გადაწყვეტილება N 164 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004
მიღების თარიღი აპრილი 08, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების - თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში (1710-1880 მგჰც თავისუფალ სიხშირულ რესურსზე) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს მაგთიკომის„ (N162 4.09.2003) განცხადების საფუძველზე 2003 წლის 10 ოქტომბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N515/10 ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„. გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 13 თებერვლის 16:00 საათით, ხოლო ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღებისათვის 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში 2003 წლის 12 დეკემბრის კომისიის N621 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილებები: კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 16 აპრილი, 16:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად 2004 წლის 13 თებერვალი, 17:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ასევე ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე. ამასთან, ინტერნეტში კომისიის გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაშვებული იქნა ტექნიკური უზუსტობა: საკონკურსო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად ნაცვლად 2004 წლის 13 თებერვლისა, მითითებული იყო - 2004 წლის 12 მარტი. აღნიშნული უზუსტობა გამოვლენისთანავე გასწორდა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შემოიტანა მხოლოდ შპს მაგთიკომმა„ (შემოსვლის N11/002-04, 2004 წლის 15 იანვარი).
აღსანიშნავია, რომ ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი რამოდენიმე, მათ შორის უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა. კომისიაში შედგა შეხვედრები დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებმაც, საკონკურსო განცხადებებისა და თანდასართავი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელება მოითხოვეს (კომისიაში შემოსულია ოფიციალური წერილი აღნიშნული მოთხოვნითა და შესაბამისი არგუმენტაციით).
მოქმედი კანონმდებლობისა და ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილების მე-17 და მე-18 პუნქტების შესაბამისად, კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება და საინფორმაციო უზრუნველყოფა კონკურსის ჩატარების სავალდებულო მოთხოვნა და ერთ-ერთი წინაპირობაა. კომისიის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე დაშვებული ტექნიკური უზუსტობა გამოვლენისთანავე შესწორდა, აღნიშნული გარემოება დაინტერესებული პირებისათვის, შესაძლებელია, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლებით სარგებლობის შემაფერხებელი ფაქტორი გამხდარიყო.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს წინაპირობების შექმნა და მისი გავნითარების ხელისშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, კომისია ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ე. წ. მესამე თაობის სისტემების გამოყენებით მომსახურების ახალი სახეების საქართველოში დანერგვის საკითხით დაინტერესება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ამოწურვადი სიხშირული რესურსის ეფექტური დაგეგმარების, მისი ოპტიმალური განაწილებისა და მართვის სტრატეგიული (სამოქმედო) გეგმის შემუშავება, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
კონკურენტუნარიანი გარემოს წინაპირობების უზრუნველყოფის, აგრეთვე, ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ინფორმაციული უზრუნველყოფის სავალდებულო მოთხოვნის შესრულების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 362-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში და მისი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. კონკურსი ჩატარდეს 2004 წლის 12 ნოემბერს, 12:00 საათზე„;
2. შევიდეს ცვლილება ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში და ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს - 2004 წლის 16 სექტემბრის 17:00 საათი.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია), სიხშირეთა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე), ეკონომიკურ სამსახურს (გ. ბუთბაია), საკონსულტაციო საბჭოს (რ. სვანიძე), კავშირგაბმულობის დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ამოწურვადი სიხშირული რესურსის ეფექტური დაგეგმარების, მისი ოპტიმალური განაწილებისა და მართვის სტრატეგიული (სამოქმედო) გეგმის შემუშავება და კომისიისათვის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ. რატიშვილი) უზრუნველყოს კომისიის ამ გადაწყვეტილების:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;
ბ) ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
გ) დაინტერესებული პირებისათვის დაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
