფასების საკითხები და ა. შ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე დაისვა საკითხი ტრაფიკის მიმოქცევის სრულყოფილად შესწავლის, მკაცრი კონტროლის დაწესების აუცილებლობის  და  ამ  მიზნით  მონიტორინგის  ჯგუფის (კომისიის

აპარატის თანამშრომლების და კავშირგაბმულობის ოპერატორების წარმომადგენლების მონაწილეობით) შექმნის შესახებ.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქტელის„ N1291 და N1292 ლიცენზიების გაუქმების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს შპს „კორნიქს ვენჩურეს„ ლიცენზიის გარეშე საქმიანობის  საკითხის შესწავლა;

3. წინადადება მიეცეს შპს \\\"საქტელს„  შეწყვიტოს „კორნიქს ვენჩურესთან„ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;

4. უზრუნველყოს  შპს „საქტელმა„, სს „გლობალ ერთმა„ და შპს „საქართველოს ტელეკომმა„ შემოწმების აქტებში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების კომისიის  2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს (რ.სვანიძე) შპს „ჯეოსელის„  და შპს „გუდვილკომის„ შემოწმება;

6. „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის   N5 დადგენილების მოთხოვნების დაცვის  უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი კომისიის აპარატის თანამშრომლებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორების წარმომადგენლების მონაწილეობით.

7. მონიტორინგის ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის აპარატის შემდეგი თანამშრომლები:

1. გ.ბუთბია (ეკონომიკური სამსახურის უფროსი);

2. გ.გიორგაძე (ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტი);

3. მ.გოთოშია (ტექნიკური სამსახურის უფროსი);

4. დ.ქუთათელაძე (ტექნიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტი);

5. ე.ასანიძე (იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი).

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელობა დაევალოს ე.ასანიძეს.

8. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნები და არსებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

9. ეთხოვოთ კავშირგაბმულობის ოპერატორებს მონიტორინგის ჯგუფთან თანამშრომლობისათვის გამოყონ კომპანიის პასუხისმგებელი პირები;

10. უზრუნველყონ საერთაშორისო კავშირის ოპერატორებმა ყოველი თვის 20 რიცხვამდე კომისიაში შემდეგი ინფორმაციის და მასალების წარმოდგენა:

ა) საერთაშორისო საუბრების დეტალური ჩანაწერი, რომელიც უნდა შეიცავდეს მისი კუთვნილი სატელეფონო სადგურის გავლით განხორციელებულ ყველა ზარის შემდეგ მონაცემებს: ზარის ტიპი (საორიგინაციო, სატერმინაციო, სატრანზიტო), შემომავალი ზარის აღმძვრელი ოპერატორის დასახელება, საუბრის დაწყების ზუსტი დრო ადგილობრივი დროით, ხანგრძლივობა წამის სიზუსტით. ჩანაწერი წარმოდგენილი უნდა იქნეს მაგნიტურ მატარებელზე (CD) 2 ეგზემპლარად;

ბ) 2004 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად საანგარიშო თვის გასვლიდან არაუმეტეს 60 დღის განმავლობაში საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებული ყველა ფინანსური დოკუმენტის ასლი;

11. მონიტორინგის ჯგუფმა შეიმუშაოს და წარმოადგინოს რეკომენდაციები და მეთოდური მითითებები, რომელშიც ასახული იქნება ოპერატორების მიერ საბილინგო სისტემაში ინფორმაციის  (საინფორმაციო ბაზის) შენახვის, სისტემიდან ინფორმაციის  ამოღების წესი და ვადები, საბილინგო სისტემასთან დაკავშირებული პროცედურები, ურთიერთშედარების აქტების გაფორმების ვადები, ტრაფიკების წინასწარი შეფასების საკითხები და ა.შ.

12. ეთხოვოს ქსელის მფლობელ ოპერატორებს სს „საქართველოს ელექტროკავშირს„, შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„, შპს „მაგთიკომს„, შპს „ჯეოსელს„, შპს „მეგაკომს„ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ მონიტორინგის ჯგუფთან თანამშრომლობა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების, ჯვარედინი შემოწმების ჩატარების და სატესტო ზარების განხორციელების გზით;

13. საერთაშორისო ოპერატორების მიერ გადაწყვეტილების მე-10 პუნქტში გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია დაიწყებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448 მუხლის საფუძველზე და ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის საფუძველზე.

14. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ი.ხარებავას.

კომისიის თავმჯდომარე:                                       ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები